
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ გაიხსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ჟან მონეს პროგრამის შესახებ ისაუბრეს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მარინე გიორგაძემ, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ლევან ჯაყელმა.
ზამთრის სკოლა ტარდება „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში, რომელიც იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება 2023 წლიდან. მოდულის მიზანია ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაცია და ევროკავშირის შესახებ სწავლებისა და კვლევების განვითარების ხელშეწყობა.
ჟან მონეს ზამთრის სკოლა ბსუ-ში ყოველ წელს ტარდება. 2026 წელს ზამთრის სკოლაში მონაწილეობს სხვადასხვა სპეციალობის 20 სტუდენტი, ბსუ-დან და საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიდან. ხუთდღიანი ზამთრის სკოლის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ. პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა: ევროკავშირის გაფართოების ისტორია, კოპენჰაგენის კრიტერიუმები (პოლიტიკური კრიტერიუმები), სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები, უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ათი ყველაზე გავრცელებული მითი და პროპაგანდა ევროკავშირის შესახებ და სხვა.
ზამთრის სკოლაში ქართველი და უცხოელი პროფესორები ჩაატარებენ ლექციებს და სტუდენტებს გაუზიარებენ ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებას. ზამთრის სკოლის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები.
| უკან |









