გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ნოდარ ბარამიძე - 80

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორ ნოდარ ბარამიძეს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ფსიქოლოგიის დეპარტამენტი ულოცავს მას ამ ღისშესანიშნავ თარიღს. უსურვებს ჯანის სიმრთელეს და მხნეობას.

საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში არსებობენ პიროვნებები, რომელთა ღვაწლიც რეგიონისა და ქვეყნის განვითარების ვექტორს განსაზღვრავს. სწორედ ასეთი მასშტაბის მოღვაწეა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, გამოჩენილი ფსიქოლოგი, ბატონი ნოდარ ბარამიძე, რომელიც ღირსსახსოვარ, 80 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ბატონი ნოდარის ფუნდამენტურმა კვლევებმა, ასაკობრივი და ნებისყოფის ფსიქოლოგიის მიმართულებით, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ სამეცნიერო აზროვნებაში, ხოლო ეს საიუბილეო თარიღი საუკეთესო შესაძლებლობაა მისი მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური და კვლევითი მოღვაწეობის შესაჯამებლად.

ბატონი ნოდარი დაიბადა 1946 წლის 2 ივნისს, მაშინდელი ბათუმის რაიონის სოფელ გონიოში. 1964 წელს მან მედალზე დაამთავრა გონიოს საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1964 – 69 წლებში, სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1969 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1975 წელს დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. პარალელურად კითხულობდა ლექციებს თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1976 წელს ინსტიტუტის დირექტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტის, აკადემიკოს ალ. ფრანგიშვილის წინადადებით, სათავეში ჩაუდგა პედაგოგიური ფსიქოლოგიის ქუთაისის ახლადჩამოყალიბებულ ლაბორატორიას. ქუთაისში მუშაობის პერიოდში კითხულობდა ლექციებს წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (დღევანდელი  ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი) და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1980 წელს იგი სამუშაოდ გადმოვიდა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. 1996 წლიდან იყო პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი. 1997 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1991 წლიდან ბატონმა ნოდარმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა ფსიქოლოგიის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2005 წლამდე. 2003 წელს დააარსა კათედრის პერიოდული სამეცნიერო კრებული “ფსიქოლოგიური გამოკვლევები,” რომელთანაც თანამშრომლობდნენ საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო დაწესებულებების ცნობილი ფსიქოლოგები. 2008-2009 წლებში იყო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, 2009-2011 წლებში სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2006 წლის ნოემბერში მისი ორგანიზებით უნივერსიტეტში ჩატარდა დ. უზნაძის  დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური საიუბილეო  კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა გამოჩენილმა ფსიქოლოგმა. 2009 წლიდან 2013 წლამდე ეჭირა სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სრული პროფესორის თანამდებობა. 2013 წლიდან არის უნივერსიტეტის ემერეტუს  პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 14 წიგნი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 150 მდე წერილი ჟურნალ-გაზეთებისთვის.

 80 წლის იუბილე საუკეთესო დროა იმ უზარმაზარი მემკვიდრეობის დასაფასებლად, რომელიც პროფესორმა ნოდარ ბარამიძემ შექმნა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოლეგები, ფსიქოლოგთა აკადემიური საზოგადოება და მის მიერ უამრავი აღზრდილი, მადლიერებით ქედს იხრის ბატონი ნოდარის წინაშე მრავალწლიანი თავდადებული შრომისთვის. ვულოცავთ მას ამ დიდებულ თარიღს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და იმავე შეუმცირებელ ნებისყოფას, რომელსაც იგი ათწლეულების მანძილზე ასე პროფესიონალურად იკვლევდა და საკუთარი ცხოვრებით ასახიერებდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა