
ალექსანდრე (სანდრო) ლაშხი დაიბადა 1945 წლის 4 თებერვალს, ქალაქ თბილისში. მან წარჩინებით დაამთავრა 53-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1968 წელს წითელ დიპლომზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.
1968-1971 წწ. იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრის კათედრის ასპირანტი. 1972 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ალგებრის განხრით. 1971-1984 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1984-1985 წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე, ხოლო 1991-2007 წწ. გამოყენებითი მათემატიკის კათედრის გამგე. 1988 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 1990 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. 2007-2008 წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ხოლო 2008-2009 წწ. კი - რექტორი.
ალექსანდრე ლაშხი 90 სამეცნიერო ნაშრომის და 3 მონოგრაფიის ავტორია, რომელთა ინგლისური ვარიანტები დაიბეჭდა ამერიკის შეერთებულ შტატებში (1985,1986,1996). იგი აქტიურად მონაწილეობდა, როგორც მიწვეული პროფესორი, უცხოეთის სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში, მათგან აღსანიშნავია: გერმანია (1983-1984), იტალია (1991-1992,1994, 1991-1997); კანადა (1992-1993), ბელგია (1994,1996).
ალექსანდრე ლაშხის ინიციატივით თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სკოლა-სემინარი გეომეტრიულ ალგებრაში იტალიელი, ინგლისელი, გერმანელი, კანადელი მეცნიერების მონაწილეობით.
ალექსანდრე ლაშხის ხელმძღვანელობით შესრულებულია 24 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. მისი დიდი შემოქმედებითი მოღვაწეობით, ინგლისელი, გერმანელი და იტალიელი კოლეგების დახმარებით, შეგროვილი იქნა უნიკალური ბიბლიოთეკა, როლის ღირებულება ექსპერტების აზრით ასიათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ალექსანდრე ლაშხის სამეცნიერო მოღვაწეობა განეკუთვნება გეომეტრიული ალგებრის შესწავლას. მის ნაშრომებში (1988-1999) ბოლომდეა შესწავლილი მესერული ჰომომორფიზმები და არაბიექციური კულინეაციები. უფრო მეტიც, მან (1990) შეისწავლა აუცილებელი და საკმარისი პირობები ე.წ. მოდულების ჰემიტროფიზმები, ანუ ისეთი არაბიექციული ასახვები, რომლებიც მხოლოდ გაერთიანების ოპერაციას ინახავენ. 1992-1998 წლებში ა. ლაშხი თავის მოწაფეებთან ერთად სწავლობს აფინური გეომეტრიის ძირითადი თეორემების სამართლიანობას IBN - რგოლებზე და ამტკიცებს თეორემას სრული ზოგადობით. ამ მიმართულებით საყურადღებოა აგრეთვე პროექციული და აფინური გეომეტრიების ავტომორფიზმთა ჯგუფის შესწავლაც. რაც შეეხება შემთხვევას (პერსპექტივები წრფივი ასახვებით + F ტანის იგივური ავტომორფიზმი) ამ მიმართულებით რგოლებისთვის ერთადერთი განზოგადოება ეკუთვნით ა. ლაშხს და თ. კვირიკაშვილს. ა. ლაშხმა შემოიღო ე.წ. . - დამატებით ცნება, რამაც საშუალება მისცა, რომ მთავარ იდეალთა რგოლებისთვის პერსპექტიული გეომეტრიის პირველი ძირითადი თეორემების დამტკიცებისა (1996).
1933-1940 წლებში კონსტრუქციული და პროექციული გეომეტრიები ივსება ალგებრაისტების ნაშრომებით, რომლებმაც დააკავშირეს გეომეტრიები არამარტო წრფივ ალგებრასთან, არამედ რგოლთა და მესერთა თეორიებთან. ა. ლაშხმა (1988-1997) მთავარ იდეალთა რგოლებისათვის ააგო ე.წ ზოგადი გეომეტრიული მესერები და ამან შესაძლებელი გახადა ,,იდენტურობის სამკუთხედის“ აგება, როგორც რგოლების ფართო კლასისათვის ასევე განზოგადოებული გეომეტრიული მესერების თეორიის შექმნაში. 1986 წელს ა. ლაშხმა დაამტკიცა თეორემა: ლის ალგებრას მაშინ და მხოლოდ მაშინ გააჩნია ქვეალგებრათა მოდულარული მესერი, როდესაც იგი არის ან აბელური, ან თითქმის აბელური ან სამგანზომილებიანი გაუხლეჩადი ლის ალგებრა ან უსასრულო განზომილებიანი ალგებრა-ტარსკსკის მონსტრი.
ა. ლაშხმა (1986-1997 წწ.) ლის ალგებრათა რიგი კლასებისთვის (ლოკალურად ნილპოტენტური, ზეამოხსნადი, თავისუფალი ამოხსნადი, აბსოლუტურად თავისუფალი) დაამტკიცა პროექციული გეომეტრიის ძირითადი თეორემა.
ყოველი ზემოთ მოხსენიებული გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ა. ლაშხი ჩაითვალოს ლის ალგებრათა მესერული თეორიის ერთ-ერთ შემქმნელად.
ალექსანდრე ლაშხი ათწლეულის მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო მრავალი თაობის აღმზრდელი, მას უყვარდა თავისი ქვეყანა, ერთგულად და უანგაროდ ემსახურებოდა მის მომავალს, ხოლო მის სამეცნიერო კვლევებს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში უდიდესი წონა ქონდა. იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით ფართო ერუდიციით, კოლეგებისა და სტუდენტების მიმართ კეთილგანწყობილებით და განსაკუთრებული ადამიანური ღირსებებით. მისი სახელი ჩვენთვის უკვდავი იქნება.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მათემატიკის დეპარტამენტი
| უკან |
