გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

რამდენიმე ეპიზოდი ბსუ-ს ქრონიკებიდან

სურათი

1990 წელს პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმ დღეს უნივერსიტეტს უამრავი სტუმარი ჰყავდა. ხალხმრავლობის გამო გადაიკეტა რუსთაველის ქუჩა, ხოლო მიტინგი ახალი კორპუსის კიბეებზე გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დ. ბალაძემ მთელ საქართველოს მიულოცა ეს ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა და აღნიშნა, რომ ახდა დიდი ივანე ჯავახიშვილის ოცნება — საქართველოში მეორე უნივერსიტეტის ბათუმში გახსნის თაობაზე.

საპატიო სტუმართა შორის, რა თქმა უნდა, ბრძანდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი - ილიაII. მან ბრძანა:
საქართველოს ამ კურთხეულ მიწაზე იხსნება უნივერსიტეტი. ამაზე ოცნებობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. ეს ისეთივე რჩეული დღემდეა, როგორც თბილისის უნივერსიტეტის გახსნის ჟამს იყო... სამშობლო ბათუმის უნივერსიტეტისგან ელოდება, რომ იგი იქნება ახალი ათინა და ახალი იერუსალიმი, როგორც დავით აღმაშენებელი მიზნობრივად ესწრაფოდა გელათის აკადემიის შექმნისას.“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნივერსიტეტს „ბიბლია“ გადასცა საჩუქრად, ხოლო რექტორი ოქროს ჯვრის ტარების პატივით დააჯილდოვა:
ღმერთმა დალოცოს ბათუმის უნივერსიტეტი, ერი მისგან ელოდება მაღალ ზნეობას. ეს ჯვარი მემკვიდრეობით უნდა ატაროს ყველა მომავალმა რექტორმა.“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის

სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან

80 წლის გამო

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს.

მან უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. ჭეშმარიტად ბრძანებდა ბატონი ივანე ჯავახიშვილი: თუ სადმე კიდევ უნდა გაიხსნას უმაღლესი სასწავლებელი, ეს,  უპირველესად, ბათუმში უნდა მოხდესო.

უნივერსიტეტის პედაგოგებისა და აქ აღზრდილი თაობების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ გაამართლეს ის იმედები, რისთვისაც იღვწოდნენ ჩვენი ცნობილი მეცნიერები: გიორგი ახვლედიანი, სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი წერეთელი, სარგის კაკაბაძე, ვუკოლ ბერიძე,  დიმიტრი გედევანიშვილი და სხვანი, რომელნიც დაუღალავად ეხმარებოდნენ ბათუმის ამ სასწავლებელს პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

დღეს მთელი მსოფლიო მეტად რთული და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგას. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებით კი მათ, რომელთაც მომავალი თაობების აღზრდა აკისრიათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სპეციალობის ღრმა ცოდნასთან ერთად, აუცილებელია, ახალგაზრდებს ავისა და კარგის, კეთილისა და ბოროტის გარჩევა და დამოუკიდებელი აზროვნება. ვასწავლოთ, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, სწორი არჩევანი გააკეთონ.

ღმერთმა დალოცოს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი, პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები.

ღმერთმა მოგცეთ ძალა ღვთისა და მამულის სამსახურად“.

07. 10. 2015.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის

სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან

90 წლის გამო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გულითადად ვულოცავთ დაარსებიდან 90 წლისთავს. მისი ისტორია 1935 წლიდან, ანუ ამ შენობაში ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტის გახსნიდან, იწყება; შემდეგ იყო განვითარების სხვადასხვა ეტაპი, 1990 წლიდან კი აქ უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს უმაღლესი სასწავლებელი ტოლს არ უდებს ჩვენი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებს, არის მრავალპროფილური და საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებული, რომელსაც თავისი უდიდესი წვლილი შეაქვს მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.

მინდა დავლოცო რექტორი, ბ-ნი ტიტე აროშიძე, სასწავლებლის ადმინისტრაცია და მომსახურე პერსონალი, აქ მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კედლებში ისწავლა და ასწავლიდა; გარდაცვლილთა სულნი კი უფალს შევავედრო და ღვთის საუფლოში მათი დამკვიდრება შევთხოვო.

ასევე მინდა დღეს, ამ საიუბილეო შეხვედრაზე, მივმართო ახალგაზრდებს და ვუთხრა, რომ თქვენ საქართველოს იმ კუთხის შვილნი ხართ, საიდანაც დაიწყო ჩვენი ქვეყნის მოქცევა, სადაც პირველად იქადაგა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა და ჩვენთან პირველად გამოავლინა თავისი ცხოველსმყოფელი ძალა მოციქულ ანდრიას მიერ ჩამობრძანებულმა აწყურის ღვთისმშობლად წოდებულმა სასწაულმოქმედმა ხატმა. „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ, რომ პირველად ქართველები სწორედ ამ მიწაზე გაქრისტიანდნენ, პირველად აქ ამოხეთქა ხატის დაბრძანების ადგილას წმინდა წყალმა, აქ აშენდა ღვთისმშობლის სახელობის პირველი ეკლესია, პირველად აქ ისწავლეს ქართველთა ,,ყოველი წესი სჯულისა და სარწმუნოებისა და დაედგინათ ეპისკოპოსი, მღვდელნი და დიაკონნი". ამასთან, მხოლოდ აქ დარჩა აწყურის ღვთისმშობლის საოცარი ხატის სასწაულმოქმედი ასლი, რომელიც დედანზე სუფთა ფიცრის დადებით და წმ. მოციქულ ანდრიას ლოცვით გამოისახა.

ამიტომაც თქვენ განსაკუთრებულად გმართებთ, იყოთ ქრისტიანები, ქრისტეს ერთგული მეციხოვნენი და ღვთისმშობლის მფარველობის მოიმედენი. აუცილებელია, რომ ცოდნის შეძენასთნ ერთად, იზრუნოთ სწორად ცხოვრებისათვის; ამას კი ვერ მიაღწევთ წმინდა წერილის შესწავლისა და ღვთის მცნებათა დაცვის გარეშე.

გიყვარდეთ მოყვასი, იყავით სულით ძლიერნი და ამავე დროს მიმტევებელნი, ისწავლეთ ღრმა აზროვნება და უანგაროდ თესეთ სიკეთე, რათა მოიმუშაკოთ წყალობა ღვთისა და ღვთისმშობლისა, ზეციურ ძალთა და ყოველთა წმინდანთა.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.

თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ს გარდაცვალების გამო. მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც სრულიად საქართველოსა და განსაკუთრებით, ჩვენი კუთხისთვის გაუკეთებია. ფასდაუდებელია პატრიარქის ღვაწლი, დიდია დანაკლისი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა