საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით,  მიმდინარე წლის 5-6 ივლისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე”.  

სამეცნიერო ღონისძიება ინტერდისციპლინარულ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ მოხსენებები სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებიდან (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფილოლოგია, ენათმეცნიერება, ფოლკლორი, ტურიზმი, ეკოლოგია, ტოპონიმიკა, რელიგიათმცოდნეობა, ფილოსოფია, არქიტექტურა, სამართალი, პოლიტოლოგია და სხვ.), რომლებიც უნდა ეხებოდეს შავიზღვისპირეთის ქვეყნებს და მათთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებს.

კონფერენციის ძირითადი მიზანია შავიზღვისპირეთის რეგიონის ქვეყნებში სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებში განხორციელებული უახლესი კვლევების წარმოჩენა და მათი გაზიარება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის; აგრეთვე, საერთო მიმართულებით მომუშავე მეცნიერთა დაახლოება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების შემუშავებას. კონფერენციის კიდევ ერთი მიზანი - ჩვენი ქვეყნის უახლესი სამეცნიერო კვლევების პოპულარიზება და უცხოელ მკვლევართა  საქართველოთი დაინტერესებაც გახლავთ.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა მიმდინარე წლის 15 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nbi@bsu.edu.ge  უნდა გადმოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და აბსტრაქტი, რომელშიც ნათლად უნდა იყოს წარმოჩენილი თემის აქტუალობა და სამეცნიერო სიახლე. საორგანიზაციო კომიტეტი განიხილავს შემოსულ განაცხადებს და კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული მოხსენებების ავტორებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 20 ივნისისა. ნაშრომის საბოლოო, სტატიის სახით წარმოდგენა შესაძლებელია ამა წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის შადრევანთან მოეწყობა ზღვის თემატიკასთან დაკავშირებული  ფოტოგამოფენები, ექსპერიმენტები და ვიქტორინები.

კონფერენცია ტარდება შერეული ფორმატით (ადგილზე/ონლაინ დასწრებით).

  განაცხადის ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა