გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ფილოსოფია, როგორც საკუთარი თავის შეცნობის გზა

სურათი

ფილოსოფია მხოლოდ დიდი მოაზროვნეების თეორიებისა და საუკუნეების წინ დასმული კითხვების შესწავლა არ არის. ის საკუთარი თავის, სამყაროსა და ადამიანური ბუნების შეცნობის უწყვეტი პროცესია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კლუბი სტუდენტებს სწორედ ასეთ სივრცეს სთავაზობს _ ადგილს, სადაც განსხვავებული შეხედულებები ერთმანეთს ხვდება, დისკუსია თავისუფალია, ხოლო თითოეული სტუდენტის აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პლატონი, ნიცშე, გოგოლი და კაფკა _ აქ არა მხოლოდ განხილვის საგნები, არამედ თანამედროვე ცხოვრების გააზრების საშუალებაა. კლუბის ორგანიზატორი და წევრები გვიამბობენ, როგორ იქცევა ფილოსოფიური მსჯელობა პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობად.

ფილოსოფიის კლუბის ორგანიზატორი, მარიამ ობოლაძე:

_  მარიამ, მიმდინარე სასწავლო წლისთვის კლუბის ორგანიზატორები რა გეგმებს ახორციელებთ ?

_ ვფიქრობ, წელს ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ამჯერად ვმოგზაურობთ ევროპაში, სადაც ფილოსოფოსების გაცნობასთან ერთად, მთავარ აქცენტს ადამიანის ბუნების შესწავლაზე ვაკეთებთ.

იმისათვის, რომ შეხვედრები უფრო ინტერაქტიული გავხადოთ, გვსურს, უფრო აქტიურად დავნერგოთ დებატები, ფილოსოფიური თამაშები, ტექსტების ერთობლივი ანალიზი და ისეთი შეხვედრები, რომლებშიც სტუდენტები თავად გახდებიან იდეების ავტორები და წარმდგენი.

გარდა ამისა, გვსურს სტუდენტთა კოგნიტური უნარების განვითარებასთან ერთად, აქცენტი გავაკეთოთ მათ სულიერ მხარეზეც და ამიტომ, კლუბის აქტივობათა სიაში თეატრში სტუმრობასაც განვიხილავთ, რათა სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, კლუბის შეხვედრებზე განხილულ პერსონაჟებსა და მათ დილემებს სცენაზე ცოცხლად დააკვირდნენ, უკეთ გაიაზრონ მათი ქცევის მიღმა არსებული მოტივები. ვფიქრობთ, ეს მათ დაეხმარება, ფილოსოფიური მსჯელობა პირად განცდებს დაუკავშირონ და ხელოვნების საშუალებით კიდევ უფრო ღრმად ჩასწვდნენ ადამიანის ბუნებას.

_  რა პრინციპით არჩევთ კლუბის შეხვედრებისა და განხილვების თემებს?

- თემების შერჩევისას მნიშვნელოვანია ორი რამ: ფილოსოფიური სიღრმე და ის, თუ რამდენად კავშირშია  დღევანდელ გამოწვევებთან. გვაინტერესებს ისეთი თემები, რომლებიც არა მხოლოდ კონკრეტული ფილოსოფიური მიმდინარეობის გაცნობას ემსახურება, არამედ ადამიანს საკუთარ გამოცდილებაზე, ღირებულებებსა და საზოგადოებაში საკუთარ ადგილზეც აფიქრებს. ასეთი მიდგომა სტუდენტებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს. ისინი აღარ არიან ფილოსოფიური ტერმინებით შებოჭილი, არამედ ღიად მსჯელობენ საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე. ეს უკანასკნელი კი ღიად აჩვენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფილოსოფია თუნდაც საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრაში.

_  კლუბის პროგრამაში ერთდროულად გვხვდება პლატონი, ნიცშე, გოგოლი, ვოლტერი და კაფკა. რა აერთიანებს ასეთი განსხვავებული ავტორებისა და ნაწარმოებების განხილვას?

_ ფილოსოფიის კლუბი ყოველწლიურად სტუდენტებს სთავაზობს ერთგვარ მოგზაურობას დროსა და სივრცეში. თუკი წინა წლებში ყურადღებას ვამახვილებდით ფილოსოფიის საფუძვლებზე, შორეულ აღმოსავლეთზე, წელს აქცენტი ევროპაზე გავაკეთეთ. მართალია, ერთი შეხედვით, ზემოხსენებული ავტორები მართლაც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან — ეპოქით, ჟანრით, მსოფლმხედველობითა და მხატვრული ენით. თუმცა მათ აერთიანებს ის, რომ თითოეული მათგანი, საკუთარი გზით, ადამიანის, საზოგადოების, ძალაუფლების, თავისუფლების, მორალისა და არსებობის შესახებ მნიშვნელოვან კითხვებს გვიტოვებს. პლატონი გვაფიქრებს სამართლიანობაზე, სახელმწიფოსა და ცოდნის ბუნებაზე; ნიცშე — ღირებულებების გადაფასებაზე, ადამიანის თვითდაძლევასა და აზროვნების დამოუკიდებლობაზე; ვოლტერი — შეუწყნარებლობაზე, ცრურწმენებსა და გონების მნიშვნელობაზე. გოგოლისა და კაფკას ნაწარმოებებში კი შეგვიძლია დავინახოთ ადამიანის ურთიერთობა საზოგადოებასთან, ბიუროკრატიულ სისტემასთან, გაუცხოებასთან და საკუთარ იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ბოლოს და ბოლოს, სად თუ არა ფილოსოფიის კლუბშია შესაძლებელი შეიმეცნო და გაიაზრო გენიალური ნაწარმოები და ცხოვრებას სხვადასხვა პერსპექტივით შეხედო?!

_  რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ კლუბში სტუდენტები მხოლოდ ფილოსოფიურ ტექსტებს კი არ გაეცნონ, არამედ თავად იმსჯელონ და საკუთარი იდეები ჩამოაყალიბონ?

_ მიმაჩნია, რომ ფილოსოფიის სწავლა მხოლოდ თეორიებისა და ფილოსოფოსების შეხედულებების დამახსოვრებით ვერ შემოიფარგლება. შეიძლება ადამიანმა ბევრი იცოდეს პლატონის, კანტის ან ნიცშეს შესახებ, მაგრამ ეს ცოდნა თავისთავად ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მან დამოუკიდებელი ფილოსოფიური აზროვნება განივითარა.

გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ძალიან ბევრი ნაკითხი ადამიანი არსებულ ცოდნას ვერ იყენებდა ცხოვრებაში. თეორიული ცოდნითა და იდეალისტური იდეებით შეიარაღებული, საკუთარი მსჯელობის საწინააღმდეგოდ იქცეოდნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ  წაკითხული წიგნი, მსოფლმხედველობა, პრინციპები და  ქცევები არ იყო თანხვედრაში.

სწორედ ამიტომ სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას არა მარტო გულწრფელად და არგუმენტირებულად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება, არამედ ტექსტზე დაყრდნობით, პერსონაჟისა თუ ფილოსოფოსის გამოცდილების გააზრებით საკუთარი თავის უკეთესი ვერსიად იქცნენ, რომლისთვისაც სიტყვა და ქმედება ერთნაირად ფასეული და ღირებულია.

_ კლუბის ფარგლებში მოწვეული არიან ფილოსოფოსები და სხვა სპიკერები. რას ელით მათგან და რა როლს ასრულებენ ისინი პროექტში?

_ მოწვეული სპიკერების ჩართულობა კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კლუბში ურთიერთობა ლექტორთან თუ მოწვეულ ცნობილ პიროვნებასთან სულ სხვა სახეს იღებს. ესაა ფაქტობრივად დიალოგი ორი თაობის წარმომადგენელს შორის, რომელთაც აერთიანებს ინტერესი კონკრეტული საკითხისადმი. საინტერესოა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ორივე მხარისთვის პროდუქტიულია: სტუდენტები იძენენ ახალ ცოდნას, ხოლო პროფესორები სტუდენტთა ჩართულობით აღნიშნულ საკითხს სულ სხვა კუთხით უყურებს, თავადაც უფიქრდება იმას, რაზედაც მანამდე არ უფიქრია და მსჯელობის, წინარე გამოცდილებისა თუ რეალობიდან გამომდინარე ერთად მიდიან კონსენსუსამდე.

_ როგორია თქვენი დამოკიდებულება ფორმატის მიმართ, როდესაც სტუდენტი შეიძლება არა მხოლოდ მსმენელი, არამედ თავად გახდეს დისკუსიის მონაწილე ან სპიკერი?

_ აღნიშნული ფორმატი, ფაქტობრივად, კლუბის დაარსების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა. უნივერსიტეტში ყოფნის წლებმა ნათლად მაჩვენეს, რომ სტუდენტებს ხშირად არ ეძლევათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ გულწრფელად ისაუბრონ, ნათლად წარმოაჩინონ თავიანთი პოზიაცია, იმეტყველონ გამართულად. მოკლე კითხვა-პასუხის რეჟიმი, იშვიათი დისკუსიები და გამოკითხვის ძირითადად წერილობითი ფორმა ხშირად თავის დაღს ასმევს სტუდენტებს. შებოჭილები, იშვიათად გამოთქვამენ რაიმე აზრს, ნებისმიერ ინფორმაციას, თუნდაც მცდარს, ბრმად ენდობიან. თუმცა კლუბში მალევე ხდება მათი „გარდასახვა“. საკმარისია აღმოაჩინონ, რომ აქ მათი აზრი მნიშვნელოვანია, დრო კი საკმარისი, სტუდენტები გაცილებით გულწრფელები და თავდაჯერებულები ხდებიან. ეტაპობრივად, თავად ხდებიან შემოქმედები -  ეძებენ ინფორმაციას, ამუშავებენ მოწოდებულ ნაწარმოებებს თუ თხზულებებს, სვამენ კითხვებს, ცდილობენ დაინახონ საკითხი ახალი პერსპექტივით და აღმოაჩინონ ისეთი, რაზედაც არასოდეს უფიქრიათ, ხდებიან უფრო თამამები, თავდაჯერებულები, რაც დიდ გავლენას ახდენს მათ თვითშეფასებაზეც კი.

_ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება წაიღოს კლუბიდან სტუდენტმა, რომელსაც ფილოსოფიის აკადემიური ცოდნა საერთოდ არ აქვს?

_ საინტერესოა, რომ ფილოსოფიის კლუბში წევრების 80% -ს არასდროს ჰქონია შეხება ფილოსოფიასთან. ამიტომაც აქ ვცდილობთ განვიხილოთ სწორედ ის თემები, რომლებიც მათი გამოცდილების საფუძველზე ძალიან ნაცნობია და ერთგვარ შეგრძნებას ტოვებს, რომ სამყაროში ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც მსგავსი განცდები, სირთულეები და მოსაზრებები ჰქონდათ. ეს ფაქტობრივად „აღმოჩენებით სწავლებაა“, როცა სტუდენტი ახალ ცოდნას თავად აშენებს კანონზომიერებების,  ვარაუდებისა და კითხვების საფუძველზე. ცოდნასთან ერთად აქ ის იძენს ლოგიკური მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის უნარებს. აღსანიშნავია, რომ არაფორმალურ გარემოში არსებული პოზიტიური განწყობა საუკეთესო ნიადაგია თანამოაზრეების პოვნისთვის. სწორედ აქ ძალიან ბევრი იძენს მეგობრებს, რომელთაც ხშირად აერთიანებს მხოლოდ ერთი - ფილოსოფიის სიყვარული.

_ თქვენთვის პირადად, რას ნიშნავს ფილოსოფიის შესწავლა _ ცოდნის მიღებას, კითხვების დასმას, საკუთარ თავთან კამათს თუ სხვა რამეს?

_ ფილოსოფიის შესწავლა გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ის ყველაზე რთულ ეტაპზე „მომევლინა“ და, როგორც ფენიქსი, ფერფლიდან აღმადგინა. მისმა შესწავლამ  დიდი გავლენა მოახდინა ჩემს უნარებზე და თვითშფასებაზეც კი. სწორედ მან აღზარდა ჩემში მტკიცე ხასიათის მქონე პიროვნება, რომელსაც სურს შეიმეცნოს სამყარო, გაითავისოს ადამიანის ბუნება, უკეთ გაერკვეს საკუთარ თავში. მუდმივმა კვლევა-ძიებამ ჩამინერგა მნიშვნელოვანი რამ - მიმღებლობა, თვითგამოხატვის უნარი, შემოქმედებითობა, სხვაში იდენტობის დანახვა და ჰარმონია საკუთარ თავსა და სამყაროს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შემეცნების პროცესში ვარ, როგორც ზარატუსტრამ გადავწყვიტე დღემდე დაგროვებული გამოცდილება სხვა სტუდენტებისთვისაც გამეზიარებინა, რათა მათ თავად აღმოაჩინათ ახალი შესაძლებლობები და გამხდარიყვენ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

_ როგორ გსურთ, განვითარდეს კლუბი მომავალში და რა მიმართულებების დამატებას გეგმავთ?

_ რაც შეეხება მომავალს, მსურს, რომ კლუბი უფრო მდგრადი, ინკლუზიური და სტუდენტების ინიციატივებზე დაფუძნებული სივრცე გახდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მისი განვითარება მხოლოდ ორგანიზატორების აქტიურობაზე არ იყოს დამოკიდებული და კლუბის წევრებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ შეხვედრების თემები, წამოიწყონ პროექტები და პასუხისმგებლობა აიღონ მათ განხორციელებაზე.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება ფილოსფიის კავშირი სხვა მიმართულებებთანაც მაგალითად, ფილოსოფიისა და ლიტერატურის, ხელოვნების, ფსიქოლოგიის, განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ურთიერთმიმართება. განსაკუთრებით კი ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და პასუხისმგებლობა, ადამიანის ღირსება, პირადი თავისუფლება, სამართლიანობა, ეთიკა და ადამიანის როლი სწრაფად ცვალებად სამყაროში.

გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება ყოველწლიური ბანაკების ორგანიზება. ვფიქრობ, რომ ეს უფრო ჰოლისტური მიდგომა იქნება, რადგან გარემოს შეცვლით, ბუნებასთან სიახლოვითა და არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ ინტელექტუალურად და პიროვნულად განვითარდნენ, არამედ უკეთ შეიცნონ საკუთარი თავი, გააცნობიერონ თავიანთი ადგილი სამყაროში და ჩამოიყალიბონ ადამიანსა და გარემოს შორის ჰარმონიული თანაარსებობის განცდა. მჯერა, რომ ასეთი გამოცდილება ხელს შეუწყობს სამყაროსთან უფრო გააზრებული, ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას და სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, ყოველდღიური რუტინის მიღმა დაინახონ კავშირი საკუთარ თავს, სხვა ადამიანებსა და გარემოს შორის.

ფილოსოფიის კლუბის საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ ფილოსოფიური ცოდნის გაზიარება არ არის. ეს არის სივრცე, სადაც სტუდენტები სწავლობენ დამოუკიდებელ აზროვნებას, საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად წარმოჩენას, განსხვავებული შეხედულებების მოსმენასა და რაც მთავარია, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. თუმცა, რამდენად აღწევს კლუბი ამ მიზანს და როგორია მისი გავლენა თავად წევრებზე, საინტერესოა მოვისმინოთ უშუალოდ სტუდენტების გამოცდილება, მათი შთაბეჭდილებები და ის ცვლილებები, რაც კლუბში მონაწილეობამ მათ ცხოვრებაში მოიტანა.

_  რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ფილოსოფიის კლუბში მონაწილეობა გადაწყვიტეთ?

დაჩი აბულაძე:

_ უშუალოდ ფილოსოფიის თემისადმი მაღალი ინტერესი და მსჯელობის სურვილი ისეთ საკითხებზე, როგორზეც ყოველდღიურობაში იშვიათად ვფიქრობთ. ასევე, სურვილი სხვა ადამიანების აზრის მოსმენისა და მათ მიხედვით საკუთარი თავის ამ მიმართულებით განვითარებისა.

მქონდა მოლოდინი, რომ კლუბში სხვადასხვა ფილოსოფიურ საკითხზე მსჯელობა არამხოლოდ კონკრეტული ავტორების ნაშრომების განხილვისა და გაანალიზების საფუძველზე, არამედ საკუთარი, დამოუკიდებელი შეხედულებების მიხედვით მოხდებოდა, შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ კლუბმა მოლოდინებს გადააჭარბა.

ლიტერატურის სიყვარულიდან გამომდინარე, ფილოსოფიურ საკითხებზე კლუბამდეც მიფიქრია. უშუალოდ შეხედულებები ნაკლებად შემეცვალა, თუმცა ცოდნისა და ინტერესის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მეტად დადებითად შემეცვალა დამოკიდებულება.

„პროცესში“ აღწერილი გაუცხოება, გაუგებარ სისტემასთან დაპირისპირება და ადამიანის მუდმივი მცდელობა, გაიგოს, რას ითხოვს მისგან გარემო, დღესაც ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ადამიანიც ხშირად აღმოჩნდება ისეთ სისტემებში, რომელთა წესები მისთვის ბოლომდე გასაგები არ არის და სადაც საკუთარი თავის გამართლებას ან საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობს.

რა თმა უნდა. ფილოსოფიურ საკითხებზე ფიქრი და მსჯელობა აყალიბებს ჩვენს პიროვნებას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აისახება.

ელენე მახარაძე:

_ ჩემთვის ფილოსოფიას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სკოლის ასაკიდან ვიცნობ დიდ ფილოსოფოსებს და ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან მქონდა სურვილი უფრო ღრმად შემეცნო და გამეგო მათ შესახებ, თუნდაც თანატოლებთან ერთად განმეხილა რომელიმე ნაწარმოები და იმ აზრს, რომელსაც მე გამოვხატავდი სხვა მხრიდანაც დამენახა. როდესაც აღმოვაჩინე, რომ ბსუ-ში უკვე არსებობდა მსგავსი კლუბი, რომელიც აერთიანებდა ფილოსოფიით დაინტერესებულ სტუდენტებს, გადავწყვიტე, მეც ვყოფილიყავი ამ კლუბის ნაწილი, გამეცნო საინტერესო სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე განსხვავებულად ფიქრობდნენ და მიმეღო პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც წლების განმავლობაში მიგროვდებოდა.

კლუბში მოსვლამდე ვფიქრობდი რომ გავიცნობდი უამრავ საინეტერესო ადამიანს, იქნებოდა ეს სტუდენტები თუ სპიკერები, ვხვდებოდი რომ აქ დამხვდებოდა განსხვავებული აზრები, შეხედულებები, სამყაროები რომლებიც უნდა გაიაზრო და ვფიქრობ ეს მოლოდინები გამართლდა დადებითად, რადგან თითოეული შეხვედრა რაღაც ახალს მაძლევს, რაც შემდეგ ყოველდღიურობას გან სხვავებულს ხდის, არის რაღაცები რაზეც ისე აღარ ვფიქრობ როგორც აქამდე, გავიცანი ადამიანები რომლებმაც ყველაფერი სხვაგვარად დამანახეს და ბევრ რამეზე თვალი ამიხილეს, ამიტომ მთელი გულით და სულით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ყველა მოლოდინი დადებითად გამართლდა, რადგან ცუდი არც კი მქონია.

ფილოსოფიურ საკითხებზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, მქონდა უამრავი კითხვა, რომელსაც წიგნებში უბრალოდ ვერ ამოვიკითხავდი, იყო შემთხვევები, როდესაც დასმულ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობდი, მჭირდებოდა რაღაც რაც რეალურად დამანახებდა სწორ მიმართულებას, შემისწორებდა აზრს ან უბრალოდ შეცვლიდა მას, ვფიქრობ ჩემი დამოკიდებულებაც შეიცვალა რადგან ვიპოვე კითხვებზე პასუხი, ვიპოვე მიმართულება და რაც მთავარია ფილოსოფიაში ვიპოვე საკუთარი თავი.

 მარიამის მიერ ორგანიზებული თითოეული შეხვედრა არის ერთმანეთზე უკეთესი, თუმცა ერთმა წინადადებამ თითქმის ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. რთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც “მელოსის დიალოგს” განვიხილავდით და თითქმის გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნულ სიტუაციაში დანებება საუკეთესო გამოსავალი იყო ქალბატონმა ლალი ანთიძემ თქვა: “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი თუ მტერი შენზე 10-ჯერ და 100-ჯერ დიდია, უნდა მოიკრიბო ძალები და ბოლომდე იბრძოლო მიზნის დასაცავად”. Ემ წინადადებამ შეცვალა მას შემდეგ ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი.

 დადებითად შევაფასებდი, რადგან მსგავსი მიდგომით ყველა შეხვედრა არის საინტერესო, ჩვენს ინტერესებზე მორგებული და რეალურად საინტერესო, რადგან არ არის სცენარივით წინასწარ გაწერილი და არ მიედინება ერთგვაროვნად, ხოლო სტუდენტების იდეები და შეხედულებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, რადგან ყველა საკითხს გვაჩვენებს სხვადასხვა პერსპექტივიდან და გვაფიქრებს განსხვავებულად.

ფილოსოფიას შეუძლია დაგაფიქროს ისეთ რაღაცებზე, რაზეც აქამდე არ გიფიქრია, შეგიცვალოს წარმოდგენები, იდეები, მოსაზრებები, სამყარო სულ სხვა მხრიდან დაგანახოს, ფარდა ახადოს იმ შიშებს რომელსაც მალავ, გაგცეს პასუხი ყველა კითხვაზე და ასევე გაგიჩინოს ისეთები, რომლებიც აქამდე არ გქონია, დაგაფიქროს, შეგცვალოს, გაგზარდოს, სხვა ადამიანად ჩამოგაყალიბოს, რომელმაც იცის, რომელ საქციელს რა შედეგი მოყვება, დაგარწმუნოს, რომ რაც არ უნდა რთული იყოს პროცესი, რაც არ უნდა დიდი იყოს მტერი, რაც არ უნდა საშიში იყოს მომავალი იპოვო გზა, რომლითაც გადაჭრი პრობლემას, შეებრძოლები მტერს და იბრძოლებ მომავლისთვის.

უამრავი კითხვა მაქვს, რომლებზე პასუხს ისევ ვეძებ, ვისურვებდი. რომ მომავალში სპიკერებისგან მივიღო პასუხები ეგზისტენციალურ კითხვებზე, ადამიანის პიროვნებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ კითხვებზე, მორალურ და ეთიკურ კითხვებზე, ასევე იდენტობისა და თვითშემეცნების საკითხებზე.

ვისურვებდი კაფკას სიღრმისეულ გაცნობას, რადგან ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი ავტორია და მისი ერთგული მკითხველი ვარ უკვე წლებია, ჩემთვის ის ავტორია, რომლის ყველა ნაწარმოები შეესაბამება რეალობას, რომელიც ან უკვე მოხდა ან მოხდება და უზომოდ ბევრ კითხვას ბადებს.

მერი პაპუნიძე:

_ ფილოსოფიის კლუბში მონაწილეობის მიღება თავდაპირველად ჩემი მეგობრის, მარიამ ობოლაძის, მხარდასაჭერად გადავწყვიტე,  პირველივე შეხვედრისას მიღებულმა შთაბეჭდილებამაც გადამაწყვეტინა, კლუბის აქტიური წევრი გავმხდარვიყავი.

გულწრფელი რომ ვიყო, ვიტყვი იმას რომ, ფილოსოფიით საერთოდ არ ვიყავი დაინტერესებული და არ ვთვლიდი, რომ ის მნიშვნელოვანი იყო , მაგრამ ამ ყოველივეზე აზრი ფილოსოფიის კლუბმა შემაცვლევინა რომელმაც ბევრად სხვა კუთხით დამანახა ეს საკითხი. აღმოჩნდა, რომ ფილოსოფია არ ყოფილა რაღაც მოსაწყენი, მონოტონური მსჯელობა.

ვფიქრობ, ყველა ადამიანს უფიქრია ფილოსოფურ საკითხებზე, მათ შრის მეც.  ეს ყველაფერი ჩემდაუნებურად ხდებოდა. მაგალითად მიფიქრია არსებობაზე(რა არის არსებობა? რა არის დრო ?) და ჭეშმარიტობაზე (საიდან ვიცით რომ რაღაც ვიცით?). ამ საკითხებზე ბევრს , მოზარდსა თუ ბავშვსაც უფიქრია.

ყველა აქტივობა დასამახსოვრებელი და საინტერესოა, მაგრამ გავიხსენებ იმ მომენტს, როდესაც პირველად ვნახე რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული  ფილმი - „ადამიანი სპილო“. ეს ფილმი იმით გამოვარჩიე, რომ კლუბში მისი ყურების შემდეგ პირადად მე  რამდენჯერმე კიდევ ვუყურე მას და სხვებსაც ვუზიარებდი. დამამახსოვრდა ფრაზა -„მე არ ვარ ცხოველი! მე ადამიანი ვარ!“

ჩემთვის ეს ფორმატი მისაღები და ძალიან მოსაწონია. ჩვენ არ ვართ პასიური მსმენელები, ჩვენ ვართ პროცესის აქტიური მონაწილეები.  არ არსებობს ჩარჩოები და ძალიან საინტერესოა სხვადასხვა სტუდენტის აზრის მოსმენა.

რეალურად, რაზეც დღეს ვფიქრობთ, ამაზე უკვე ნაფიქრია ფილოსოფიაში. კლუბისა და დისკუსიების მთავარი პლუსიც ეგაა, რომ ეს უკვე არსებული იდეები გამოვიყენოთ ჩვენი დღევანდელი ცხოვრების გასაგებად.

ჩემი აზრით, ფილოსოფია პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურ არჩევანზე, რადგან ის გვიყალიბებს შინაგან პრინციპებსა და ღირებულებებს.

ძირითადად ვვინტერსდები (თემიდან გამომდინარე) როგორ ეხმარება ესა თუ ის ფილოსოფიური იდეა ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში არჩევნის გაეთებაში და  შიშებთან გამკლავებაში და მოწვეული სტუმრების პირადი გამოცდილება.

ნათია დავითაძე:

_ ყოველთვის მაინტერესებდა ფილოსოფია და ძაან მიყვარს მსჯელობა სხვადასხვა საკითხების მიმართებაში, ამიტომაც მთავარი მიზეზი იყო, სურვილი მენახა მეგობრები, რომლებთან ერთად შევძლებდი მხიარულად და ჯანსაღად დროის გატარებას

რატომღაც მეგონა, რომ ვისაუბრებდით მხოლოდ ფილოსოფოსებზე და მათ მოსაზრებებზე, მაგრამ ჩვენ მარიამს უამრავი სამსჯელო თემა, საკითხი, ნაწარმოები, ფილმები და ა.შ შემოაქვს. ამიტომაც მიხარია, რომ ჩემო მოლოდინები არ ამიხდა.

ყოველთვის, რაც ჩემი თავი მახსოვს, მქონდა ფილოსოფიური აზრები და ფილოსოფიის კლუბი გახდა ჩემთვის ის ადგილი სადაც შევძელი "ფრთების გაშლა", თავისუფლად გამოვხატავ ჩემ აზრებს და ვისმენ სხვების აზრს, ჩემთვის ეს კლუბი გახდა მყუდრო და თბილი ადგილი, სადაც მიიღებენ ისეთს, როგორიც ვარ...

ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ,,ციტატების გაგრძელების დღე“, მარიამმა მოგვიტანა ცნობილი ციტატები და ფრაზები, რომლებიც უნდა დაგვესრულებინა ჩვენით და შემდგომ გვემსჯელა მათ არსზე, ეს იყო ძალიან მხიარული და საინტერესო აქტივობა...

ჩემთვის მთავარია, რომ ადამიანი ამ მომენტში ფიქრობს და თუ შემდეგ ადარებს ფილოსოფიურ ტექსტებს ანუ მას ეს ტექსტები წაკითხული და გააზრებულიც აქვს

მე პირადად, ყოველთვის ვაჟღერებ ხმამაღლა  კითხვებს და ვიღებ დამაკმაყოფილებელ პასუხს, მაგრამ არის მომენტები როცა არ მაქვს კითხვები და მაქვს მადლიერება, რომ გამიგეს, მათ გააჟღერეს ის რაზეც მე ვფიქრობდი წლებია და ასეთ დღეებში მე უბრალოდ ვზივარ ჩუმად და ვცდილობ შევიკავო ცრემლები რადგან ვხვდები, რომ ერთადერთი არ ვარ და ჩემი ესმით...


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა