ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი

23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი. ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. სამეცნიერო პიკნიკი  მიზნად ისახავს  სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას,  მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, მკვლევართა მოტივაციის ზრდას, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოებას.


ბათუმის სამეცნიერო პიკნიკის პროგრამა

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  • 23 სექტემბერი, 16 საათი, 55-ე აუდიტორია, გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ამბავი თორმეტი სავანისა“ ჩვენება (რეჟისორი მალხაზ ჩოხარაძე). ფილმში ასახულია კლარჯეთის „ათორმეტ სავანეთა“ მხარის წარსული და თანამედროვეობა, ქართველებისა და ქართული ენის მდგომარეობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში  -  ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში. სცენარის სამეცნიერო საფუძველია მონოგრაფია „ხანძთა და ათორმეტ სავანეთა მხარის ძველი სალოცავები. ფილმში გამოყენებულია 2005-2018 წლების სამეცნიერო ექსპედიციების საველე ვიდეომასალა: პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის და ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ვიდეოარქივი. დოკუმენტური ფილმი შედგება სამი ნაწილისგან: I. ჭოროხის ქვეყანა; II. ათორმეტნი; III. ბედის ბორბალი ქართველთათვის. ქრონომეტრაჟი შეადგენს 75 წუთს.
  • გაცოცხლებული არქეოლოგია: მოეწყობა არქეოლოგიის კუთხე, ექსპონატებით, მოსწავლეებისათვის: ,,საბავშვო არქეოლოგია“,  გათხრების იმიტაცია.
  • პროექტი: „ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ - მოსწავლეებს, სტუდენტებს, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გადაწერონ “ვეფხისტყაოსანი“ და ჩაერთონ პროექტში.
  • სამეცნიერო გამოცემების გამოფენა.


ტურიზმის ფაკულტეტი

გეოვიზუალური ტექნოლოგიების გამოყენება ტურიზმში - ტურიზმის ფაკულტეტმა Erasmus+CGHE-ის პროექტის „უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინური რეფორმა ტურიზმის მენეჯმენტის და გამოყენებითი გეოინფორმაციის სასწავლო პროგრამაში“ ფარგლებში შექმნა გეოსაინფორმაციო და ტურიზმის ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც სამეცნიერო პიკნიკზე  წარმოადგენს გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას კულტურულ მემკვიდეობასა და ტურიზმში, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების ვირტუალური წარმოჩენა.  
თანამედროვე გეოვიზუალური ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს კულტურული ტურიზმის, საექსკურსიო საქმის,  კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის  განვითარებას.  ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მიმზიდველია ტურისტული დანიშნულების ადგილების ვირტუალურად დათვალიერება.

ტექნოლოგიური ფაკულტეტი

FAB LAB BSU - სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის  პროექტებისა და  კონსტრუქციების გამოფენა, კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროგრამირების მოდელები:

  • ქარისა და მზის შეთავსებული აგრეგატი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლება ელექტროენერგიის გამომუშავება, ან სხვა სასარგებლო სამუშაოს შესრულება;
  • სამშენებლო კონსტრუქციები, რომლებიც სტუდენტების მიერ არის დამზადებული (გართულებული ტიპის კოჭოვანი გადახურვა; ნორმალური ტიპის კოჭოვანი გადახურვა;  გამარტივებული ტიპის კოჭოვანი გადახურვა);
  •  ქალაქ ბათუმის თანამედროვე სკულპტურები და შენობები (ალი და ნინო; ბულვარის ცნობილი ქანდაკებები; შერატონი და სხვ.);
  • ლაბორატორიაში დამზადებული სხვადასხვა საინტერესო 3D და 2D მოდელები (3D პრინტერზე დაბეჭდილი ნიმუშები; იალქნიანი გემი; მსოფლიოში ცნობილი შენობების მაკეტები);
  • წარმოდგენილი იქნება ინოვაციური კალამი - პროექტი, რომელმაც გაიმარჯვა Innocens-ის ERASMUS+-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში;
  • პროგრამირებადი მიკროკონტროლერების ყოფაცხოვრებაში გამოყენების მოდელები.


ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

სახალისო ექსპერიმენტები ფიზიკის მიმართულება:

  • ჯადოსნური პლაზმური სფერო - გამოიყურება როგორც მაგიური ბურთი, რომელიც რეაგირებს და პასუხობს ფერების ცვლილებით შეხებასა და ხმაზე (80 დეციბელი და მეტი);
  • პლაზმური ხმამაღლამოლაპარაკე - სადემონსტრაციო მინი გენერატორის მოდელი, რომელიც ენერგიას დისტანციურ გადაცემს, დისტანციურად ანთებს დიოდურ და აირად ნათურებს, უკრავს;
  • მაგნიტური ლევიტაცია - უკონტაქტო ძრავა, რომელიც მუშაობს მზის ენერგიაზე;
  • მოციმციმე გენერატორი - სტატიკური მუხტის დამგროვებელი ტესლას გენერატორი, დისტანციურად გადასცემს ენერგიას;
  • ტესლას კოჭა - ნაპერწკლური განმუხტვა - ქმნის ნაპერწკლურ რკალს.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
სახალისო ექსპერიმენტები
ბიოლოგიის მიმართულება:

  • სისხლის ჯგუფური ანტიგენების განსაზღვრა, ქრომოსომული ნაკრების მიკროსკოპირება, მიტოზის ფაზების განხილვა;
  • ფილტვის მოდელის შექმნა;
  • ფერადი ქისა;
  • შუშხუნა აბები;
  • დნმ-ის გამოყოფა ბანანის უჯრედიდან;
  • მოცეკვავე ქიშმიშები;
  • კოსმოსური პროცესის შესწავლა ფერადი ფურცლებით.

მედიცინის მიმართულება:

  • გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
  • სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა;
  • არტერიული წნევის განსაზღვრა;
  • პირველადი დახმარება (გულის მასაჟი, ხელოვნური სუნთქვა მულაჟის დახმარებით).

ქიმიის მიმართულება:

  • „მწვანე ალის ცეკვა“;
  • „ფერადი სპილოს ხორთუმი“;
  • „შავი გველები“;
  • „ვულკანის ამოფრქვევა“;
  •  „იოდის საათი“;
  • „ნატრიუმის ცეკვა წყალში“.

განათლების მიმართულება - ,,მომავლის განათლება“

სპორტული მიღწევების გამოფენა, მხიარული თამაშები: დარტსი (მიზანში სროლა), ერთჯერადი სეანსები ჭადრაკსა და შაშში, აქტივობები უსინათლოთა და სმენადაქვეითებულთათვის, ხელოვნების ნიმუშებისა და სამეცნიერო მიღწევების  გამოფენა.


იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სახალისო ვიქტორინები და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები:

  • სახალისო ვიქტორინა #1 - კარავში განთავსებული იქნება გლობუსი. სტუმარს/დამთვალიერებელს სურვილის შემთხვევაში გლობუსზე    შეუძლია იპოვოს  მითითებული ქვეყნის დედაქალაქი/სახელმწიფო/ ისტორიული და პოლიტიკური მოვლენის ადგილი, გამარჯვებული დასაჩუქრდება.
  • სახალისო ვიქტორინა  # 2 - კარავში განთავსებული იქნება  ევროპის ქვეყნების დროშები. სტუმარი/დამთვალიერებელი სურვილის შემთხვევაში გამოიცნობს მითითებული დროშის  კუთვნილებას კონკრეტულ  სახელმწიფოზე, გამარჯვებული დასაჩუქრდება.
  • სახალისო ვიქტორინა # 3 - წარმოდგენილი იქნება ფსიქოლოგიური ამოცანები, გამარჯვებული დასაჩუქრდება.
  • ფსიქოლოგიური ტესტები და ექსპერიმენტები.  საგანწყობო ცდები, ქვიშათერაპია, ფსიქოთერაპიის სეანსი.
  • სამეცნიერო პროდუქციის გამოფენა, პრეზენტაცია, ფოტო გამოფენა.

კრიმინალისტიკის ლაბორატორია

  • ადამიანის ხელის კვალის ანაბეჭდის აღება მინის  ან პლასტმასის ბოთლის ზედაპირიდან, რაც გამოიხატება კვალის აღმოჩენაში, მის დამუშავებასა და შესაბამისი წესით ამოღებაში. აღნიშნული პროცედურა განხორციელდება შესაბამისი კრიმინალისტიკური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
  • ადამიანის ხელის კვალისა და მიკრონაწილაკების აღება ქაღალდიდან შესაბამისი ინგრედიენტების გამოყენებით;
  • ადამიანის ფეხის კვალის აღება, როგორც მყარი, ასევე ფხვიერი ზედაპირიდან შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
  • დანაშაულის ადგილის დათვალიერების ფოტოგრაფირების მეთოდები და სახეები.

ბსუ- მეცნიერ-მკვლევართა აქტუალური კვლევებისა და მიღწევების გამოფენა
(აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტები):

წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის მემბრანული  დანადგარები, ჰიდროპონური სისტემა, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მიერ დამზადებული სხვადასხვა ხილის ჯემი, მურაბა, კომპოტი, ცუკატი, ჩირი, ლიქიორი, ნატურალური წვენი და ალკოჰოლური სასმელი. ასევე გამოფენილი იქნება In vitro მცენარეები, ინსტიტუტში დამზადებული მემბრანული აპარატები, რომელთა დანიშნულებაა სასმელი წყლის, ღვინის, ჩამდინარე წყლების გაწმენდა-გაუსნებოვნება:
მიკროფილტრაციული აპარატი, რომელიც გამოიყენება თხევადი კვების პროდუქტების ფილტრაციისთვის მათთვის გამჭირვალობის და მიკრობიოლოგიური სტაბილურობის მისანიჭებლად. მიკროფილტრაციულ აპარატზე მოხდება ინსტიტუტში  დამზადებული ღვინის ფილტრაცია.

  • ელექტროდიალიზური აპარატი, რომელიც გამოიყენება  მეტალთა იონების შემცველი  წყლების დაწმენდა-გაუვნებელყოფისთვის და ღირებული იონების რეკუპერაციისთვის ჩატარდება სპილენძის სულფატის ხსნარის ფილტრაცია-კონცენტრირება. 
  • მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა, მისი მიზანია, აამაღლონ ცოდნა საქართველოში არსებული სხვადასხვა მცენარის მავნებელ-დაავადებათა, სარეველა მცენარეების და აგროტექნოლოგიების შესახებ. სამეცნიერო პიკნიკის ღონისძიებათა ფარგლებში თვალსაჩინოდ მოხდება მცენარეთა დაზიანებული ნიმუშების დაავადებებისა და მავნებლების დადგენა. სტერეომიკროსკოპისა და მიკროსკოპის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს მათი გამომწვევი პათოგენური მიკროორგანიზმი. მოსწავლეები გაეცნობიან მიკროორგანიზმთა სამყაროს წარმომადგენლებს, მათთვის წარმოდგენილი იქნება აგრეთვე  სახალისოდ შედგენილი ბუკლეტები ხილისა და ბოსტნეულის დაავადებებსა და მავნებლებზე.
  • ბიომრავალფეროვნების მიმართულება ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების შესაბამისად წარმოადგენს ფერადილუსტრირებულ თვალსაჩინოებებს ბიომრავალფეროვნების სხვადასხვა კომპონენტის შესახებ (ფლორა, იხტიოფაუნა).
  • გამოიფინება ბსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პატენტები, გამოგონებები და  მონოგრაფიები.  დამსწრე საზოგადოების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინაშე მოხდება ინოვაციური სამეცნიერო კვლევების შედეგების  გაცნობა.

 


ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები (13 – 18 წლის მოსწავლეები), გუნდურად წარადგენენ თავიანთ ინოვაციურ გამოგონებებს, დამთვალიერებლებს გააცნობენ პროექტების არსს, შემადგენლობას, მიზანს. გამოფენა იქნება ინტერაქტიული, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილისებრ, გამოსცადონ პროექტების ფუნქციები, ადგილზე ამუშაონ ისინი. გარდა ამისა, მოსწავლეების ნაწილი, დამთვალიერებლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საინტერესო, სახალისო და უსაფრთხო ექსპერიმენტების ჩატარებაში. მოსწავლეები  შეასწავლიან დამთვალიერებლებს STEM-ის ელემენტარულ საფუძვლებს.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

  •  უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ სამოსის დიზაინის სპეციალობის კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენას - დეფილე;
  •  წარმოდგენილი იქნება შენობა-ნაგებობათა არქიტექტურის და სამოსის დიზაინის სპეციალობის სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა ნამუშევრებისა და პროექტების გამოფენა (რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი);
  • თავისუფალი სტენდი, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები ადგილზევე მოხატავენ (გრაფიტი).

ტექნიკური უნივერსიტეტი - წარმოდგენილი იქნება ახალი ტიპის მიკროპროცესორული ხელსაწყოები, SCADE -ს სისტემები და მოძრავი რობოტები, ნაჩვენები  იქნება  ქიმიური ექსპერიმენტები, რომელიც გამოიყენება სპეცეფექტების შექმნაში.

ეროვნული თავდაცვის აკადემია - აკადემიის ინოვაციური პროექტების წარმოდგენა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი
ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი ბავშვების  დაინტერესების მიზნით, სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარებს სახალისო გაკვეთილს ინტელექტუალური საკუთრების, კერძოდ გამოგონებების დაცვის შესახებ.  სხვადასხვა თამაშითა და აქტივობით მოსწავლეები გართობასთან ერთად, შეისწავლიან თუ რა მნიშვნელობა და როლი აქვს ქვეყნის განვითარებისთვის გამოგონებებსა და მათ დაცვას.
გაკვეთილის შინაარსი შემდეგია: კითხვისთვის მომზადება; ზღაპრის კითხვა; ცნობილი ინოვაციების პრეზენტაცია - მიზეზი და შედეგი; მსჯელობა გამოგონების შესახებ (ასოციაციური რუკის შექმნა);  გამომგონებლის სქემის შევსება-გამოგონების შექმნა; ინფორმაცია თანამედროვე გამოგონებების შესახებ (ინტერნეტი, wifi და ა.შ).
ბავშვებს გადაეცემათ საჩუქრად ინტელექტუალური საკუთრების სფეროს შესახებ შექმნილი ზღაპრები.
გარდა ამისა, ინტელეტუალური საკუთრების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოეწყობა უწყების საინფორმაციო სივრცე. ორგანიზაცია წარმოადგენს თავის ექსპერტს, რომელიც დაინტერესებულ სტუმრებს გაუწევს კონსულტაციას. ასევე დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები, ბროშურები. სივრცეში განლაგდება საინფორმაციო ბანერები (რკინის კონტრუქცია/მუყაო), რომელზეც წარმოდგენილია საქართველოში პატენტის მქონე გამოგონებების აღწერილობა. 

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი - ცენტრი პიკნიკზე  წარმოადგენს ბიოსამედიცინო სფეროში ცენტრის უახლეს სამეცნიერო მიღწევებს. ასევე ჩატარდება სახალისო ექსპერიმენტები და გამოკითხვები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ და თავად მიიღონ მონაწილეობა სახალისო ექსპერიმენტებში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ქიმიური ექსპერიმენტები, სამკურნალო საშუალებების დამზადება, გარემოს ხარისხის კონტროლის ექსპერიმენტები;
  • სახალისო საგანმანათლებლო თამაშები Heads Up. Anagram. Charades. Taboo. Finish the saying. Finish the lyrics 3. სახალისო ვიქტორინები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - მოსწავლეებს ჩაუტარდებათ საველე პირობებში პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი, ისწავლიან ურგენტულ სიტუაციებში სხვადასხვა მწვავე სამედიცინო ხასიათის პრობლემის გადაწყვეტას და დაზიანებული პირის მენეჯმენტს.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გეგმავს წარსდგეს სამეცნიერო პიკნიკზე დაწესებულებაში გამოცემული სახელმძღვანელოებისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის გამოფენითა და სარეკლამო და ბრენდული  პროდუქციით. ასევე, პიკნიკზე წარმოდგენილი იქნება ბნსუ-ს ბენდი ,,Silver Drops”, გემის კიჩოს სახით სტილიზებული სცენით. ასევე, მოეწყობა სასურათე კუთხე (საზღვაო თემატიკით); სახეზე ხატვა (საზღვაო თემატიკით) სტენდს ეყოლება ანიმატორი. 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - სამეცნიერო კრებულების და აკადემიური პერსონალის მონოგრაფიების გამოფენა/პრეზენტაცია.

ბაუ - ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იქნება პაციენტი-ექიმის როლური თამაში შემდეგი სიტუაციების დროს: 1. ჰიპოგლიკემიური შოკი; 2. ასთმური შეტევა; 3. ეპილეფსიური შეტევა; 4. ანაფლაქსიური შოკი. სცენარი განვითარდება ფლეშმობის სახით. ექიმის როლის შემსრულებელი ბაუს სტუდენტები  არამარტო გაუწევენ პირველად დახმარებას  სიმულაციურ პაციენტებს, არამედ ეს იქნება პერფორმანსი სწავლების ელემენტებით. ისინი აუხსნიან მაყურებლებს, თუ როგორ უნდა  გაუწიონ პირველადი დახმარება მსგავს სიტუაციებში. პაციენტის როლს შეასრულებენ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - წარმოდგენილი იქნება ღონისძიებას „ქიმიის საიდუმლოებანი“. სტუდენტები ჩაატარებენ მოსწავლეებისათვის სახალისო ცდებს, ჩაერთვებიან ამ ექსპერიმენტის ჩატარებაში და ერთად ახსნიან მიმდინარე ქიმიურ მოვლენებს. 
სტუდენტები ჩაატარებენ სახალისო ცდებს:

  • „ქიმიური შუქნიშანი“;
  • „ვულკანი მაგიდაზე“;
  • „ჯადოსნური ჯოხი“;
  •  „საიდუმლო წერილი“;
  •  „სპილოს კბილის პასტა“;
  •  „ეგვიპტური ღამე;
  • „ოქროსფერი შემოდგომა“;
  • „ფარაონის გველი“;
  •  „მოუსვენარი ხსნარები“;
  •  „ქიმიური ბაღი“.

ჩატარდება მცირე ქიმიური ვიქტორინა, აქტიური მოსწავლეებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები – საკანცელარიო ნივთები (ავტოკალმები, ბლოკნოტები და სხვა)  უნივერსიტეტის ლოგოთი.

 

საქართველოს უნივერსიტეტი - სახალისო არქეოლოგია სკოლის მოსწავლეებისათვის. რობო ტექნიკის სტენდი.

 

29 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე ბიომედიცინის აქტუალური საკითხები”

სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერების და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მონაწილეობით. კონფერენცია მიეძღვნება ბიომედიცინის აქტუალურ საკითხებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა