
ანრი შარაშიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ოქროსმედალოსანი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. სწავლას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით აგრძლებს. ამბობს, რომ პასუხიმგებლობითა და შრომისმოყვარებით, ყველაფერს წარმატებით და დაძლევს.
_ ანრი, გვიამბეთ თქვენს სასკოლო ცხოვრებაზე. რომელ აქტივობებში იყავით ყველაზე მეტად ჩართული?
_ სასკოლო ცხოვრება ჩემთვის მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლებოდა. აქტიურად ვიყავი ჩართული როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ, სპორტულ და საზოგადოებრივ აქტივობებში. განსაკუთრებული ადგილი ეკავა პროექტებს, სპექტაკლებსა და გუნდურ ინიციატივებს, რაც პიროვნულ განვითარებაში ძალიან დამეხმარა.
_ რას ნიშნავს თქვენთვის ოქროს მედლის კანდიდატობა?
_ ოქროს მედლის კანდიდატობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და შრომის დაფასებაა. ეს არის წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევის, მიზანდასახულობისა და მუდმივი განვითარების შედეგი.
_ რომელ საგანში მიაღწიეთ ყველაზე დიდ წარმატებას და რატომ?
_ განსაკუთრებით მაინტერესებდა უცხო ენები, ასევე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მიმართულებები. წარმატებას ვაღწევდი იმ საგნებში, რომლებიც ლოგიკურ აზროვნებასა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვდა.
_ რომელ პროექტში ან ღონისძიებაში მონაწილეობით ამაყობთ ყველაზე მეტად?
_ ყველაზე მეტად ვამაყობ ფიზიკის მასწავლებელთან ერთად განხორციელებული პროექტით, რომლის შედეგადაც სკოლამ 5000 ლარის ღირებულების ინვენტარი მიიღო. ასევე მნიშვნელოვანი იყო სპექტაკლ — „კაცია ადამიანში?!“ მონაწილეობა, სადაც გუნდთან ერთად, პირველი ადგილი მოვიპოვეთ.
_ ანრი, როგორ ახერხებდით სწავლისა და დამატებითი აქტივობების ერთმანეთთან შეთავსებას?
_ ვფიქრობ, მთავარი იყო დროის სწორად განაწილება და პასუხისმგებლობის გრძნობა. ყოველთვის ვცდილობდი, თითოეული საქმე ხარისხიანად შემესრულებინა.
_ რა როლი ითამაშეს მასწავლებლებმა თქვენს წარმატებაში?
_ მასწავლებლების მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათ არა მხოლოდ ცოდნა გადმომცეს, არამედ მოტივაციაც მომცეს, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა.
_ თუ მონაწილეობდით ოლიმპიადებში, კონკურსებსა თუ კონფერენციებში და რომელი გამოცდილება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?
_ სასკოლო წლებში მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წარმატებული გამოცდილება მქონდა ინგლისურისა და გეოგრაფიის მიმართულებით, სადაც მიღწეულმა შედეგებმა მეტი მოტივაცია და თავდაჯერებულობა შემმატა. ეს გამოცდილებები დამეხმარა ცოდნის გაღრმავებაში, კონკურენტულ გარემოსთან ადაპტირებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში.
_ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საზოგადოებრივ ან მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობა?
_ ვფიქრობ, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა ადამიანს მეტად პასუხისმგებლიანსა და აქტიურს ხდის. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა საკუთარი შესაძლებლობები საზოგადოების სასარგებლოდაც გამოიყენონ.
_ იყო თუ არა რაიმე სირთულე გზაზე, რომლის გადალახვაც მოგიწიათ?
_ კონკრეტული სირთულე არ მქონია, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს სკოლის პერიოდში მართვის მოწმობის აღება. ამავე დროს აქტიურად ვემზადებოდი სააბიტურიენტო გამოცდებისთვის, რაც საკმაოდ სტრესული და დატვირთული პერიოდი იყო. მიუხედავად ამისა, დროის სწორად განაწილებისა და მიზანდასახულობის დახმარებით, შევძელი ორივე მიმართულებით წარმატებით გამკლავება.
_ როგორ ფიქრობთ, რა არის წარმატების მთავარი ფორმულა მოსწავლისთვის?
_ შრომა, დისციპლინა, მიზანდასახულობა და საკუთარი თავის რწმენა — ეს არის მთავარი ფაქტორები, რაც წარმატებას განაპირობებს.
_ რა თვისებები დაგეხმარათ ოქროს მედლის კანდიდატობამდე მისვლაში?
პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და მუდმივი განვითარების სურვილი.
_ რა მოტივაციას აძლევდით საკუთარ თავს რთულ პერიოდებში?
_ ყოველთვის მჯეროდა, რომ შრომას შედეგი აუცილებლად მოჰყვება. ჩემი მთავარი მოტივაცია იყო მომავლის მიზნები და ოჯახის მხარდაჭერა.
_ როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი რამდენიმე წლის შემდეგ?
მინდა, მომავალში ვიყო წარმატებული პროფესიონალი სპეციალისტი ჩემს სფეროში და ჩემი ცოდნა პრაქტიკაში ეფექტურად გამოვიყენო. თუმცა, ვფიქრობ, ცხოვრება მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს და შესაძლოა მომავალში სხვა მიმართულებითაც წავიდე. ამ ეტაპზე მთავარი მიზანია წარმატებით ჩავაბარო ეროვნული გამოცდები, ხოლო შემდეგ უკვე დრო და გამოცდილება მაჩვენებს, რა გზას ავირჩევ პროფესიულ განვითარებაში
_ რატომ ბსუ?
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე და ხარისხიან განათლებას სთავაზობს. ვფიქრობ, ეს არჩევანი ჩემს უკავშირდება პროფესიულ მიზნებს.
_ რომელმა სპეციალობა გაინტერესებთ და რატომ?
_ განსაკუთრებით მაინტერესებს ბიზნეს ადმინისტრირების — მარკეტინგის მიმართულება, რადგან ეს სფერო აერთიანებს კომუნიკაციას, კრეატიულობას, მენეჯმენტსა და თანამედროვე ბიზნეს მიდგომებს.
_ რა მოლოდინები გაქვთ სტუდენტური ცხოვრებისადმი?
_ ველოდები მრავალფეროვან, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სტუდენტურ ცხოვრებას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მომცემს.
_ რას ელით სასწავლო პროცესისგან?
_ ვფიქრობ, სასწავლო პროცესი უნდა იყოს პრაქტიკულ გამოცდილებაზე, თანამედროვე მიდგომებსა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული.
უნივერსიტეტი მომცემს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც პროფესიულ განვითარებაში დამეხმარება.
_ რა როლი ითამაშა ოჯახის, მეგობრების ან მასწავლებლების რჩევამ თქვენს არჩევანში?
_ ოჯახისა და მასწავლებლების მხარდაჭერა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მათი რჩევები და მოტივაცია არჩევანის გაკეთებაში ძალიან დამეხმარა.
_ რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც აბიტურიენტებმა ბსუ უნდა აირჩიონ?
_ ბსუ სტუდენტებს აძლევს ხარისხიან განათლებას, განვითარების შესაძლებლობას და თანამედროვე სასწავლო გარემოს.
_ გეგმავთ თუ არა უნივერსიტეტის სხვადასხვა აქტივობაში, პროექტში ან კლუბში ჩართვას?
_ რა თქმა უნდა. მსურს აქტიურად ჩავერთო სტუდენტურ პროექტებში, კლუბებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში.
_ რას ეტყოდით იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ჯერ კიდევ არჩევანის პროცესში არიან?
_ მთავარია, აირჩიონ ის პროფესია, რომელიც ნამდვილად აინტერესებთ და სადაც საკუთარ შესაძლებლობებს სრულად წარმოაჩენენ.
_ რა მიზნები გაქვთ მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით?
_ მინდა, გავხდე წარმატებული ჩემს პროფესიაში, მუდმივად განვვითარდე და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ეფექტურად გამოვიყენო. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული წარმატება, არამედ ისიც, რომ ჩემი საქმიანობით შევძლო ახალი იდეების განხორციელება, ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა. ვფიქრობ, მიზანდასახულობა, შრომა და მუდმივი განვითარება, დამეხმარება სასურველი შედეგების მიღწევაში.
_ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის განათლების მიღება რეგიონიდან გაუსვლელად?
_ როდესაც ახალგაზრდას საკუთარ რეგიონში აქვს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ფინანსურ, ისე სოციალურ სირთულეებს. ამასთანავე, რეგიონში დარჩენილი და განათლებული ახალგაზრდები მომავალში საკუთარი კუთხის განვითარებასაც უწყობენ ხელს.
_ რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ბსუ-ს შესახებ ინფორმაციის გაცნობისას?
_ ყველაზე მეტად მომეწონა სტუდენტებზე ორიენტირებული გარემო, თანამედროვე პროგრამები და განვითარების შესაძლებლობები.
_ რას ურჩევდით იმ მოსწავლეებს, რომლებიც ასევე მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევას ცდილობენ?
_ არასოდეს შეწყვიტონ სწავლა და განვითარება. წარმატების მთავარი საფუძველი შრომა, დისციპლინა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა.
| უკან |
