
გაზეთ ბათუმის უნივერსიტეტის კითხვებს სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ბატონი გურამ ჩხატარაშვილი პასუხობს.
_ ბატონო გურამ, გთხოვთ, გვიამბოთ ექსპედიციის ძირითად მიზანსა და მნიშვნელობაზე - რატომ დაიგეგმა სოფელ ქობულეთის ნამოსახლარის კვლევა?
_ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პრეისტორიული ეპოქის ძეგლთა შესწავლამ ინტენსიური ხასიათი გასული საუკუნის 60-80-იან წლებში მიიღო. მოპოვებულია უმდიდრესი ქვის კოლექცია და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტები (სამეურნეო ორმოები, საცხოვრებელი სახლის ბოძის საყრდენი ორმოები და სხვ.), რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნიან კინტრიშის ხეობაში უძველეს დროში მცხოვრები ადამიანების შესახებ. მიუხედავად ამისა, დღევანდელ დღემდე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გაურკვეველი და/ან დაუზუსტებელი იყო. საქმე ეხება - უძველესი ადამიანის საქმიანობის განსაზღვრას, კლიმატურ პირობებსა და საარსებო გარემოს, ქვის ნედლეულის (კაჟი, ობსიდიანი) მომარაგების საკითხს, ნამოსახლართა ასაკს და სხვ. აღნიშნული პრობლემები არაერთხელ გაჟღერდა ჩვენი ევროპელი კოლეგების მიერ სხვადასხვა სახის სამეცნიერო ღონისძიებაზე ჩვენი მონაწილეობის, საგრანტო პროექტების შეფასების დროს, სამეცნიერო პუბლიკაციების რეცენზირებისას და ა.შ. თითქმის ყველა მკვლევარი ერთხმად აღნიშნავდა, რომ სასურველი იყო რეგიონში მოღვაწე არქეოლოგს გამოეყენებინა თანამედროვე მეთოდები და საფუძვლიანად შესწავლა არქეოლოგიური ძეგლები და იქ აღმოჩენილი ქვის კოლექცია.
ჩვენი მიზანიც სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა. ჩვენი ხელმძღვანელობით შეიქმნა სამეცნიერო გუნდი, რომელიც შედგებოდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტებისგან, რომელმაც 2019 წ. ბსუ-ს მხარდაჭერით დაიწყო პირველი ინტერდისციპლინური არქეოლოგიური სამუშაოები სოფელ ქობულეთის ნამოსახლარზე.
_ როგორ და ვინ გაუკეთა ორგანიზება ექსპედიციას?
_ როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, 2019 წელს საველე არქეოლოგიური ექსპედიცია ბსუ-ს მიერ იყო მხარდაჭერილი. ხოლო, 2021 წლიდან დღემდე კინტრიშის ხეობის პრეისტორიული ეპოქის არქეოლოგიურ ძეგლებზე საველე არქეოლოგიური სამუშაოები ხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმის თანადგომით. 2025 წელს არქეოლოგიური ექსპედიციის ძირითად ბირთვს წარმოადგენდა ქობულეთის მუზეუმისა და აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლები და ბსუ-ს არქეოლოგია/ისტორიის მიმართულების სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ საველე სამუშაოებში, ასევე, მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებიც, რომელთა აქტიური მხარდაჭერითა და საჭიროებისამებრ, სამეცნიერო კონსულტაციებით მიმდინარეობდა საველე სამუშაოები სოფელ ქობულეთში.
_ რა პერიოდით მიმდინარეობდა ექსპედიცია და რა ეტაპზეა კვლევა ახლა?
ტრადიციულად, საველე არქეოლოგიური სამუშაოები ტარდება ივლისს-აგვისტოს თვეში, როდესაც გათხრებისთვის საუკეთესო სამუშაო პირობებია. ეს ეხება როგორც ხელსაყრელ ამინდს, ისე გათხრებისთვის საჭირო დროს. ვისაც გამოცდილება აქვს ე.წ. ღია ტიპის ნამოსახლარებზე მუშაობის, დამეთანხმება, რომ ხშირი ნალექიანობა ძალიან უშლის ხელს სამუშაო პროცესს და ხშირ შემთხვევაში, საველე სამუშაოების ხანგრძლივობა დაგეგმილზე მეტად იზრდება.
მიმდინარე წელს, მოხერხდა 2019 წელს დაწყებული თხრილის შესწავლა და ფაქტობრივად, მომავალ წელს შესაძლებელია, ვიფიქროთ საველე სამუშაოების დასრულებაზე. ამისთვის საჭიროა მთლიანი არქეოლოგიური ველის ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია, არქეოლოგიური ობიექტების აღწერა, საჭირო ლაბორატორიული ნიმუშების აღება და სხვ.
_ რა მტკიცებულებები მიუთითებს იქ ადამიანთა ცხოვრების არსებობაზე?
_ არქეოლოგიის შესწავლის ობიექტი კულტურული ფენაა, ანუ მიწის ის ფენა, რომელიც ადამიანის ცხოვრების კვალს ატარებს. იგი შეიძლება იყოს ერთი რომელიმე არტეფაქტი, რაიმე არქეოლოგიური ობიექტი (ორმოები, სამარხები, საცხოვრებელი სახლები და სხვ.) და/თუ ბიოლოგიური ნაშთები. როგორც მოგეხსენებათ, აჭარა გეოგრაფიულად მოქცეულია სუბტროპიკულ კლიმატურ ზონაში, სადაც ხარობს აღნიშნული ზონისთვის დამახასიათებელი მცენარეები. ასევე, რეგიონის შავიზღვისპირა ზოლი ხასიათდება ნალექების სიუხვით და მაღალი ფარდობითი ტენიანობით, რაც გარკვეულ პრობლემას ქმნის მასალის დაცულობის მხრივ. იმის გათვალისწინებით, რომ მიწა მუდმივად ნესტიანია, ღია ნამოსახლარებზე გათხრების დროს არასდროს აღმოჩენილა ფაუნისტური და/ან ანთროპოლოგიური მასალა.
ამდენად, სოფელ ქობულეთში, კაჟის და ობსიდიანის იარაღები და მათი წარმოების ნაშთები ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის აქ მცხოვრები უძველესი ადამიანის ყოფა-ცხოვრებაზე.
_ რა ასაკისაა ეს ნამოსახლარი და რომელი ქვის ხანის ფაზას მიეკუთვნება?
_ არქეოლოგიაში არსებობს დათარიღების ორი მეთოდი: შეფარდებითი და აბსოლუტური. შეფარდებითი დათარიღება ტრადიციული მეთოდია, როდესაც არქეოლოგიური ძეგლის და/თუ არტეფაქტის თარიღის განსაზღვრა ხდება ანალოგების მიხედვით. მაგ., A პუნქტში აღმოჩენილი არტეფაქტს უშუალო ანალოგი ეძებნება B პუნქტში აღმოჩენილ არტეფაქტთან. და თუ, ამ უკანასკნელის თარიღი უკვე განსაზღვრულია, პირობითად ძვ.წ. 6 000 წლით, გამოდის, რომ შესაძლებელია A პუნქტის არტეფაქტის მიახლოებითი თარიღის დადგენა.
რაც შეეხება აბსოლუტურ მეთოდს, თანამედროვე არქეოლოგიაში ძალიან პოპულარულია დათარიღების რადიოკარბონული ანალიზი, იგივე C14. მისი მუშაობა შემდეგ პრინციპზეა დამყარებული.
დედამიწის ატმოსფეროს გავლისას კოსმოსური სხივები წარმოქმნიან ნეიტრონებს, რომელთაც არა აქვთ ელექტრული დამუხტულობა და საკმაოდ ეფექტურად ურთიერთქმედებენ ნებისმიერი ატომის ბირთვებთან. დადგენილია, რომ კოსმოსური სხივების მოქმედების შედეგად წარმოქმნილი ნეიტრონები ატმოსფეროში აზოტთან ურთიერთობის შედეგად წარმოქმნიან ნახშირბადის რადიაქტიულ იზოტოპს - C14-ის ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ - რადიონახშირბადს. კოსმოსური სხივების ზემოქმედების შედეგად ატმოსფეროს ზედა ფენებში წარმოქნილი რადიონახშირბადი შემდეგ ნაწილდება ცოცხალ ორგანიზმებსა და მცენარეულობაში. არაცოცხალ საგნებში C14 რაოდენობა მისი მუდმივი დაშლის გამო განუწყვეტლივ მცირდება. ცოცხალ და არაცოცხალ ნიმუშებში C14-ის შედგენილობის ურთიერთშედარებით შესაძლებელი ხდება იმის დადგენა, თუ რამდენმა დრომ განვლო ამა თუ იმ ჩვენთვის საინტერესო საგნის დაღუპვის შემდეგ. არქეოლოგიაში ამ მეთოდს ძირითადად ხის ნახშირის, ძვლის, კერამიკის, ტორფის და სხვ. მსგავსი მასალის დასათარიღებლად იყენებენ.
C14-ის მეთოდის გამოყენებით, სოფელ ქობულეთის ასაკი ძვ.წ. X-VIII ათასწლეულებია, რომელიც საქართველოს არქეოლოგიური პერიოდიზაციის თანახმად, მეზოლითის (შუა ქვის ხანა) ხანაში ექცევა.
_ რა ძირითადი არტეფაქტები ან მასალები აღმოაჩინეთ ექსპედიციისას?
_ სოფელ ქობულეთის ნამოსახლარზე არქეოლოგიური გათხრები ხანგამოშვებით 1963 წლიდან მიმდინარეობს. მოპოვებულია დაახლ. 38 000-მდე კაჟის და ობსიდიანის იარაღები, ნუკლეუსები და მათი წარმოების ნაშთები. ქვის ინვენტარის ტექნო-ტიპოლოგიური ანალიზით მტკიცდება, რომ ქვის დამუშავება ხდებოდა ხელისწნევითი ტექნიკის გამოყენებით, რასაც ადასტურებს კოლექციაში არსებული კონუსური და ფანქრისებრი ნუკლეუსები. იარაღებში სჭარბობს საჭრისები, რეტუშირებული ლამელები და მიკროლამელები, საფხეკები, სატეხები და სხვ. კოლექციის დაახლ. 90 % წარმოების ნაშთია, ანუ იარაღის დამუშავების დროს მიღებული ნაშთი.
გათხრების დროს გამოვლინდა უძველესი საცხოვრებელი სახლის კონტურები, რომელიც, ჩვენი აზრით, ოთხკუთხა უნდა ყოფილიყო. ამის თქმის საფუძველს გავძლევს საცხოვრებელი სახლის ბოძის საყრდენი ორმოების განლაგებაც. მნიშვნელოვანი იყო ხის დამწვარი ნახშირების აღმოჩენა, რაც უმეტესად ნამოსახლარზე ფიქსირებული ცეცხლის კერის კვალი უნდა იყოს. ნახშირის აღმოჩენა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი ერთ-ერთი ძირითადი დამათარიღებელი ნიმუშია.
_ იყენებთ თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიებს (მაგ., 3D სკანირება, დრონით გადაღება, ლაბორატორიული ანალიზები)?
