
ნინი აბაშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტია. ის ამჟამად Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამით ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტში სწავლობს. გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ნინის კვლავაც მრავალ წარმატებას უსურვებს.
_ ნინი, რას გვეტყვი კონკურსის ეტაპების შესახებ?
_ კონკურსის შესახებ ინფორმაციას ყოველ სემესტრში გვაწვდიან უნივერსიტეტში. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა არ იყო ჩემი სპონტანური გადაწყვეტილება, ეს მიზანი ბავშვობიდან მაქვს. კონკურსი იყო სამეტაპიანი. პირველი ეტაპი მოიცავდა საბუთების შეგროვებას და გაგზავნას, მეორე - ინგლისური ენის ტესტირებას, მესამე - გასაუბრებას ინგლისურ ენაზე. გარდა ამისა, არის სხვა კრიტერიუმებიც, რითიც სტუდენტი ფასდება. დავწერეთ სამოტივაციო წერილები მიმღები უნივერსიტეტებისთვის, გავაკეთეთ ევროპასის სტანდარტების შესაბამისი პირადი რეზიუმე და ა.შ. საბედნიეროდ, კონკურენცია წარმატებით გავიარე. მოვხვდი ჩემთვის პრიორიტეტულ, ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტში.
_ რა მსგავსება და განსხვავებაა მაქაურ და აქაურ სტუდენტებს შორის?
_ გამომდინარე იქედან, რომ სხვადასხვა კულტურაში ვიზრდებით და სწავლების განსხვავებული მეთოდებია, პრობლემის გადაჭრის გზებიც სხვადასხვაა ჩვენსა და აქაურ სტუდენტებს შორის (პროფესიული თუ არაპროფესიული საკითხების მიმართ). ფინეთის უნივერსიტეტში ბევრ სხვადასხვა ასაკის სტუდენტს შეხვდებით (19-დან 40 წლამდე). სკოლის დამთავრების შემდეგ არ თვლიან, რომ აუცილებლად იმავე წელს უნდა ჩააბარონ უნივერსიტეტში, ისინი ცდილობენ იპოვონ ის პროფესია, რაც მართლა აინტერესებთ და ამის შემდეგ აბარებენ სასურველ ფაკულტეტზე. ფინელი სტუდენტები ძალიან აფასებენ პირად დროს და ცდილობენ ბალანსი შეინარჩუნონ სწავლას, სამსახურსა და დასვენებას შორის.
_ სტუდენტური ცხოვრება ფინეთში...
_ ფინეთში სტუდენტური ცხოვრება საკმაოდ განსხვავებულია იმისგან, რასაც საქართველოში ვხვდებით. ამას იწვევს ის დიდი განსხვავება, რაც სწავლების მიდგომაშია. ფინეთში უფრო დიდი აქცენტი კეთდება დამოუკიდებელ მუშაობაზე. პროფესორები აწვდიან სტუდენტებს რესურსებსა და მიმართულებას და მოელიან, რომ იგი თავად აიღებს პასუხისმგებლობა სწავლის პროცესზე. საქართველოში უფრო სტრუქტურული მიდგომაა. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სწავლება ონლაინ ფორმატშია (ძირითადად კლიმატისა და სიცივეების გამო), სტუდენტური ჯგუფები ხშირად გეგმავენ საინტერესო და სახალისო აქტივობებს. ასევე აქ საკმაოდ ბევრ სტუდენტურ შეთავაზებებს ვხვდებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში. ცხოვრების სტილითაც განვსხვავდებით - აქ ბევრად ჯანსაღი ცხოვრების წესია. მოსახლეობის უმრავლესობა გადაადგილდება ველოსიპედით.
_ ნინის ერთი დღე ფინეთში...
_ ჩემი დღე ფინეთში იწყება ლექციებით, შემდეგ კი სტუდენტები ვიკრიბებით კაფეტერიაში. ამის შემდეგ ვცდილობთ მოვინახულოთ ქალაქის ღირსშესანიშნაობები. საღამოობით თუ რაიმე აქტივობებია დაგეგმილი, იქ მივდივარ. სხვა შემთხვევაში კი, სამეცადინოდ მივდივარ ბიბლიოთეკაში, სადაც დღის ბოლომდე ვრჩები.
_ ნინი, შენ კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლობ. რამ განაპირობა ინტერესი ამ სპეციალობისადმი?
_ გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და საჭირო პროფესიაა თანამედროვე ციფრულ სამყაროში. ყოველდღე ვხედავთ, რომ ტექნოლოგიები ცვლიან ყველა ინდუსტრიას. მეც მინდოდა ამ ცვლილების ერთ-ერთი „შემოქმედი“ ვყოფილიყავი.
_ ნინის სამომავლო გეგმები და დასახული მიზნები...
_ უპირველეს ყოვლისა, მინდა წარმატებით დავასრულო ბაკალავრიატი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მინდა, რომ მაგისტრატურაზე სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელო. მინდა ჩავერთო კვლევით პროექტებში, ვისწავლო უახლესი ტექნოლოგიები და დავსაქმდე ისეთ კომპანიაში, რომელიც ჩემს ინტერესებს შეესაბამება და კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს.
| უკან | 
