
მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, 80 წელს მიტანებული, დაბა შუახევის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი თეიმურაზ დავითაძე, ბათუმის იმჟამინდელი პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის სპეციალობის კურსდამთავრებულია. მაშინ წარმატებული სტუდენტებისთვის ორი სახელობითი სტიპენდია იყო დაწესებული – ერთი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, მეორე -მათემატიკის. თეიმურაზ დავითაძე, როგორც წარჩინებული სტუდენტი, სამეცნიერო კონფერენციებისა და საერთაშორისო სემინარების მონაწილე, ორი წლის განმავლობაში ლენინური სტიპენდიატი იყო. პროფესორ-მასწავლებლები მას წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ინსტიტუტში დარჩენა და სამეცნიერო კარიერის გაგრძელება შესთავაზეს, თუმცა მისივე გადაწყვეტილებით მშობლიურ რაიონში დაბრუნდა. მიაჩნდა, რომ იქ მეტად იყო საჭირო. ბატონი თეიმურაზი მშობლიურ სხეფში არათუ მხოლოდ მათემატიკის პედაგოგად, არამედ პირდაპის სკოლის დირექტირად დანიშნეს. ჭარმაგი თეიმურაზ მასწავლებელი, დღეს ყველას ბაბუკია.
_ დავიბადე 1947 წლის 10 ნოემბერს შუახევის რაიონ სოფელ სხეფში. 1961 წელს დავამთავრე სხეფის 7-წლიანი სკოლა, ხოლო 1965 წელს ჩავირიცხე ქალაქ ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში. სწავლის პერიოდში ვიყავი ლენინური სტიპენდიანტი, ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. იმავე წელს დავიწყე მუშაობა სხეფის რვაწლიან სკოლაში დირექტორად და ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად. მე, როგორც პედაგოგსა და დირექტორს, გამომიცხადეს მადლობა. ვკითხულობდი ლექციებს მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში გეომეტრიაში. 1986 წელს გადმომიყვანეს შუახევის სკოლის დირექტორად, ხოლო 1990 წელს განათლების განყოფილების გამგედ, სადაც 2004 წლამდე ვმუშაობდი. ამის შემდეგ კვლავ ვაგრძელებ მუშაობას დაბა შუახევის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად, სადაც დღემდე ვმუშაობ. ვარ საქართველოს დამსახურებული და ღირსების ორდენის მქონე პედაგოგი. გახლავართ შუახევის საპატიო მოქალაქე. არ ყოფილა არცერთი სამეცნიერო პედაგოგიური კითხვები და კონფერენციები, რომ ჩემი მოხსენებით არ გამოვსულიყავი. მყავს მეუღლე, ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი.
_ ბატონო თეიმურაზ, რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებლობა?
_ მე სკოლისა, მოსწავლეებისა და პედაგოგების გარეშე, სიცოცხლე არ შემიძლია. ისინი ჩემი სიცოცხლის ელექსირი არიან.
_ თეიმურაზ მასწავლებლის 55 პედაგოგიური წელი...
_ მიუხედავად 55 წლიანი მუშაობისა, მე კვლავ ძველი ენერგიით ვაგრძელებ მოღვაწეობას. მიყვარს ბავშვები (ჩემი ბაბუკები). ჩემი ჰობია ქვეყანას გავუზარდო სამშობლოს მოსიყვარულე ადამიანები.
_ როგორია მანძილია პირველი გაკვეთილიდან დღემდე?
_ მე ვმონაწილეობ საკავშირო და რესპუბლიკურ პედაგოგიურ კითხვებში. ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი პედაგოგებს. გამოცდილება მაქვს, ენერგია არ მაკლია და კვლავ ძველებურად ვაგრძელებ მუშაობას.
_ თეიმურაზ მასწავლებლის ერთი დღე...
_ დილით ექვს საათზე ვიღვიძებ. ერთ საათს იოგას ვვარჯიშობ, ერთ საათს ბაღჩა-ბოსტანში ვმუშაობ და შემდეგ მივდივარ სკოლაში. გაკვეთილების შემდეგ, მოსწავლეებთან დამატებით ვმუშაობ მათემატიკის წრეში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ცალ- ცალკე და შემდეგ კვლავ ოჯახში.
_ მოსწავლე, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ...
_ ერთი მოსწავლე კი არა, არცერთი მოსწავლე არ მავიწყდება. ჩემი ერთი მოსწავლე ლონდონში მსხვილი ბანკის მენეჯერია. ძალზე ბევრი მუშაობს ჩემი სპეციალობით სხვადასხვა უნივერსიტეტში. ბევრი ექიმია, ფინანსისტი და სხვა. ყველას ვუყვარვარ და ყველა მიყვარს. ჩემი უმთავრესი გამოწვევა შრომა და შრომაა.
_ ბატონო თეიმურაზ, რას უსურვებთ მოსწავლე-ახალგაზრდობას?
_ მოსწავლე ახალგაზრდობას ვუსურვებ შრომისმოყვარეობას და ერთმანეთის სიყვარულს.
_ რას ნიშნავს თქვენთვის, გქონდეთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის სტატუსი?
_ ეროვნული ჯილდო დიდი სიხარული და პატივისცემაა. ძალზე მიხარია, რომ ხელისუფლებამ ჩემი შრომა დააფასა. ემოციას ვერ ვმალავ. მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი, ჩემი ბაბუკები. თუ უფალმა ნება მომცა, კვლავაც ძველებური ენერგიით გავაგრძელებ ჩემს მოღვაწეობას.
_ როგორც ვიცით, ლექსებსაც წერთ. ბოლოს, გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ მკითხველს, თქვენ მიერ დაწერილი რომელი თქვენი საყვარელი ლექსით დაემშვიდობებით?
„არაფერს ვყიდი, არაფერს არ ვცლი
და არაკაცურ ყველაფერს ვკრძალავ,
იყოს სიმართლე, თუ გინდაც მკაცრი,
მაგრამ სიცრუე არამც და არამც.
გაივლის დრო და ალბათ ნახავენ
გაყვითლებულ და გაცრეცილ ბარათს,
უნდა იცხოვრო კაცმა კაცურად,
არავინ დარჩება ამ ქვეყნად მარად.
რა ვქნა, თუ ქვეყნად ვერაფერს შევცვლი.
მისი ერთგული დავრჩები მარად.
დე, გულში იყოს სულ მუდამ ცეცხლი,
მაგრამ ყინული არამც და არამც,
სუყველა თავის ავკარგით ცხოვრობს
ასე თუ ისე, სწორად თუ მცდარად.
დაე, სიმართლემ მომიღოს ბოლო,
შურმა და ღვარძლმა არამც და არამც.
ვერ ავისრულებ ჩემს გულის წადილს
და ისე მივალ სამარის კარად.
იყოს სიკვდილი ნაღდი, კაცური,
მაგრამ ლაჩრული არამც და არამც“.
| უკან |
