
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო პროექტის „ციფრული ტრანსფორმაცია დემოკრატიული მდგრადობის გასაძლიერებლად” (DIGI-ENLARGE) განხორციელება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) საგრანტო შეთანხმების № 101286675 (DIGI-ENLARGE) ფარგლებში და იკვლევს, თუ როგორ ცვლის ციფრული ტრანსფორმაცია დემოკრატიას ევროკავშირსა და მის კანდიდატ ქვეყნებში, ქმნის მრავალენოვან პლატფორმას მოქალაქეებისთვის, რათა მონაწილეობა მიიღონ გაფართოების შესახებ დებატებში და გარდაქმნის მტკიცებულებებს განათლებად და პოლიტიკად, რომლის გამოყენებაც ინსტიტუტებს შეუძლიათ.
პროექტს გააჩნია სამი ურთიერთდაკავშირებული მიზანი, რომლებიც გაფართოების ინსტიტუციურ, ტექნოლოგიურ და საზოგადოებრივ განზომილებას ეხება ციფრულ ეპოქაში:
1. შედარებითი კვლევა და მტკიცებულებათა ბაზა
შესწავლილ იქნეს 2004, 2007 და 2013 წლების გაფართოებები შედარებით საწყის წერტილად, შემდეგ კი აისახოს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების ციფრული მზაობა დემოკრატიული ინსტიტუციების, სამართლებრივი ჩარჩოების, მედიაეკოსისტემებისა და სამოქალაქო კულტურის მიხედვით. მონაცემთა ნაკრებები ღიად ქვეყნდება FAIR პრინციპების შესაბამისად.
2. ინოვაცია სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებში
ელექტრონული დემოკრატიის ცენტრის შექმნა, აგება და პილოტირება. ეს იქნება მრავალენოვანი ციფრული მონაწილეობის პლატფორმა დებატების მხარდაჭერისა და დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინსტრუმენტებით, შექმნილი იმ ჯგუფებთან ერთად, რომლებიც ჩვეულებრივ არ არიან წარმოდგენილი გაფართოების დებატებში, და არა მათთვის.
3. შესაძლებლობების გაძლიერება და პოლიტიკაში დანერგვა
შემუშავდეს სამოქალაქო განათლებისა და მედიაწიგნიერების მოდულები პედაგოგებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, პილოტირდეს სკოლებში, უნივერსიტეტებსა და თემებში, ხოლო დასკვნები გაერთიანდეს პოლიტიკის ინსტრუმენტების ნაკრებში რეკომენდაციებით, სამართლებრივი ფორმებით და ჩართულობის სტრატეგიებით.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც შედგება 10 პარტნიორი ორგანიზაციისგან, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნებიდან, ხოლო პროექტის კოორდინატორია ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. პროექტის განხორციელებაში ჩართულნი არიან ჟან მონეს პროფესორები, ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები აკადემიური, კვლევით და არასამთავრობო სექტორიდან.
საქართველოდან პროექტის პარტნიორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც პროექტი განხორციელდება ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათ ფაკულტეტის, ჟან მონეს კათედრის (EUCONST) მიერ. ბსუ-ში პროექტის კოორდინატორია პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, მალხაზ ნაკაშიძე, პროექტის პერსონალი: გიორგი ჩახვაძე, სამართლის დოქტორი, უმცროსი მკვლევარი, მაგდა ჯაფარიძე, დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი, უმცროსი მკვლევარი.
2026 წლის 12-13 ოქტომბერს, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გაიმართა პროექტის კონსორციუმის პირველი სამუშაო შეხვედრა რომელშიც ბსუ-ს სახელით მონაწილეობა მიიღო პროექტის კოორდინატორმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ.
დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ, იხილეთ ვებგვერდზე https://digi-enlarge.eu
ასევე გთხოვთ ეწვიოთ ჟან მონეს კათედრის ვებგვერდს https://jeanmonnetchair.edu.ge/digi-enlarge
| უკან |