_ 21-ე საუკუნის არქეოლოგია აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლაბორატორიული კვლევის სხავადასხვა მეთოდს, რომელიც გვეხმარება სიღრმისეულად შევისწავლოთ ძეგლთან დაკავშირებული საკითხები - გარემო კლიმატურ პირობების, კვების რაციონი, ნადირობა და უძველესი სამონადირეო ობიექტები, ქვის ნედლეულის მომარაგება და ა.შ. ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც არქეოლოგს ლაბორატორიული მეთოდების გამოყენების გარეშე ამომწურავი პასუხის გაცემა არ შეუძლია. ჩვენი ექსპედიცია, როგორც ზემოთ აღინიშნა, ინტერდისციპლინურია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს სამეცნიერო გუნდში თავმოყრილია სხვადასხვა სპეციალისტები - პალინოლოგი, არქეოზოოლოგი, არქეობოტანიკოსი, გეოლოგი, გეოფიზიკოსი, გეოქიმიკოსი, ტრასოლოგი და სხვ. ამასთან ერთად, უმნიშნელოვანესია არქეოლოგიური ძეგლის ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია, რისთვისაც ვიყენებთ დრონის აპარატებს, მაღალირეზოლუციის ფოტო კამერებს, მიკროსკოპებს, GPS კოორდინატორებს, ნიველირს და სხვ.
სამომავლოთ, დაგეგმილია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არტეფაქტების 3D სკანირება და მიღებული ვიზუალური ინფორმაციის განთავსება სპეციალურ ვებ-გვერდზე, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მათი გაცნობა.
_ არის თუ არა მტკიცებულებები კულტურული კონტაქტების შესახებ სხვა რეგიონებთან?
სოფ. ქობულეთში აღმოჩენილი მასალა კარგი მარკერია სხვადასხვა რეგიონებთან კულტურული კონტაქტების საჩვენებლად. პირველ რიგში, იგი ეხება ქვის დამუშავების ხელისწნევითი ტექნიკის წარმოშობის საკითხს, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, ახლო აღმოსავლეთთან კონტაქტების შედეგი უნდა იყოს. ამასთან ერთად, ქვის ინვენტარის ცალკეულ ფორმებში დიდი მსგავსება ჩანს ე.წ. მლეფაატური კულტურის მატარებელ ტომებთან, რომლებიც გეოგრაფიულად თანამედროვე ირან-ერაყის ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებული დაახლ. 14 000 – 12 000 ათასი წლის წინ.
უძველესი ადამიანის მობილურობისა და კონტაქტების შესახებ უტყუარ ინფორმაციას გვაძლევს ობსიდიანის ნედლეულზე ჩატარებული გეოქიმიური ანალიზიც. როგორც ვიცით, ობსიდიანი, ქვის იარაღების დასამზადებელი ერთ-ერთი უძველესი ნედლეულია და იგი წარმოადგენს ვულკანურ მინას. ანუ ობსიდიანის წარმომავლობა დაკავშირებულია რამდენიმე ასეული წლის წინ ვულკანის ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ მასასთან. კავკასიის რეგიონში ობსიდიანის არაერთი წყაროა იდენტიფიცირებული სამხრეთ საქართველოში (ჯავახეთში), სომხეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. გეოქიმიური ანალიზი შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს ობსიდიანის ქიმიური შემადგენლობა და ელემენტები. ეს უკანასკნელი, კი კარგი მარკერია მისი წარმომავლობის დასადგენად.
აღმოჩნდა, რომ სოფელ ქობულეთში მცხოვრები ადამიანი ობსიდიანის ნედლეულის მარაგს ივსებდა ჯავახეთის, სარიყამიშის (აღმოსავლეთ თურქეთი) და ჩრდ. კავკასიის ობსიდიანის წყაროებით.
_ როგორ აპირებთ ნაპოვნი მასალების გამოყენებას - იგეგმება გამოფენა, პუბლიკაცია ან მუზეუმში გადაცემა?
_ არქეოლოგიური მასალის კამერალური დამუშავებისა და ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ დაგეგმილი გვაქვს აღმოჩენილი მასალის პუბლიკაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში ნაშრომების პუბლიკაციას, რაც ხელს შეუწყობს ახლადმიღებული ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას სამეცნიერო საზოგადოებაში.
კვლევით მიღებული შედეგების საზოგადოებაში გავრცელების მიზნით გამოყენებული იქნება ტრადიციული და თანამედროვე მედია საშუალებები, მოეწყობა მუზეუმში ნივთების გამოფენა, ჩატარდება საჯარო ლექციები და სხვ.
საბოლოოდ, 2025 წ. საველე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილი მასალა გადაეცემა ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმს და, შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მათი გაცნობა.
_ როგორ ხედავთ ქობულეთის ნამოსახლარის პოტენციალს ტურისტული ან საგანმანათლებლო თვალსაზრისით?
სოფელ ქობულეთის ნამოსახლარი უმნიშნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ უძველეს მოსახლეებსა და მათ საქმიანობაზე. აქ აღმოჩენილი ნივთიერი მასალა და არქეოლოგიური ობიექტები მნიშნელოვანი წყაროა არამარტო პრეისტორიის საკითხზე მომუშავე მკვლევრებისთვის, არამედ სხვა დაინტერესებული პირებისათვისაც.
სასურველია, რომ სოფელ ქობულეთის ნამოსახლარი აქტიურად მოექცეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანთა ყურადღების ქვეშ. ჩვენი აზრით, ამ მხრივ ყველაზე კარგი ხელშემწყობი გარემო იქნებოდა სოფელ ქობულეთში ე.წ. ღია მუზეუმის მოწყობა და არქეოლოგიური ძეგლის კონსერვაცია. მსგავსი ღონისძიება ხელს შეუწყობს როგორც ნამოსახლარის ცნობადობის ამაღლებას და მნახველთა წრის ზრდას, ისე ჩვენი ქვეყნის მატერიალური კულტურის გაცნობასა და პოპულარიაზაციას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა კარგად არის ცნობილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის, სადაც არაერთი არქეოლოგიური ძეგლი მსოფლიო ატრაქციად ქცეულა.
_ რას ნიშნავს პირადად თქვენთვის ამ ექსპედიციის ხელმძღვანელობა - როგორც პროფესიონალისთვის და როგორც მკვლევარისთვის?
_ ექსპედიციის ხელმძღვანელობა ჩემთვის არის დიდი პასუხიმგებლობა, რომელიც შენგან მოითხოვს დიდ ინტელექტუალურ ცოდნა-გამოცდილებას, ველზე სამუშაოებისა და დროის სწორ/ზუსტ განაწილებას, კომპეტენტური სამეცნიერო გუნდის შეკრებას, დასახული მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო რესურსის მობილიზება-გამოყენებას და სხვ. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტთა ხელმძღვანელობა, სადაც მაქსიმალურად ვცდილობ მივცე მათ ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც გამაჩნია და ხელი შევუწყო მათ პროფესიულ და კარიერულ წინსვლას.
ისე კი ჩემთვის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელობა რაიმე განსაკუთრებულ სტატუსს არ ნიშნავს. პირიქით, საველე პირობებში მე ყოველთვის ვრჩები რიგით არქეოლოგად, რომელიც, ექსპედიციის საჭიროებისამებრ, ასრულებს სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს.
ექსპედიციაში მონაწილე არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტები
რუსკა მესხიძე:
_ ექსპედიციის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყე, ვინაიდან, ჩემი ინტერესი დაემთხვა ამ წამოწყებას, საკუთარი ინიციატივით ჩავერთე მოცემულ პროექტში, ცხადია, ჩემი პროფესიისთვის არქეოლოგია განუყოფელი ნაწილია და შესაძლოა, სასწავლო პრაქტიკადაც ჩავთალო.
_ ჩემი მთავარი მოტივაცია გამოცდილების დაგროვება იყო, ბაკალავრის საფეხურზე მყოფი სტუდენტი, ვფიქრობ, ხშირად უნდა ერთვებოდეს მსგავს აქტივობებში, ვინაიდან სწორად აწონ-დაწონოს მომავლის გეგმები და ინტერესი დააკავშიროს.
_ ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული შედეგები უნდა დაიდოს, ვინაიდან, საქმე გვაქვს საკმაოდ ძველ ხანასთან, რაც თავის მხრივ აღვივებს ინტერესებსა და მნიშვნელობას ორმაგად ფასეულს ხდის.
_ მოტივაციითა და დიდი ენერგიით ვიწყებთ მატერიალური კულტურის კვალ და კლავ ისტორიის აღდგენას, რომელიც ყველა ქართველისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და საკმაოდ სახალისოც კი არის.
_ ყველაზე საინტერესო ცხადია ღირებული მასალის პოვნაა, კაჟი, ობსიდიანი, რომელთა დათარიღებას მკაფიო სურათს მოგცემს და ესქპედიციის შედეგებზეც უფრო ნათლად იმეტყველებს.
_ გუნდური ატმოსფერო საკმაოდ თბილი და მეგობრული იყო, ძირითადად სწავლაზე ორიენტირებული, საველე ექსპედიციის ხელმძღვანელი, ბატონი გურამი მუდამ მზად იყო დასმულ კითხვებზე საპასუხოდ.
_ არქეოლოგთა მუშაობის სპეციფიკას გავეცანი, პრაქტიკაში გამოყენებადი უნარები შევიძინე და თეორიული ცოდნის გარდა შევითავსე მუშაობის ტექნიკაც მიწასთან და მატერიალურ მასალასთან.
_ ასევე გავიგე, რომ არქეოლოგიაში საჭიროა სიზუსტე, არ უნდა იჩქარო, თუ გინდა რომ შედეგი გამოიღოს შრომამ, ეს საკმაოდ ზუსტი და რთული მეცნიერებაა, რომელიც დიდ ენერგია და შრომას მოითხოვს.
_ გვქონდა უშუალო შეხება არტეფაქტებთან, რაც თავის მხრივ წარმოგიდგენს, თითქოს დაუკავშირდი იმ ადამიანებს, ვინც ათასობით წლის წინ სახლობდა.
_ ქობულეთის ნამოსახლარის კვლევა გვაძლევს საშუალებას უფრო უკეთ გავიგოთ რეგიონული კულტური პროცესები, დავადგინოთ, ჯერ კიდევ რა დროიდან სახლობს და მოღვაწეობს აქ ადამიანი, მეურნეობის, ხელოსნობის რა დარგი იყო განვითარებული, მოპოვებული მასალის საფუძველზე დავადგინოთ, როგორი მასალა გამოიყენებოდა წლების წინ და ა.შ ცალსახად დავრწმუნდი, თითქოს ამ საქმით რეკონსტრუქციას უტარებ უძველესი ხანის ცხოვრებას.
_ თითოეული აღმოჩენა ღირს დიდ შრომად, ეს შრომა კი სტუდენტებმა უნდა გავწიოთ, რადგან საქართველოს ისტორიის კვალ და კლავ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი...
ნიკა რიკაძე:
_ საკუთარი ინიციატივით ჩავერთე სოფელ ქობულეთის ექსპედიციაში, რადგან ძალიან დამაინტერესა არსებულმა ძეგლმა . ყოველდღიურად რაღაც ახლის აღმოჩენის სურვილი გაქვს.
_ ალბათ უფრო მეტად ვისწავლე სიფრთხილე და მეტად დაკვირვებული გავხდი, ველზე თითოეულ დეტალს უნდა დააკვირდე და რადგან არაფერი გამოგეპაროს. მქონდა შეხება უძველეს არტეფაქტებთან, ჩემს ხელში იყო უძველესი ადამიანის მიერ დამზადებული სხვადასხვა ნივთები, რაც სტუდენტისთვის დიდი გამოცდილებაა.
ლუკა დუმბაძე:
_ ყოველთვის კოლეგიალურად ვმუშაობთ... არტეფაქტის აღმოჩენის შემდეგ მიმდინარეობს ხელმძღვანელსა და სტუდენტს შორის დებატები აღმოჩენილი საგნების შესახებ.
_ პირველ რიგში დროის მენეჯმენტი, შემდეგ დისციპლინა , რომელიც აუცილებელია არქეოლოგიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის , რომ საჭიროა ფრთხილი მუშაობა და ამ საქმეს სიჩქარე არ უყვარს.
_ ექსპედიციის შემდგომ მივხვდი, რომ ჩემს არჩევანში არ შევმცდარვარ.
ნიკა მჟავანაძე:
_ სწავლების პროცესში გავიგე ქობულეთში არსებული ქვის ხანის ძეგლის შესახებ და რადგანაც ქობულეთელი ვარ, გადავწყვიტე მეც მიმეღო მონაწილეობა.
_ თავდაპირველად ჩემი მოტივაცია, მხოლოდ და მხოლოდ უბრალოდ ინტერესით შემოიფარგლებოდა, მინდოდა ექსპედიციაში ჩართვა და მეტის გაგება არქეოლოგიის შესახებ, მაგრამ ექსპედიციაში გატარებული გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ არქეოლოგია ბევრად მეტია ვიდრე გარკვეული ინტერესები, რის შემდეგაც მეცნიერებაზე წვრილის შეტანა და პრაქტიკული გამოცდილების გაზრდა გახდა ჩემი მთავარი მოტივაცია და მამოძრავებელი ძალა მოცემულ საქმიანობაში.
_ მოლოდინები, რა თქმა უნდა, დიდია, სოფ. ქობულეთისა და სოფ. ხუცუბნის ძეგლები ქვის ხანითაა დათარიღებული. ქვის ხანის შესახებ კი სამწუხაროდ, არ არსებობს წერილობითი თუ სხვა რაიმე სახის დოკუმენტები, აქ ნებისმიერი აღმოჩენილი არტეფაქტი თუ ჩატარებული კვლევა ჩვენთვის ახალი და ინოვაციურია. შესაბამისად, მოლოდინებიც იზრდება, რადგან ვიცით, რომ თითოეულ აღმოჩენილ არტეფაქტს ჩვენთვის ახალი ისტორიის გადმოცემა შეულია.
_ ჩვეულებისამებრ ექსპედიცია დილით 9 საათზე იწყება. უპირველეს ყოვლისა საქმეს ძეგლის მოწესრიგებით ვიწყებთ, ვინაიდან ძეგლი მდებარეობს ე.წ. თხილის ბაღში მასზე იყრება ბევრი გამხმარი ფოთოლი რისი დასუსფთავების გარეშე გათხრითი სამუშაოების გაგრძელება დაუშვებელია. დასუფთავების შემდეგ კი, უშუალოდ ვიწყებთ გათხრითი სამუშაოების ჩატარებას, პარალელურად სამუშაოების შედეგად ამოღებულ მიწას წყლის ჭავლით ვცრით რათა მცირე ზომის არტეფაქტებიც არ გამოგვრჩეს თვალთახედვის არეალიდან, ამავ დროულად ვსაუბრობთ არქეოლოგიაზე და ექსპედიციის ხელმძღვანელი გ. ჩხატარაშვილი გვიზიარებს თავის გამოცდილებას რაც მეტად ინტერესიანს და ინფორმაციულს ხდის სამუშაო დღეს.
_ ჩემი ძირითადი საქმიანობა შემოიფარგლება გათხრებით და პეპარაციული სამუშაოებით, დოკუმენტაციის მხრივ კი ექსპედიციის დაწყებისთანავე ვაკეთებთ არქეოლოგიურ დღიურს სადაც ჩვენივე აღმოჩენილ არტეფაქტებს ვატარებთ და აღვწერთ, რათა სამომავლოდ მოცემული დავალების შესრულება არ გაგვიჭირდეს.
_ გამოვარჩევ 2024 წელს ჩატარებულ ექსპედიციას რომლის დროსაც სოფ. ხუცუბანში აღმოჩნდა საწაფი ანუ ე.წ. ბადის საძირავი, რომელიც მოცემულ ძეგლებზე ერთადერთია. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მოცემულ საწაფზე მიკროსკოპით დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა სელის ბოჭკოები, რაც სავარაუდოდ, იმ დროინდელ სათევზაო ბადეს მიეკუთვნება. ეს მომენტი ჩემთვის ერთერთი გამორჩეულია.
_ შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენს ექსპედიციაში მეტად მეგობრული გარემო სუფევს, განსაკუთრებთ ხელმძღვანელსა და სტუდენტებს შორის, რაც სამუშაო პროცეს მეტად ამარტივებს და სახალისოს ხდის.
_ უნდა აღინიშნოს, რომ ველზე მუშაობა უმნიშვნელოვანესია აუდიტორიაში სწავლებასთან ერთად. უნივერსიტეტში სწავლობ თეორიულად ძირითადად აი ამ თეორიის გამოყენება პრაქტიკაში კი რიგ შემთხვევაში თუ ხშირი შეხება არ გაქვს გათხრებთან რთულია, ეს იქნება მიწის ფერის გარჩევა თუ რაიმე სხვა. აუდიტორიებში ძირითადად გონებრივად იტვირთება ადამიანი, ხოლო როცა ველზე ხარ, იქ როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური დატვირთვა დიდია.
_ უპირველესად, რაც მე ვისწავლე არის ის, რომ არქეოლოგიაში უმნიშვნელოვანესია გიყვარდეს შენი საქმიანობა, იმ საქმეს ხელი არ უნდა მოკიდო, რომელიც არ გაინტერესებს ამით შეიძლება სხვას შეუშალო ხელი სამომავლოდ, ასევე უნდა გრძნობდე პასუხისმგებლობასაც რადგან არ უნდა დააზიანო შენს მიერ მოპოვებული არტეფაქტი და არც ველი, არტეფაქტის მოპოვება მარტივია აი მისი პრეპარაცია და დაუზიანებლად შენახვაა რთული ასევე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩემთვის ისაა, რომ არასოდეს არ უნდა გადადო ის საქმე ხვალისთვის რაც დღეს შეიძლება გააკეთო და დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა მიიყვანო ბოლომდე, რადაც არ უნდა გაგიჭირდეს და რა პრობლემაც არ უნდა წამოჭრას შენს წინ.
_ ეს გამოცდილება სტუდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, როცა პირველად წავედი ველზე სამუშაოდ, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი თითოეული არტეფაქტით. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს არტეფაქტი ჩემ მიერ იყო ნაპოვნი, ეს ყველაფერი კი ჩემს ინტერეს და მოტივაციას ზრდიდა. ყოველთვის ვცდილობდი გამეგო ჩემ მიერ აღმოჩენილი არტეფაქტი რაში გამოიყენებოდა. ამის გაგება კი ზრდიდა ჩემს ცოდნას. ასევე ვცდილობდი, რომ დღეს თუ ორ არტეფაქტს აღმოვაჩენდი, ხვალ სამი აღმომეჩინა, რაც მოტივაციისთვის საუკეთესო რამაა.
_ მოცემულ ძეგლის კვლევას უმნიშვნელოვანესია რადგან სინათლე მოვფინოთ ადამიანების განვითარების საწყისს და ვინაიდან ჩვენ ისტორია ვერ შემოგვინახავდა ცნობებს მოცემულ პერიოდზე, ვალდებულები ვართ ჩვენ თვითონ გავიგოთ ყველა კითხვაზე პასუხი, თუ ვინ ვართ საიდან მოვდივართ და სად გვქონდა კონტაქტები ჩვენს პირველ ყოფილ წინაპრებს. ქობულეთის ნამოსახლარის უკეთ კვლევა მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლიათ. ადამიანთა ისტორია ქვის ხანით იწყება და მისი შესწავლით ისტორიის საწყისსაც ვსწავლობ.
_ რა თქმა უნდა, ჯერჯერობით კონცენტრირებული ვარ იმ ძეგლზე, რომელზედაც ამჟამად ვმუშაობ, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად მსურს სხვა ძეგლებზეც მუშაობა. განსაკუთრებით მაინტერესებს გამოქვაბულში მუშაობა, რადგან იქ არსებულ ძეგლებს ბუნება ხშირ შემთხვევაში ვერ აზიანებს და უფრო დიდი შანსია როგორც ორგანული, ასევე არაორგანული არტეფაქტების მოძიება.
| უკან |
