
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2025 გაიმართა. ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და სტუდენტებს წარმატებები უსურვა სამეცნიერო საქმიანობაში. სხვადასხვა ფაკულტეტის 350-მა სტუდენტმა სამეცნიერო მოხსენება წარადგინა 31 სექციის მიმართულებით. სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვას, კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას.
ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები შეაფასებენ, ხოლო სექციის საპრიზო ადგილზე გასული მომხსენებლები დაჯილდოვდებიან. ასევე, კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ში ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა საფეხურისა და სპეციალობის სტუდენტს შეუძლია.
ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ-ს, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |