
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის წარმომადგენელი, ბიოლოგიის დოქტორი და AGRICOOP პროექტის ეროვნული კოორდინატორი გუგული დუმბაძე საუბრობს საერთაშორისო აგროეკოლოგიური ინიციატივის მნიშვნელობაზე. პროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს აერთიანებს, მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებისა და ინვაზიური მავნებლების გამოწვევებთან ბრძოლას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და თანამშრომლობის გზით, რაც ფერმერებს პრაქტიკულ და ეფექტიან მხარდაჭერას სთავაზობს.
_ ქალბატონო გუგული, რა არის AGRICOOP-ის მთავარი მიზანი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი შავი ზღვის რეგიონისთვის?
_ თავდაპირველად, მსურს გულწრფელი მადლიერება გამოვხატო პროექტით დაინტერესებისა და შესაბამისი ინფორმაციის გაზიარებისათვის. AGRICOOP არის საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც ხორციელდება Interreg VI-B NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში და მისი სრული სახელწოდებაა: „Cooperation through Tech-Based Practices to Struggle Invasive Species and Climate Change for a Sustainable and Resilient Agriculture“. თავად სახელწოდებაც კარგად აჩვენებს მის არსს: პროექტი აერთიანებს პარტნიორებს იმისთვის, რომ თანამედროვე, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მიდგომებით უპასუხონ სოფლის მეურნეობის ორ დიდ გამოწვევას — ინვაზიურ სახეობებს და კლიმატის ცვლილებას.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, AGRICOOP არის პროექტი, რომელიც ცდილობს დაეხმაროს რეგიონს, განსაკუთრებით კი ფერმერებსა და აგრარულ სექტორს, უკეთ დაინახონ, დროულად გამოავლინონ და უფრო სწორად მართონ ის საფრთხეები, რომლებიც მნიშვნელოვან კულტურათა მოსავლიანობას, პროდუქციის ხარისხსა და სოფლის მეურნეობის მდგრადობას აზიანებს. პროექტის მიხედვით, მისი მთავარი ამოცანაა პროექტის პარტნიორ ქვეყნებში გავრცელებული ინვაზიური უცხო სახეობების გამოვლენა, მათ წინააღმდეგ ბრძოლის გზების შემუშავება, კლიმატური მონაცემების გამოყენება და ამ ცოდნის პრაქტიკულ ინსტრუმენტებად გადაქცევა.
AGRICOOP-ის განსაკუთრებული ღირებულება ის არის, რომ იგი მხოლოდ თეორიულ მსჯელობაზე არ ჩერდება. პროექტი ითვალისწინებს კლიმატისა და მავნებლების გამოვლენის სადგურების (CPDS) დამონტაჟებას, ფერმერებისთვის მობილური აპლიკაციის — MAPPEST-ის განვითარებას, ერთობლივი ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადებას, ასევე ტრენინგებსა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს. ეს ნიშნავს, რომ პროექტის შედეგი უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ისეთი პრაქტიკული დახმარება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოადგება სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებს.
პროექტი ეფუძნება იმ აზრს, რომ მსგავსი პრობლემები ერთი ქვეყნის ფარგლებში სრულად ვერ გვარდება. ინვაზიური სახეობები და კლიმატის ცვლილების გავლენა საზღვრებს არ ემორჩილება, ამიტომ AGRICOOP აერთიანებს თურქეთის, ბულგარეთისა და საქართველოს პარტნიორებს, რათა გამოცდილება, მონაცემები და შედეგები ერთობლივად შეიქმნას. კონსორციუმში მონაწილეობენ ტრაბზონის სავაჭრო ბირჟა, როგორც წამყვანი პარტნიორი, ვარნას ეკონომიკური განვითარების სააგენტო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და 19 მაისის უნივერსიტეტი (სამსუნი, თურქეთი)
ამგვარად, AGRICOOP არის შავი ზღვის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აგროეკოლოგიური პროექტი, რომელიც მეცნიერებას, ტექნოლოგიასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას აერთიანებს, რათა სოფლის მეურნეობა გახდეს უფრო მდგრადი, გამძლე და მზად კლიმატური და ბიოლოგიური საფრთხეების საპასუხოდ.
