გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ჭადრაკის ლოგიკა და მკვლავჭიდის ძალა“ _ ბსუ-ს ერთი სტუდენტის ორმაგი გამარჯვება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის  სპეციალობის სტუდენტი,  საქართველოს ვიცე ჩემპიონი და პრიზიორი - ანა მგელაძე, მიმდინარე წელს ბულგარეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში, მესამე ადგილის მფლობელი გახდა. მომავალი ფილოსოფოსი ამბობს, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევს. ამავდროულად, ცდილობს, რომ პრესტიჟული ტურნირებისთვის ღირსეულად მოემზადოს და ქვეყანა წარმოაჩინოს.

_ ანა, დავიწყოთ მომავალი პროფესიით  _რატომ აირჩიე  ბსუ-ში ფილოსოფიის სპეციალობა?

_ ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა: ან სპორტის მიმართულება მინდოდა, ან კიდევ - ფილოსოფია. საბოლოოდ ყველაფერი ისე აეწყო, რომ აქ დავრჩი.

_ შეგიძლია მოგვიყვე, როდიდან დაინტერესდი სპორტის სახეობებით _ ჭადრაკითა და მკლავჭიდით?

_ ჭადრაკით ჯერ კიდევ ბავშვობაში დავინტერესდი სკოლაში. მიმიზიდა თამაშის არსმა - როგორ შეეძლო ადამიანს ფიზიკური კონტაქტის გარეშე ებრძოლა. მკლავჭიდით უკვე ზრდასრული დავინტერესდი. ის ჩემს ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით, სამსახურში გამოჩნდა... ინფორმაცია ერთ-ერთმა სპორტსმენმა მოგვაწოდა, რომ არსებობდა ასეთი სპორტი - პარა მკლავჭიდი. ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ მეცადა. მეც ვცადე...

_ ფილოსოფია, ჭადრაკი, მკლავჭიდი… შემს მრავალმხრივ ინტერესებზე,  რას ამბობენ შენივე მეგობრები?

_ უხარიათ ჩემი წარმატებები და ამაყობენ ყველა გამარჯვებით.

_ ჭადრაკი ტრადიციულად ითვლება დიდ ინტელექტუალურ სპორტად. როგორ შეიტანე ჭადრაკი ყოველდღიურობაში?

_ ჭადრაკის თამაში დავიწყე ისეთ ასაკში, რომ მსგავსი დეტალები არ მახსოვს.

_ რა იყო ის გადამწყვეტი მომენტი, როცა მიხვდი, რომ შეგეძლო საქართველოს ჩემპიონი გამხდარიყავი?

_სპორტში ცოდნის შემოწმების ერთ-ერთი გზა ტურნირებია. უბრალოდ მიყვარს ტურნირებზე თამაში და ვთამაშობ.

_  ჭადრაკის რომელი დიდოსტატით ხარ შთაგონებული?

_ ძალიან მომწონს ტალის პარტიები. მისი ყველა პარტია გამორჩეულია, რადგან განსხვავებული სტილის მოთამაშეა.

_ ჭადრაკი ბევრისთვის მეტაფორაა. ხედავ მსგავსებას ჭადრაკის სტრატეგიასა და ცხოვრების სტრატეგიებს შორის?

   _  რა თქმა უნდა.  ცხოვრებასა და ჭადრაკშიც, სანამ სვლას გააკეთებ, კარგად უნდა აწონ-დაწონო ...

_ მკლავჭიდი საკმაოდ განსხვავდება ჭადრაკისგან. და მაინც, როგორ მოხვდი ამ სპორტში?

_ სამსახურში მოვიდა მკლავჭიდი-თქო, ასე ვხუმრობ ხოლმე. რომ არა ჩემი მედეა ექიმი (უფროსი), მე დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ.

_ ევროპის ჩემპიონობა და მსოფლიო ჩემპიონატზე პრიზიორობა _ როგორ ემზადები  ასეთი მასშტაბური ტურნირებისთვის?

_ მომზადება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პერიოდია, თუმცა ვცდილობ, ისე მოვემზადო, რომ ამ პრესტიჟულ ტურნირზე ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა.

_ როგორი იყო შენი ყველაზე რთული  შეხვედრა მკლავჭიდში?

_ ყველა შეხვედრა რთულია, თუმცა ალბათ ფინალი ყაზახ სპორტსმენთან 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, განსაკუთრებით რთული იყო.

_  როგორ ართმევ თავს  ფიზიკური და გონებრივი სპორტის ბალანსს?

_ პრიორიტეტებს სწორად ვანაწილებ. ჭადრაკი ჩემი ჰობია და ნაკლებ დროს ვუთმობ.

_  როგორია შენი ყოველდღიურობა როგორც ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტის და სპორტსმენის?

_ ცოტა რთულად ჟღერს, თუმცა შეუძლებელი არაფერია, მთავარია მიზანი...

_ ფილოსოფია — ბევრისთვის რთულად აღქმადი დისციპლინაა. რა გიზიდავს მასში?

_ ის ბურუსი რაც მასშია.. საინტერესო დარგია თავისი სიღრმეებით...

_ თუ გყავს საყვარელი ფილოსოფოსი ან გაქვს თემა, რომელიც შენს სპორტულ კარიერასაც უკავშირდება?

_ ჯერ საწყის ეტაპზე ვარ ამ დარგში, თუმცა არიან რჩეულები: პითაგორა, ჯონ ლოკი, ნიცშე და სხვა.

_ რას ნიშნავს შენთვის ბსუ — რა მოლოდინები გაქვს აკადემიური და პიროვნული ზრდისთვის?

_ ბსუ ჩემთვის ერთ-ერთი ცხოვრების გამოწვევაა და ვიმედოვნებ, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდები. ცოდნის გაღრმავების ძალიან დიდი იმედი მაქვს და პერსპექტიული გაგრელების...

_ რა გაძლევს მოტივაციას ასეთ რთულ გრაფიკში _ სწავლა, სპორტი, განვითარება?

_ მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ...

_ რას ურჩევდი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეუძლებელია სწავლა და სპორტი ერთდროულად?

_ აკეთონ ის საქმე, რაც უყვართ, ჩამოშორდნენ ადამიანებს, ვინც ეუბნება, რომ ამას ვერ შეძლებს, დაისახონ მიზნები და იბრძოლონ ამ მიზნისთვის. მე თუ შევძელი თქვენც შეძლებთ. მთავარია სურვილი.

_ გაქვს ოცნებები სპორტში, აკადემიურ ან სხვა სფეროებში?

_ რა თქმა უნდა.  ეს მხოლოდ დასაწყისია…

_ როგორ ხედავ საკუთარ თავს 5 ან 10 წლის შემდეგ?

_ ვიმედოვნებ, სპორტში კიდევ უფრო წარმატებული ვიქნები.

_ როგორ გინდა დაგიმახსოვროს საზოგადოებამ — სპორტსმენად, მოაზროვნედ, ლიდერად?

_ არ ვიცი. არ მიფიქრია მაგაზე არასდროს, უბრალოდ კარგ ადამიანად, სხვა ყველაფერი წარმავალია..

_  როგორ იხარჯები და როგორ აღიდგენ ენერგიას?

_ მეგობრებთან ერთად ყოფნა, მუსიკების მოსმენა და თან რაიმემე საინტერესოს კითხვა, ტიკ-ტოკის სქროლა...

_  რას ეტყოდი შენი წარმატებებით ამაყ, ყველაზე ახლობელ ადამიანებსა და მენტორებს?

_ მადლობა ყველას, ვისაც ჩემი სჯერა. მე თქვენით ვარ ძლიერი.

_ შეგიძლია დაასახელო ის სამი ღირებულება, რომელიც შენს ცხოვრებას განაპირობებს?

_ შრომისმოყვარე ვარ. ვუჯერებ იმას, ვისაც ძალიან ვუყვარვარ და ჩემთვის კარგი უნდა. შეცდომებზე ვცდილობ ვისწავლო...


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა