
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - V” გაიხსნა. ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.
კონფერენციაში 10-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე 350-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
სამეცნიერო კონფერენციის მთავარი მიზანია კულტურათა და ცივილიზაციათა შეხვედრების ისტორიული გზაჯვარედინის - შავი ზღვის რეგიონის შემსწავლელი კომპლექსური ჰუმანიტარული კვლევების შედეგების წარმოჩენა. ღონისძიება, ასევე, მიზნად ისახავს ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებასა და საერთო კულტურული მემკვიდრეობის ირგვლივ აკადემიური დიალოგის გაღრმავებას. კონფერენციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონის სამეცნიერო სივრცეში საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმის, როგორც ინტელექტუალური ცენტრის, როლის განმტკიცება.
სამეცნიერო კონფერენციის მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ოსტრავას უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა).
“_ უპირველესად, მინდა მადლობით დავიწყო. მადლობა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, რომელმაც უკვე მეხუთედ დააფინანსა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ასევე, მადლობა უნივერისტეტის ხელმძღვანელობას, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომლებს გაწეული თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. სწორედ, კონფერენციის ორგანიზებულად მართვამ, მნიშვნელობამ, სამეცნიერო თემატიკის მრავალფეროვნებამ, აკადემიურობამ და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო ჟურნალის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზებში დარეგისტრირებამ, უფრო მეტად გაზარდა მისი მნიშვნელობა და წელს 10-ზე მეტი ქვეყნის 350-ზე მეტი მომხსენებელი გახლდათ წარმოდგენილი. ამ მასშტაბის ორგანიზება იმის დასტურია, რომ მეცნიერება ჩვენთვის პრიორიტეტია და ბათუმი, მეცნიერთა თავშეყრის, სიახლეებისა და სამეცნიერო დიალოგის ქალაქია”, - აღნიშნავს გაზეთ “ბათუმის უნივერსიტეტთან” ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი როინ მალაყმაძე.
გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ მკითხველს რამდენიმე მომხსენებლის სამეცნიერო ნაშრომის მოკლე ანოტაციას სთავაზობს.
მარიამ მარჯანიშვილი
ფილოლოგიის დოქტორი
ლეო კერესელიძე. პოლიტიკური პორტრეტი - შეფასების მცდელობა
ახალგაზრდობას ოცნება ახასიათებს და ამიტომაც ინარჩუნებს სამართლიანობის რწმენას ყველაზე რთულ სიტუაციაშიც. ჯერ კიდევ ყმაწვილ ლეო კერესელიძეს იმთავითვე გათავისებული ჰქონდა იდეური პოლიტიკური მოღვაწისა თუ იდეალისათვის მებრძოლი ადამიანის პოლიტიკური ცხოვრების არსი: დევნილობა, ციხე, გადასახლება… და, რადგან მთელი ეს წინააღმდეგობა, ერთი მიზნისაკენ იყო მიმართული, ამიტომ იგი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ლეო კერესელიძეს სიხარულისა და სიამაყის შეგრძნებასაც აძლევდა.
,,პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყე 1900 წლიდან, როდესაც ჯერ 16 წლისა ვიყავი. ამ წელს დავაარსე თბილისში ,,საქართველოს დამოუკიდებლობის წრე“, რომელშიც შედიოდა ახალგაზრდობა. მათ შორის: ვ. ქართველიშვილი, ნ. მაღალაშვილი, გ. კერესელიძე, შ. ამირეჯიბი და სხვები. ჩვენი ორგანო იყო ჟელვატინზე დაბეჭდილი გაზეთი ,,ახალგაზრდა საქართველო.
1904 წელს წავედი ჟენევაში და შევედი საინჟინრო სასწავლებელში. აზრათ მქონდა ამ სასწავლებლის გათავების შემდეგ შევსულიყავი ევროპის რომელიმე სამხედრო სასწავლებელში. ამ დროიდანვე გულმოდგინეთ ვსწავლობდი სამხედრო მეცნიერებას თეორიულად“.
ახალგაზრდა, იდეალიზმით აღსავსე, სამშობლოს სიყვარულით აღტკინებულსა და მისი განთავისუფლების რწმენის მატარებელ ლეო კერესელიძეს, იმთავითვე ეტყობოდა, რომ ,,იგი ბრძოლისათვის იყო დაბადებული და ბრძოლა იქნებოდა შინაარსი მთელი მისი ცხოვრებისა“, - წერდა მიხაკო წერეთელი.
ემიგრაციაში მოხვედრილმა ლეო კერესელიძემ ქართულ ეროვნულ-პოლიტიკურ და მეცნიერულ-კულტურულ ძალებთან ერთად გააჩაღა შეუპოვარი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.
XX საუკუნის დასაწყისში, როცა სოციალისტ-ფედერალისტები აქტიურად ჩაებნენ საქართველოში მიმდინარე დიდ პოლიტიკურ ბატალიებში ლეო კერესელიძე ყველაზე რთულ დავალებებს ასრულებდა. იყო ეს 1905 წლის რევოლუციის დასაწყისში საქართველოში იარაღით დატვირთული გემების შემოყვანა თუ 1906 წლის მაისში კომიტეტის ბრძანებით დუშეთის ხაზინის გაძარცვა.
დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის გამო ჟენევის სასამართლომ საერთაშორისო კანონის თანახმად ის და მისი თანამძრახველნი გაამართლეს. ლეო კერესელიძემ მალე ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მას კარგად ესმოდა ცოდნის დიდი ძალა და მნიშვნელობა სამშობლოს კეთილდღეობის საქმეში. აქვე დაიცვა მან დისერტაცია და დაინიშნა იურიდიული ფაკულტეტის პრივატ-დოცენტათ.
1911 წელს, ჟენევაში, პეტრე სურგულაძის თავმჯდომარეობით ,,ქართველ სეპარატისტთა პარტიის უცხოეთში მოქმედი კომიტეტი“ დაარსდა, რომელსაც კავშირი ჰქონდა დამყარებული საქართველოს იატაკქვეშ არსებულ ,,სეპარატისტთა ლიგასთან“.
ჟენევის ,,ქართველ სეპარატისტთა პარტიის უცხოეთში მომქმედი კომიტეტი“ დიდი წრე იყო, რომლის თავმჯდომარე - პეტრე სურგულაძე, მდივანი - გიორგი კერესელიძე, ხოლო წევრები: ლეო კერესელიძე, ნესტორ მაღალაშვილი, შალვა ვარდიძე და სხვანი გახლდნენ.
მათივე ინიციატივით დაარსდა გერმანიაში ჟურნალი ,,თავისუფალი საქართველო“. იგი საქართველოში არალეგალურად იგზავნებოდა. ,,ამ ჯგუფმა და მისმა ორგანომ მოამზადეს ,,ქართული აზრი“ მომავალ დიდ საქმეთა გასაგებად და დიდ ომში სამოქმედოდ“.
1914 წლის ომის დაწყებისთანავე ქართველმა სეპარატისტებმა ტაქტიკა შეიცვალეს და ძველი კომიტეტის ნაცვლად ახალი - ,,საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“ დაარსეს.
საქართველოს დამოუკიდებელმა კომიტეტმა მსოფლიო ომში გერმანიისა და ოსმალეთის მხარე დაიჭირა, რათა მათზე დაყრდნობით დაემხოთ საქართველოში რუსეთის კოლონიური რეჟიმი და გამოეცხადებიათ საქართველოს დამოუკიდებლობა.
ლეო კერესელიძის ინიციატივით ოსმალეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ქართული ლეგიონი, რომელიც მხოლოდ საქართველოს საზღვართან ან საქართველოს ტერიტორიაზე იბრძოლებდა და სხვაგან არსად.
კომიტეტის მიერ გერმანიაში დაარსებული ,,ქართული გაზეთი“-ს მიზანი იყო ტყვეთა ბანაკებში მუშაობა, რათა ქართველი ერი რუსეთის სივრციდან გამოეხსნათ.
გაზეთის ფურცლებზე სისტემატიურად იბეჭდებოდა ლეო კერესელიძის პოლიტიკური, სამეცნიერო, მხატვრული და ისტორიული ხასიათის ნაწარმოებები და პუბლიკაციები.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1918 წელს ლეო კერესელიძემ ჟენევაში ფრანგულ ენაზე გამოსცა 45-გვერდიანი წიგნაკი ,,Fantasies Orientales”. იგი რამდენიმე ფანტაზიას შეიცავდა და მისი ქართული თარგმანები - ,,თამარ მეფე და მისი მგოსანი შოთა რუსთაველი“ და ,,ბაზალეთის ტბა“ პირველად ,,ქართულ გაზეთში“ (N25, 1. IV. 1917) დაიბეჭდა.
პოლიტიკოსმა, პოლკოვნიკმა, შემოქმედებითმა მოღვაწემ ლეო კერესელიძემ თავისი ნიჭით, უნარით და ცოდნით 33 წლის ასაკში ,,გააკეთა ბევრი“ - ცოტათი, რათა თავის წინასწარ დასახული მიზნისათვის, რომელსაც სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ერქვა სახელად, რეალური გამხდარიყო.
კახაბერ ქამადაძე, არქეოლოგიის დოქტორი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასიტ. პროფესორი
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს
მეცნიერ-თანამშრომელი
სხალთის წყლის ხეობა - აბუსერისძეთა მკვიდრი მამული: ისტორიული და არქეოლოგიური მონაცემები
(კვლევა განხორციელდა ,,შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, GSDP-25-478, ,,აბუსერისძეთა სასახლე და საგვარეულო ეკლესია სოფელ თხილვანაში“)
აბუსერისძეთა გავლენიანი ფეოდალური საგვარეულო საქართველოს ისტორიულ ასპარეზზე XI საუკუნიდან ჩნდება. წერილობითი წყაროების თანახმად, ამ გვარის პირველი წარმომადგენელი, რომელიც მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) მმართველობის პირველ წლებში იხსენიება, არის არტანუჯის ერისთავი იოანე აბუსერისძე. ამ პერიოდში აბუსერისძეები კლარჯეთისა და ხიხათა (ხიხანის) ციხეების მმართველებად გვევლინებიან. საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ფორმირების პროცესში მონარქებს ხშირად უწევდათ მძაფრი ბრძოლა ცენტრიდანული ძალების - ურჩი მსხვილი ფეოდალების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი სუვერენიტეტისა და უფლებების შენარჩუნებას ცდილობდნენ. ბაგრატ IV-ის ეპოქაში ცენტრალიზებული ხელისუფლების მთავარ ოპოზიციას კლდეკარის ძლიერი ერისთავი, ლიპარიტ ბაღვაში წარმოადგენდა. ამ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში აბუსერისძეთა საგვარეულო სამეფო კარის ერთგულ დასაყრდენად ჩამოყალიბდა.
მონარქსა და ლიპარიტ ბაღვაშს შორის არსებულმა მუდმივმა კონფლიქტმა პიკს მიაღწია, როდესაც ბაგრატ IV იძულებული გახდა, ადრე მძევლად აყვანილი ივანე ლიპარიტის ძე გაეთავისუფლებინა. ამ ნაბიჯის სანაცვლოდ მეფემ ტყვეობიდან დაიხსნა თავისი ერთგული მოხელე იოანე აბუსერი, რომელიც მანამდე ლიპარიტ ბაღვაშს ჰყავდა შეპყრობილი. თუმცა, სასირეთის ველზე გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში სამეფო ლაშქარი დამარცხდა. ლიპარიტმა გამარჯვებით ისარგებლა და იოანე აბუსერი მეფის მომხრე სხვა დიდებულებთან ერთად ხელმეორედ ჩაიგდო ხელში. ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ იოანე ერისთავს დიდხანს აღარ უცოცხლია და მალევე ტყვეობაშივე გარდაიცვალა.
იოანე აბუსერის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ IV-მ არტანუჯის მმართველად მისი მემკვიდრე - გრიგოლ აბუსერისძე დაადგინა. თუმცა, ლიპარიტ ბაღვაშთან მომდევნო შეტაკებაში, რომელიც არყის ციხესთან გაიმართა, მეფე კვლავ დამარცხდა. კლდეკარის ერისთავმა ამჯერად ბაგრატის ერთგული სხვა დიდებულები - კალმახის ერისთავი სულა და გრიგოლ აბუსერისძე შეიპყრო. ლიპარიტმა გრიგოლ ერისთავს სიკვდილით დაემუქრა და სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ სტრატეგიული ციხე-ქალაქის, არტანუჯის დათმობა მოსთხოვა. გრიგოლი იძულებული გახდა, პირობას დათანხმებოდა და ციხესიმაგრე ურჩი ფეოდალისთვის გადაეცა.
არყის ციხის კატასტროფის შემდეგ, აბუსერისძეებმა საბოლოოდ დაკარგეს კონტროლი არტანუჯსა და ციხისჯვარზე. ამ სტრატეგიული პუნქტების დაბრუნება საგვარეულომ ვეღარ შეძლო, რის გამოც მათი გავლენის არეალი მნიშვნელოვნად შემცირდა და ძირითადად აჭარის ტერიტორიის მმართველობითა და სხალთისწყლის ხეობის სათავეებში მდებარე ხიხანის ციხით შემოიფარგლა. სწორედ ეს გეოგრაფიული სივრცე გახდა საფუძველი იმისა, რომ სხალთისწყლის ხეობა და კერძოდ, სოფელი თხილვანა აბუსერისძეთა მთავარ მკვიდრ მამულად, პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრად და საგვარეულო პანთეონად ჩამოყალიბდა.
ხიხანის ციხის სისტემატური არქეოლოგიური შესწავლა 2013-2017 წლებში, არქეოლოგ დავით მინდორაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა. წარმოებულმა გათხრებმა მნიშვნელოვნად დააზუსტა მონუმენტური კომპლექსის ცალკეულ ნაგებობათა არქიტექტურული გეგმები, ზომები და სამშენებლო ტექნიკა. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შეისწავლა განვითარებული შუა საუკუნეების ციხის ეკლესია, სასახლე, კოშკები, სათავსები, თონე და ორი მონუმენტური მარანი, ისევე როგორც გვიანდელი შუა საუკუნეების ბუხრიანი შენობები.
კვლევის შედეგად ხელახლა გადაისინჯა და დადგინდა ციხის ადრეული ქრონოლოგია. სტრატეგიულ ნაგებობებს საფუძველი X საუკუნეში ჩაეყარა, ხოლო XI საუკუნის 40-იანი წლებისათვის კომპლექსი ძირითადი ინფრასტრუქტურით უკვე სრულფასოვნად ფუნქციონირებდა. ციხის ადრეულ არქიტექტურულ ფენას განეკუთვნება თავდაცვითი კედლები და კოშკები, ხოლო X საუკუნის მეორე ნახევარსა და XI საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობს მონუმენტური სასახლისა და 43 ქვევრიანი დიდი მარნის მშენებლობა. შესაბამისად, 1046 წლისათვის, როდესაც წყაროებში ხიხანის პატრონად ერისთავი აბუსერი იხსენიება, იგულისხმება არა ცარიელი ფორპოსტი, არამედ ძლიერი საფორტიფიკაციო ცენტრი, რომელიც ისეთივე მნიშვნელობის სტრატეგიულ პუნქტთა რიგში იდგა, როგორებიცაა არტანუჯი, ციხისჯვარი და აწყური.
XIII საუკუნის დასაწყისში კომპლექსს შეემატა მეორე, შედარებით მცირე, 28 ქვევრიანი მარანი. ციხის ეკლესიის მშენებლობა კი უფრო გვიანდელ - XIII საუკუნის 30-იან წლებს განეკუთვნება. აღნიშნული საეკლესიო ნაგებობის აღმართვის შესახებ პირდაპირ ისტორიულ ცნობას გვაწვდის თავად ტბელ აბუსერისძე. არქეოლოგიურმა მასალამ აჩვენა, რომ ხიხანის ციხეზე აქტიური მშენებლობებისა და განვითარების დინამიკა სწორედ XIII საუკუნის შემდგომ წყდება. ძველი ნაგებობები აგრძელებდნენ ფუნქციონირებას, თუმცა ამ პერიოდის შემდეგ ციხეს ახალი მონუმენტური სტრუქტურა აღარ შემატებია.
ხიხანის ციხესთან ახლოს, სოფელ თხილვანაში, მდებარეობდა აბუსერისძეთა მთავარი საგვარეულო ეკლესია, რომელიც ზეპირი ტრადიციით იოანე მახარებლის სახელს ატარებდა. ნაგებობის არქეოლოგიურმა შესწავლამ აჩვენა, რომ იგი სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს, რაც სრულიად უნიკალური ფენომენია, ვინაიდან მთელ აჭარის რეგიონში ამ არქიტექტურული ტიპის ერთადერთი ნიმუშია. ეპიგრაფიკული და ისტორიული მონაცემებით, ბაზილიკის პირველადი მშენებლები არიან ერისთავთ-ერისთავი აბუსერ I, მისი მეუღლე დიოფალ-დიოფალი ვანენი და მათი მცირეწლოვანი ძე ზაქარია. ტაძრის განახლებისა და ხელახალი აღმშენებლობის მომდევნო ეტაპი უკვე მე-13 საუკუნეს უკავშირდება.
სოფელ თხილვანაში მდებარე აბუსერისძეთა საგვარეულო სასახლე, რომელიც ეკლესიის მახლობლად იყო აღმართული, დღესდღეობით საძირკვლის დონემდეა განადგურებული. კომპლექსის სივრცითი არქიტექტურა ზუსტად მიჰყვება ქართულ მონუმენტურ-ურბანულ ტრადიციას: საკულტო ნაგებობა (საეკლესიო ბაზილიკა) დასახლებული ფერდობის ზედა, დომინანტურ ნაწილშია აგებული, ხოლო საერო რეზიდენცია (სასახლე) - ფერდობის ბოლოში, შედარებით დავაკებულ ტერასაზე.
სასახლის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა შემთხვევითი არ ყოფილა და მას მკაფიო სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. შერჩეული პლატფორმიდან იშლებოდა პირდაპირი, დაუბრკოლებელი ვიზუალური ხედი როგორც ხიხანის მთავარ ციხესიმაგრეზე, ისე სრულად სხალთისწყლის ხეობაზე. ეს განაპირობებდა მუდმივ ვიზუალურ კომუნიკაციასა და კონტროლს საგვარეულო რეზიდენციასა და ფორტიფიკაციულ ფორპოსტს შორის.
მიუხედავად ნაგებობის ფიზიკური განადგურებისა, აბუსერისძეთა სასახლის ისტორიული მეხსიერება მკაფიოდ შემოინახა ადგილობრივმა მიკროტოპონიმიკამ. აღნიშნულ ტერიტორიას, სადაც სასახლის ნანგრევებია დაფიქსირებული, სოფელ თხილვანის მოსახლეობა დღესაც „დარბაზეულს“ უწოდებს. ეს ტერმინი პირდაპირ ენათესავება შუა საუკუნეების ქართულ საერო არქიტექტურულ ტერმინს - „დარბაზს“ (სასახლეს, დიდებულთა მისაღებს) და წარმოადგენს უტყუარ ენობრივ რელიქტს ამ ადგილას გავლენიანი ფეოდალური მმართველობის არსებობისა.
| უკან |