AGRICOOP-ის მთავარი მიზანია შავი ზღვის რეგიონში სოფლის მეურნეობის მდგრადობისა და გამძლეობის გაძლიერება — კლიმატის ცვლილებითა და ინვაზიური მავნებლებით დაზარალებული კულტურების გამოვლენის, მათი კონტროლის მეთოდების შემუშავებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი მსგავსი ეკოლოგიური და აგრარული გამოწვევების წინაშე დგანან, ხოლო მავნებლები და კლიმატური რისკები სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობენ.
_ რა გამოწვევებს პასუხობს პროექტი ინვაზიური მავნებლებისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით?
_ პროექტი პასუხობს ორ ურთიერთდაკავშირებულ პრობლემას: ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილება ზრდის სოფლის მეურნეობის მოწყვლადობას, ხოლო მეორე მხრივ, ინვაზიური მავნებლები ამცირებენ მოსავლიანობასა და პროდუქციის ხარისხს. პროექტის მიხედვით, ტრადიციული ქიმიური ბრძოლა ყოველთვის ეფექტიანი არ არის და ხშირ შემთხვევაში გარემოს დაბინძურებასა და ბუნებრივი ბალანსის დარღვევასაც იწვევს, ამიტომ AGRICOOP აქცენტს აკეთებს უფრო მიზნობრივ, ტექნოლოგიურ, მექანიკურ და ბიოტექნიკურ მიდგომებზე.
_ რა როლს ასრულებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში?
_ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი AGRICOOP-ის პარტნიორი ორგანიზაციაა და პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-საკოორდინაციო როლი ეკისრება. კერძოდ, უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს აქტივობას, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილებითა და ინვაზიური სახეობებით ყველაზე მეტად დაზარალებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოვლენას, საერთო მეთოდოლოგიის განსაზღვრას, პარტნიორი ქვეყნების ანგარიშების შეჯამებასა და მიღებული შედეგების ერთიან შეფასებას. ამრიგად, ჩვენ მიერ შემუშავებული და გაზიარებული იქნა აღნიშნული აქტივობის სრული და დაწვრილებითი მეთოდოლოგია. საწყის ეტაპზე ჩვენ მიერ (და ასევე ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ) განხორციელდა აღნიშნული მიმართულებით პარტნიორ ქვეყანაში არსებული სამეცნიერო წყაროების თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და ინფორმაციის შეჯამება. შედეგად გამოიყო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების აგროსექტორში მოწყვლადი კულტურები (ციტრუსი, თხილი, მოცვი, კივი და ბოსტნეული) და შეირჩა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ინვაზიური მავნებლები.
_ რას გულისხმობს კლიმატისა და მავნებლების გამოვლენის სადგურების (CPDS) შექმნა და როგორ დაეხმარება ეს ფერმერებს?
_ CPDS არის სპეციალური სადგურები, რომლებიც საპილოტე რეგიონებში რეალურ დროში შეაგროვებენ კლიმატურ მონაცემებს — ტემპერატურას, ჰაერის ტენიანობას, წნევას, ქარის მიმართულებასა და სიჩქარეს, ნალექს, ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობას, და ასევე, ტემპერატურის მატებასთან ერთად, სადგური დააფიქსირებს მავნებელს პირველი გამოჩენისთანავე, რაზეც გატარდება სიფრთხილის ადრეული ზომები. თითო ქვეყანაში პროექტით დაგეგმილია სულ მცირე 3 ასეთი სადგურის განთავსება, რაც ფერმერებს მისცემს უფრო ზუსტ ინფორმაციას, რათა დროულად და სწორად მიიღონ გადაწყვეტილება მცენარეთა დაცვის შესახებ.
_ როგორ იმუშავებს მობილური აპლიკაცია MAPPEST და რა პრაქტიკული სარგებელი ექნება მომხმარებლებისთვის? MAPPEST არის ინვაზიური სახეობების გამოსავლენი მობილური აპლიკაცია, რომელიც შეიქმნება ფერმერებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის, ის გაზიარდება სტუდენტებთან და მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებთან. მასში თავს მოიყრის როგორც ფერმერებისა და სხვა პირების მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია მავნებლების შესახებ, ასევე, CPDS სადგურებიდან მიღებული მონაცემებიც. მისი მთავარი პრაქტიკული ღირებულება იქნება ის, რომ მავნებლებისა და კლიმატური პირობების შესახებ ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდება და ფერმერს დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში არა ზოგადი ვარაუდით, არამედ მონაცემებზე დაყრდნობით.
_ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელება ევროკავშირის პროგრამის — Interreg VI-B NEXT Black Sea Basin — მხარდაჭერით?
_ ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფინანსურად, ისე ინსტიტუციურად. პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 506,548 ევროს, საიდანაც 90% Interreg-ის დაფინანსებაა, რაც პარტნიორებს აძლევს შესაძლებლობას, ერთობლივად განახორციელონ კვლევა, ტექნოლოგიური პილოტირება, ფერმერთა გადამზადება და საერთაშორისო თანამშრომლობა.
_ როგორ ჩაერთვებიან ფერმერები და რა ტიპის გადამზადებას მიიღებენ ისინი?
_ ფერმერები პროექტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფია. თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში გაიმართება 3-დღიანი ფიზიკური, პრაქტიკული და თეორიული ტრენინგები ადგილობრივ ენაზე, სადაც სულ მცირე 100 ფერმერი მიიღებს მონაწილეობას; გარდა ამისა, ჩატარდება სემინარები, გავრცელდება საინფორმაციო ბროშურები, მომზადდება ვიდეომასალები და პრაქტიკულად იქნება ნაჩვენები მავნებლების კონტროლის ეფექტიანი მეთოდები.
_ როგორ შეუწყობს ხელს AGRICOOP ქიმიური პრეპარატების გამოყენების შემცირებას?
_ AGRICOOP-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ის არის, რომ იგი ფერმერს სთავაზობს უფრო ზუსტ და მიზნობრივ მიდგომას. როდესაც მავნებლის გავრცელება და კლიმატური პირობები უკეთ ჩანს მონაცემებით, ქიმიური საშუალებების გამოყენება შეიძლება გახდეს უფრო გააზრებული, შემცირებული და უფრო მეტად ჩანაცვლებული მექანიკური და ბიოტექნიკური მეთოდებით, რაც გარემოსთვისაც უფრო უსაფრთხოა.
_ რა გრძელვადიან შედეგებს ელოდებით პროექტის დასრულების შემდეგ?
_ გრძელვადიან პერსპექტივაში ველოდებით, რომ შეიქმნება არა მხოლოდ ერთჯერადი პროექტული შედეგები, არამედ რეალური საფუძველი უფრო გამძლე სოფლის მეურნეობისთვის. პროექტი ითვალისწინებს დაზარალებული კულტურების იდენტიფიკაციას სამ ქვეყანაში, მინიმუმ სამი კონტროლის მეთოდის შემუშავებასა და დანერგვას, 15 სადგურის შექმნას, MAPPEST-ის განვითარებას, ფერმერთა ტრენინგებსა და საერთაშორისო ფორუმს; ამასთან, დაგეგმილია, რომ პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს.
_ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პარტნიორობას, მათ შორის ტრაპიზონის სასაქონლო ბირჟასთან თანამშრომლობას?
_ ამ პროექტში საერთაშორისო პარტნიორობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ინვაზიური მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო შედეგიანია მაშინ, როცა მეზობელი ქვეყნები ცოდნას, მონაცემებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. ტრაპიზონის სასაქონლო ბირჟა პროექტის წამყვანი პარტნიორია და მას უკვე აქვს აგრარული მიმართულებით მსგავსი რეგიონული თანამშრომლობისა და ფერმერთა ტრენინგების გამოცდილება, რაც AGRICOOP-ის განხორციელებას დამატებით სანდოობასა და ორგანიზაციულ სიმყარეს სძენს.
_ რა იყო თქვენთვის მთავარი მოტივაცია AGRICOOP-ში ჩართვისას?
_ მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით კვლევა, თურქეთისა და საქართველოს აკადემიური პირების ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა დაახლოებით 10 წელზე მეტია გრძელდება. ამ მხვრივ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის წევრებთან და სტუდენტებთან ერთად, ართვინის ჭოროხის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის (რიზე), ქარადენიზის ტექნიკურ (ტრაბზონი), ონდოქუზ მეის (სამსუნი) უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩატარებული გვაქვს მრავალი კვლევა სხვადასხვა მავნებლის მიმართ, მომზადებულია რამდენიმე პროექტი და გამოქვეყნებულია სამეცნიერო სტატიები, საკონფერენციო მოხსენება თუ სამაგისტრო ნაშრომი ერთობლივი ხელმძღვანელობით. ამიტომაც, ამ პროექტის შემოთავაზება ჩემთვის იყოს მნიშვნელოვანი მოტივაცი. ეს პროექტი ერთდროულად პასუხობს მეცნიერების, განათლებისა და პრაქტიკის ინტერესებს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა უნივერსიტეტს შეუძლია არა მხოლოდ კვლევის ჩატარება, არამედ ამ ცოდნის ფერმერამდე მიტანა და ისეთი შედეგის შექმნა, რომელიც რეალურად გააუმჯობესებს რეგიონში აგრარულ პრაქტიკას.
- რა ყველაზე დიდი გამოწვევა გამოიკვეთა პროექტის საწყის ეტაპზე?
- საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო საერთო მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება ისე, რომ იგი სამივე ქვეყნის პირობებს მისადაგებოდა და შედეგებიც ერთმანეთთან შედარებადი ყოფილიყო. ასეთ პროექტებში აუცილებელია, რომ კვლევაც, მონაცემთა შეგროვებაც და შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯებიც ერთიანი ხედვით დაიგეგმოს. მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი საქმიანობები განხორციელებულია. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ საველე სამუშაოების დაწყებას და თეორიულად და დაინტერესებული პირებთან შეხვედრის შედეგად მიღებული დასკვნების გამყარებას მიმდინარე საველე კვლევეის შედეგებით.
_ როგორ აფასებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლს რეგიონული აგროინოვაციების განვითარებაში?
_ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონული აგროინოვაციების განვითარებაში მნიშვნელოვან და პასუხისმგებლიან როლს ასრულებს. უნივერსიტეტის განსაკუთრებული ძალა იმაში მდგომარეობს, რომ აქ სამეცნიერო ცოდნა, საგანმანათლებლო რესურსი და პრაქტიკული გამოცდილება ერთმანეთთან ბუნებრივად არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, AGRICOOP-ის ფარგლებში BSU არ არის მხოლოდ აკადემიური პარტნიორი — იგი აქტიურად მონაწილეობს ისეთი ცოდნის შექმნასა და გავრცელებაში, რომელსაც პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს როგორც ფერმერებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტში ჩართული არიან ახალგაზრდა და კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით აძლიერებენ გუნდს. მათ შორის არიან აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი მამუკა თურმანიძე — ბსუ-ს აგროსკოლის დირექტორი; გიორგი მახარაძე — ბიოლოგიის დოქტორანტი და აგრარული ექსტენციის ცენტრის ხელმძღვანელი; რუსუდან დუმბაძე — ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით. პროექტს საერთაშორისო გამოცდილებით ამდიდრებს უცხოელი ექსპერტიც — თემელ გოქთურქი, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის პროფესორი.
ამ გუნდის სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ იგი მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ ეყრდნობა. პროექტში ერთიანდება როგორც მეცნიერული ხედვა, ისე რეალური პრაქტიკული გამოცდილება, რაც აგროინოვაციების წარმატებით განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ პროცესში კარგად არის ჩამოყალიბებული, როგორც სანდო და აქტიური პარტნიორი, სადაც კვლევა, განათლება და პრაქტიკა ერთიანდება საერთო მიზნისთვის.
_ გაქვთ თუ არა კონკრეტული მაგალითი ან მოლოდინი, თუ როგორ შეცვლის პროექტი ფერმერების ყოველდღიურ პრაქტიკას?
_ დიახ, ასეთი მოლოდინი ნამდვილად არსებობს. მაგალითად, ფერმერს აღარ მოუწევს მხოლოდ გამოცდილებაზე ან ზოგად დაკვირვებაზე დაყრდნობა — მას ექნება სადგურებიდან მიღებული მონაცემები, აპლიკაციით ხელმისაწვდომი ინფორმაცია და პრაქტიკული რეკომენდაციები, რაც დაეხმარება, დროულად შენიშნოს რისკი და უფრო ზუსტად დაგეგმოს მცენარეთა დაცვა.
_ თქვენი ხედვით, რა უნდა იყოს AGRICOOP-ის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი პროექტის დასრულების შემდეგ?
_ ჩემი ხედვით, AGRICOOP-ის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი უნდა იყოს ის, რომ პროექტის დასრულების შემდეგაც დარჩეს მოქმედი ცოდნა, თანამშრომლობა და პრაქტიკული ინსტრუმენტები. ყველაზე ღირებული იქნება, თუ ფერმერი მიიღებს უფრო გასაგებ, სწრაფ და სანდო მხარდაჭერას, ხოლო პარტნიორ ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდება გრძელვადიანი ქსელი, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს ერთობლივ რეაგირებას საერთო აგროეკოლოგიურ გამოწვევებზე.
| უკან |
