
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მოსწავლეთა მე-12 სამეცნიერო კონფერენციაში ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები - ლიკა მემიაძე და დიანა დუმბაძე მონაწილეობდნენ. „კარიესი, როგორც ქიმიური პროცესი“, - ამ სახელწოდების თემით წარსდგნენ გოგონები აუდიტორიის წინაშე. მათი სამეცნიერო ხელმძღვანელი ქალბატონი ჯეირან ფუტკარაძე გახლდათ.
_ რატომ დაინტერესდით კარიესის თემით და გადაწყვიტეთ მისი ქიმიური კუთხით განხილვა?
_ კარიესი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მაინტერესებდა რა ხდებოდა პირის ღრუში კარიესის განვითარების დროს, საიდან ჩნდებოდა კბილებზე შავი წერტილები და გავარკვიე, რომ პირდაპირ უკავშირდება ქიმიურ პროცესებს, რომლებიც ყოველდღიურად მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში
_ რას წარმოადგენს კარიესი ქიმიური პროცესის თვალსაზრისით?
_ კარიესი წარმოადგენს კბილის მაგარი ქსოვილების პათოლოგიურ პროცესს, რომლის დროსაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენს პირის ღრუში მიმდინარე ქიმიური და ბიოქიმიური რეაქციები. ქიმიური თვალსაზრისით, კარიესი მეტად საინტერესოა, რადგან ის ქიმიური დისბალანსის შედეგს გვაჩვენებს, რომელიც გამოწვეულია ორგანული ნაერთების მეტაბოლიზმით.
_ რა როლს ასრულებენ ბაქტერიები და მჟავები კბილის დაზიანების პროცესში?
_ პირის ღრუში არსებული ბაქტერიები ნახშირწყლებს იყენებენ როგორც ენერგიის წყაროს. ისინი კბილის ზედაპირზე იწვევენ მჟავიანობის ცვლილებას. ასევე კარიესისთვის მნიშვნელოვანია ნახშირწყლები, რომლებიც ბაქტერიების მიერ სწრაფად გარდაიქმნება ორგანულ მჟავებად. ეს ყველაფერი აზიანებს კბილის ემალს და იწვევს დემინერალიზაციას.
_ რომელი ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს კარიესის განვითარების დროს?
_ ჰიდროქსიაპატიტის დაშლა მჟავურ გარემოში, რომლის შედეგადაც კბილის მინერალები იკარგება.
_ როგორ მოქმედებს შაქარი კბილის ემალზე?
_ შაქარი პირდაპირ არ აზიანებს ემალს, მაგრამ ის ბაქტერიების საკვებია, რომლებიც მათ მალევე გარდაქმნის ორგანულ მჟავებად.
_ რა ნივთიერებებისგან შედგება კბილის ემალი და რატომ ზიანდება იგი?
_ ემალი ძირითადად ზიანდება ჰიდროქსიაპატიტისგან და ის ზიანდება, მაშინ როდესაც პირის ღრუში მჟავიანობა მატულობს.
_ როგორ შეიძლება ქიმიის ცოდნა დაგვეხმაროს კარიესის პრევენციაში?
_ ქიმიის ცოდნა გვეხმარება მივხვდეთ, როდის არსებობს რისკი ჩვენს პირის ღრუში მჟავიანობის მომატებისა და შესაბამისად, კარიესის განვითარებისა. ჩვენ ამ შემთხვევებში ვიცით, როგორ დავიცვათ კბილები სწორი ჰიგიენით.
_რა მნიშვნელობა აქვს ფტორს კბილების დაცვისთვის?
_ ფტორი ამაგრებს ემალს, ზრდის მის მდგრადობას მჟავების მიმართ და ამცირებს კარიესის განვითარების რისკს.
_ კვლევის პროცესში რა საინტერესო ფაქტები აღმოაჩინეთ?
_ ჩემი ცოდნა გაიზარდა. მივხვდი, რომ მხოლოდ ბაქტერიები არ აზიანებს კბილებს. მათთვის აუცილებელია საკვებიც, რომლებსაც მალევე გარდაქმნის ორგანულ მჟავეებად, მივხვდი სწორი ჰიგიენის მნიშვნელობას.
_ იყო თუ არა ექსპერიმენტული ნაწილი თქვენს პროექტში? თუ კი, რას მოიცავდა?
_ პროექტი ძირითადად თეორიულ კვლევასა და სამეცნიერო წყაროების ანალიზს ეფუძნებოდა.
_ რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა?
_ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ასაკში კვების ჩვევები და ჰიგიენა დიდ გავლენას ახდენს კბილების მომავალ ჯამრთელობაზე.
_ რა საკვები პროდუქტები აჩქარებს კარიესის განვითარებას და რომელი იცავს კბილებს?
_ აჩქარებს: ტკბილეული, გაზიანი სასმელები და წებოვანი ტკბილეულობა (ნახშირწყლები, რომლებიც შეიცავენ თავისუფალი ჰიდროქსილისა და კარბონილის ჯგუფებს, რაც მათ ქიმიურად რეაქტიულს ხდის. ასეთებია: გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა) იცავს: რძის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი და წყალი.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ქიმიის დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან?
_ ქიმია გვეხმარება გავიგოთ ყოველდღიური მოვლენების მიზეზები და მივიღოთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები.
_ რა სირთულეები შეგხვდათ თემაზე მუშაობისას?
_ ყველაზე რთული იყო ქიმიური პროცესების ზუსტი შესწავლა და სამეცნიერო ინფორმაციის მარტივად გადმოცემა.
_ რას ურჩევდით თანატოლებს კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?
_ ჰიგიენის დაცვას, მის სწორ გამოყენებას, ნაკლები ტკბილეულის მიღებას და რეგულარულ სტომატოლოგიურ შემოწმებას.
_ გეგმავთ თუ არა მომავალშიც ქიმიასთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობას?
_ დიახ, რადგან ქიმია ბევრ საინტერესო და პრაქტიკულ საკითხს გვიხსნის.
_ რას ნიშნავს თქვენთვის მსგავსი სასკოლო აქტივობებში მონაწილეობა?
_ ეს მაძლევს შესაძლებლობას განვივითარო კვლევითი, საპრეზენტაციო და კრიტიკული აზროვნების უნარი.
_ როგორ შეაფასებდით თქვენი პროექტის მნიშვნელობას საზოგადოებისთვის?
_ ჩვენი პროექტი მსმენელს ინფორმაციას აწვდის კარიესის მიზეზებსა და პრევენციის გზების შესახებ, აჩვენებს გზას - როგორ ავირიდოთ თავიდან კარიესი.
_ ვინ იყო თქვენი თემის ხელმძღვანელი და რა დახმარება გაგიწიათ პროექტზე მუშაობის, პროცესების უკეთ გააზრებასა და კვლევის სწორად წარმართვაში?
_ ჩვენი თემის ხელმძღვანელი გახლდათ ქალბატონი ჯეირან ფუტკარაძე. ის დაგვეხმარა სწორი ინფორმაციის მოძიებაში, გააზრებასა და თეზისების სწორად ჩამოყალიბებაში. მისი დახმარებით, უკეთ გავიგეთ კარიესის განვითარების ქიმიური მექანიზმები, ასევე უამრავი მაგალითის დამოწმების და ჩვენების შემდეგ, უკეთ გავიაზრეთ ქიმიური პროცესები.
| უკან |
