გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ამაგდარი მკვლევარი - შუშანა ფუტკარაძე

სურათი

15 თებერვალი გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის -   ქალბატონ შუშანა ფუტკარაძის დაბადების დღეა. ის ჩემი ლექტორიც გახლდათ და როცა მის ლექციებს ვიხსენებ, მაოცებს ის ენერგია, შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი და საგნის სიყვარული, რითაც ის გამოირჩეოდა. სწორედ ამ თვისებებმა მისცა მას საშუალება, რომ შეექმნა უნიკალური ნაშრომი - „ჩვენებურების ქართულის“ ორტომეული.

„და სიტყვა იყო ღმერთი“... – ეს სიტყვები ამოტივტივდება გონებაში, როცა შუშანა ფუტკარაძის  დიდებულ წიგნს  – „ჩვენებურების ქართულს“  – გაეცნობით. აჭარიდან ისტორიის ბედუკუღმართობით გადახვეწილი მუჰაჯირებისა და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რომლებმაც დღემდე შეინარჩუნეს და მოიტანეს ქართული ენა, როგორც უძვირფასესი განძი, მშობლიური სიტყვა მართლაც იყო ღმერთი: მას ეთაყვანებოდნენ, უფრთხილდებოდნენ, ცდილობდნენ, თაობებისთვის შეურყვნელად გადაეცათ წინაპართა დანატოვარი, უფრო მეტი, მამა-პაპათა ენაზე ქმნიდნენ ლექს-სიმღერებს, რომლებშიც სამშობლოს უსაშველო მონატრების გრძნობას აქსოვდნენ. ამის ბრწყინვალე ნიმუშია პროფესორ შუშანა ფუტკარაძის მიერ შეკრებილი და ერთ წიგნად შეკრული თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების მეტყველების უნიკალური ნიმუშები.

„ნენემ ისე მოკდა, თურქის ენა არ დეისტავლა“ - ეს სიტყვები ქალბატონ შუშანა ფუტკარაძეს თურქეთელმა ჩვენებურმა მემედ ემინ ქაია - მაკარაძემ უთხრა. აჭარელი ნენეს როგორი ქართული სული, პატრიოტიზმი, უცხოს მიუღებლობა და სიბრძნე ჩანს ამ სიტყვებში: სანამ ნენე ქართულად ლაპარაკობს, მისი შვილებიც ქართულად ილაპარაკებენ, უცხო ვერ მოერევა, ქართული იდენტობა შენარჩუნდება.

ქალბატონმა შუშანა ფუტკარაძემ უდიდეს ეროვნულ საქმეს მოჰკიდა ხელი, როცა 1999 წელს დაიწყო „ჩვენებურების“ ქართულის შესწავლა. იმერხევში ნიკო მარის 1904 წლის მოგზაურობის შემდეგ, ეს იყო პირველი ენათმეცნიერული ექსპედიცია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ქართული სამეცნიერო საზოგადოება პირველად გაეცნო ისტორიული ლივანის, ტაოსა და ზედა მაჭახლის მეტყველების ნიმუშებს, რომლებშიც, მკვლევრის დაკვირვებით, „დაცულია ქართული ენის არქაული ვითარება, შენარჩუნებულია ჩვენი ენის განვლილი საფეხურების ცოცხალი სურათი“.

„ჩვენებურების ქართულში“ მოყვანილი მასალა თვალნათლივ გვიჩვენებს, როგორ ეალერსებიან და სასოებით ინახავენ მშობლიურ ენას ასწლობით უცხოეთში მცხოვრები გურჯები, როგორ ამაყობენ თავიანთი ქართველობით და როგორ წუხან, რომ ახალმა თაობამ ნაკლებად იცის წინაპრების ენა: „ორმოზდაათი წლის წინ იმფო სუფთა იყო ქართული ენა ჩუენსა. ოქულები (სკოლები –  შ.მ.) რომ გეიხსნა, თურქჩა შამოვდა. ბაღნები თურქჩას სწავლობენ ოქულებში და გურჯიჯას აღარ ეტანებიან. წორეთ აღარ მივა საქმე“.

იმისათვის, რომ „სისხლი არ გამოცვლილიყო,“ თურქეთში გადახვეწილი ქართველი მუჰაჯირები ოჯახში უცხო ეროვნების ქალს არ შეიყვანდნენ რძლად, არც გოგოს გაათხოვებდნენ „სხუა ხალხში“: „ჩუენ ენამ არ გამეიცვალოს, არ დაგვავიწყდეს, სხუა ხალხსა, ქართუელის გარდა, არ ვუშვებთ ჩუენ სოფლებში. არ ვუშვებთ ქი, სისხლმა არ გამეიცუალოს, ენამ არ გამეიცუალოს“  – ეს სიტყვები იმავე მემედ ემინ ქაია-მაკარაძეს ეკუთვნის და ისინი გვაოცებენ პატრიოტული თვითშეგნების მაღალი დონით, ჯანსაღი ეროვნული სულისკვეთებით.

ქალბატონი შუშანა ფუტკარაძე ზუსტ და სწორ  აქცენტებს აკეთებს, როცა ხაზს უსვამს: ჩვენებურები „ქიბრობენ“ – ამაყობენ, ტრაბახობენ თავიანთი ქართველობით, მიაჩნიათ, რომ „თურქიეში „გურჯი“ თქმა დიდი რამეა!“ , „გურჯები ხომ „თელ თურქიეში არიან მოთესილი, სინათლეს აძლევენ თურქიესა“, ამასთან, „ქართუელებითვინ ღმერთსა სილამაზე მარტო ბუკით და პირით არა, გულით და სულით მუუცემია“. დაგვეთანხმებით, ალბათ, ამაზე ლამაზად ქართული ფესვებით სიამაყის გრძნობის გადმოცემა წარმოუდგენელია!

„შორ დიგვირჩა მემლექეთიო“ – დარდობენ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები, რომ შემეძლოს „ხოხვა-ხოხვით იქ გადმუახტებიო“ – გვიმხელს ოთხმოცი წლის მოხუცი... ისმაილ ქარა-შავიშვილი კი ოცნებობს, მისმა შვილებმა მაინც მოინახულონ მემლექეთი: „მე ბერი ვარ, აღარ მემეწრობა ბათუმის მოვლა, ამა ჩემ თორუნსა მეეწრობოდეს, ისიც რაზი ვიქნები. ლამაზი შეჰერი (ქალაქი - შ.მ.) იქნება ახლა ბათუმი!“

„ქართული ენა მეტად ტკბილია“ – ამბობს ნიაზ ჯიჯანიძე და სთხოვს სტუმრად ჩასულ ქართველ პროფესორს, კარგად ჩაწეროს მის მიერ მონათხრობი „ხებრები“, რათა ისინი შთამომავლობას არ დაეკარგოს: „კაი გიქნიან, მოგიზებნიან გურჯული ხებრები, ნუ დეიკარქვის ჩვენი ენა“.

„ჩემი შვილები ექსნავე გურჯიჯას ლაპაიკობს“ , – ამაყად ამბობს ქართველი დედა – ულფან ქოსე-მოფრინაძე, მაჭახლელი ჰაირი ჰაიროღლუ-ვახტანგ მალაყმაძე კი იმით იწონებს თავს, რომ „ჩუენი სოფლის ხალხი ქართუელობის შენახვით ყუელგან გამეიცნობა“.

ბუნებრივია, ისინი მკაცრად განსჯიან მათ, ვინც წინაპართა მიერ გადმოცემულ უძვირფასეს განძს – ქართულ ენას, არ მოუარა და შთამომავლობას დაუკარგა: „შავშეთელები არ მიყუარან, ენა დაკარქესო“– არ პატიობს თვისტომს მუქერემ ჩიბუქი-გოგიტიძე; „ჩუენ შავშეთელებით ვერ მოვრიგდებით, ლაპარაკი გურჯიჯა არ იციან“ – კვერს უკრავს შერიფ ჩავდაროღლუ-ბერიძე.

ჩვენებურებმა ისიც კარგად იციან, რომ „ზუელათ ქრისტიანები ვყოფილვართ. ჩემი დედეი იტყოდა: – წისქვილის ჩახჩახში დოუბმან ჩუენი ბებერი და ისე ზორ გუუმუსლიმანებიანო“.

„ჩვენებურების ქართულში“ ქალბატონმა შუშანა ფუტკარაძემ შეკრიბა ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, რომლებიც „მემლექეთიდან“ წასულ ქართველებს არ დავიწყნიათ და თაობიდან თაობისათვის გადაუციათ. ჩვენებურებს დღემდე შემოუნახავთ ძველი ქართული ადათ-წესები, ხალხური სიმღერები, ცეკვები: არც „შედგმული ხორუმი“ დავიწყნიათ, არც „განდაგანა“, არც აჭარული შაირები: „სიმღერა და ფერხული ვიცით, ჯილველო, ნანაიდა“:

„გაღმა სერში თეთრი ქვაო, ჯილველო, ნანაიდა,

ხელი დავყე, არ ამყუაო, ჯილველო, ნანაიდა,

გოგოვ, შენმა სიყუარულმა, ჯილველო, ნანაიდა,

საცხა წაველ, თან გამყუაო, ჯილველო, ნანაიდა...“

უფრო მეტი, შეუქმნიათ ახალი ლექს-სიმღერები, რომლებშიც სამშობლოს მონატრების უსაშველო განცდაა გადმოცემული, ასეთია ქალბატონ შუშანას მიერ ჩაწერილი „თეთრო მამალო“:

„თეთრო მამალო, რატომ არ ყივი,

ლამაზო ქალო, რატომ არ ტირი?

შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე,

შენი თვალ-წარბი მე შემიცვალე...

ღელე გაღმაში ჩვენი სახლები,

მოკდენ ძველები, დარჩენ ახლები...

შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე,

შენი თვალ-წარბი მე შემიცვალე“.

შუშანა ფუტკარაძე საფუძვლიანად აანალიზებს მის მიერ შეკრებილ ტექსტებს. მისი სამართლიანი დაკვირვებით, ზემოთ მოყვანილი ლექსი ალეგორიული შინაარსისაა. მართლაც, ამ ნაზი სევდითა და ტკივილით სავსე ლექსში სამშობლოს მოწყვეტილმა ქართველებმა თავიანთი ბედის ტრაგიზმი გამოხატეს, გვიჩვენეს, დრო როგორ აშორებს ერთმანეთს მდინარის სხვადასხვა ნაპირზე დარჩენილ ძმებს, როგორ ფერმკრთალდება სამშობლოზე მოგონებები და ძველი თაობის წასვლასთან ერთად როგორ წყდება მასთან დამაკავშირებელი ძაფები, შვილები უკვე დაფუძნებულან უცხო მიწაზე და აღარ ოცნებობენ, დაუბრუნდნენ წინაპართა ნაფუძარს. არადა, ქართველი მუჰაჯირების გული მკვდარი იყო, როცა სამშობლოს ტოვებდნენ:

„ავდგეთ, წევდეთ მუჰაჯირათ, რა ლამაზი დარიაო;

ჩუენ რომ გემში ჩავჟდებით, ჩუენი გული კდარიაო“.

ქაზიმ უჩარი-დავითაძე კი უხსნის მემლექეთიდან მოსულ სტუმარს, რომ მუჰაჯირები საქართველოდან თურქეთში შეფრენილი ფუტკრები არიან, „აჭარიდან გამოქცევლი მართვე“... „მოვსულვალთ და აქ გიგვიკეთებია ბუდიები, აქ მოვფუმფულებულვართ“, ლექსადაც მიუმღერებს თავის „დერდებს“:

„შეფრენილო ფუტკარო, წადი მავანს უთხარო:

– შენ ქართუელი შვილი ხარ, შვილო, მოდი ჩემთანა...

შავი ზღვის პირზე თოვლი მოსულა, შენი

ფუტკარი სხუასთან წასულა,

შავი ზღვის პირზე მასკლავი ბწყინავს, შენი

ფუტკარი დღეს სხუაგან ფრინავს...“

ასე მოიტანა ქალბატონმა შუშანა ფუტკარაძემ მის მიერ ხუთი წლის მანძილზე სათუთად ნაგროვები ხალხური მარგალიტები, ოპიზარებისა და ოშკელების შთამომავალთა „ბაგეებზე დაკრეფილი ქართული სიტყვები“. ალბათ, ამ  ზოგადი მიმოხილვითაც  ნათელია, რომ ერთმა ბათუმელმა მეცნიერმა, ლამის მთელი კვლევითი ინსტიტუტის საქმე, მარტომ, ენთუზიაზმისა და პატრიოტიზმის ამარამ  გააკეთა იმ შეჭირვებულ 90-იან წლებში  და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ბიბლიური სიბრძნის ჭეშმარიტებაში: „და სიტყვა იყო ღმერთი...“

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მადლობა ვუთხრათ დიდებულ ქალბატონსა და მკვლევარს, პროფესორ შუშანა  ფუტკარაძეს საშვილიშვილო საქმის გაკეთებისთვის, ვუსურვოთ კვლავაც მზეგრძელობა, მხნეობა და ბევრი სიხარული.

შორენა მახაჭაძე,

ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა