
დავიბადე 1929 წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაღობილევში. ომის პერიოდში გაიარა ჩემი მოსწავლეობის წლებმა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგე ჩემი სწავლის პერიოდში გახლდათ დიმიტრი უზნაძე. მასთან ერთად გვასწავლიდნენ ისეთი წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები, როგორებიც იყვნენ: კოტე ბაქრაძე, სავლე წერეთელი, შალვა ხიდაშელი, დავით ლორთქიფანიძე, გიორგი თავზიშვილი, რევაზ ნათაძე, ალექსანდრე ფრანგიშვილი, ნინო ადამაშვილი და სხვები. ალბათ ამ ადამიანების შრომის დამსახურებაა, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტია, სიყვარულით ვემსახურები ჩემს პროფესიას.
1952 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, განაწილებით მიმავლინეს აჭარაში, სადაც დამნიშნეს ფსიქოლოგიის, ლოგიკის და პედაგოგიკის მასწავლებლად ბათუმის რაიონის, სოფელ აჭარისწყლის პედაგოგიურ სასწავლებელში, ხოლო 1956 წლის 16 მაისიდან ვმუშაობდი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შემოდგომში უკვე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმიწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგოოს კათედრაზე. ასე დაიწყო ჩემი და ბსუ-ს ურთიერთთანამშრომლობის ისტორია, რომელიც თითქმის 70 წელი გაგრძელდა.
1990 წლამდე ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის ერთი კათედრა არსებობდა. პროფესორ ნოდარ ბარამიძის აქტიურობით, ეს კათედრები გაიყო და დამოუკიდებელ კათედრასთან ერთად მივაღწიეთ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში გაიხსნა ფსიქოლოგიის
სპეციალობა, რომელიც წარმატებით ამზადებს კადრებს.
საერთოდ, ჩემი ამ დაწესებულებაში მუშაობის 70 წლის მანძილზე, გაიზარდა და დიდ წარმატებებს აღწევს ჩვენი უნივერსიტეტი რესპუბლიკის უმაღლესი განათლების სისტემაში. თუ 1950-60 წლებამდე პედაგოგიურ ინსტიტუტში არ იყო არც ერთი პროფესორი, დღეს უკვე არა მარტო სხვა უნივერსიტეტების, არამედ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დოქტორები და პროფესორები გვყავს.
თავისი არსებობის 90 წლის მანძილზე მიღწეული წარმატების დემონსტრაცია იყო ახლახანს ჩატარებული ბრწყინვალე იუბილე.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ვუსურვებ ჩემი მშობლიური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ლექტორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს და სტუდენტობას ბედნიერ მომავალს.
გისურვებთ, რომ ყოფილიყავით წარმატებული და მოწინავენი საგანმანათლებლო სისტემაში, საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში.
გილოცავთ ახალ წელს. სიხარულის და სიმშვიდის წელი ყოფილიყოს იგი ყველასათვის.
| უკან |
