გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი რეზო ჯაბნიძე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მრავალი თაობის აღმზრდელის, რეზო ჯაბნიძის გარდაცვალების გამო. მის სახელს უკავშირდება უნივერსიტეტში აგრონომიის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელობა. ემერიტუს-პროფესორი რამდენიმე ათეული წელია უმაღლეს დაწესებულებაში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას და იყო რამდენიმე მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

პროფესორ რეზო ჯაბნიძის სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენდა სუბტროპიკული კულტურები, აგროტექნოლოგია და აგროქიმია. გამოქვეყნებული აქვს 250-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 5 სახელმძღვანელო: ,,სუბტროპიკული კულტურების აგროტექნოლოგია”, ,,ჩაი და ციტრუსები”, ,,სუბტროპიკული ტექნიკური კულტურები”, ,,სასოფლო-სამეურნეო ეკოლოგია”, და “სუბტროპიკული კულტურები”,  ასევე 7 მონოგრაფია და 18 მეთოდური რეკომენდაცია. ნაშრომთა ნაწილი გამოცემულია უცხოეთში. არის 20-მდე სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის რედაქტორი, რეცენზენტი.

მონაწილეობდა 60-მდე რესპუბლიკურ და საერთაშორისო მნიშვნელობის კონგრესებსა და კომფერენციებში. მისი ხელმძღვანელობით 15-მა ასპირანტმა და დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია, ხოლო 16-მა მაგისტრანტმა სამაგისტრო ნაშრომი. იყო რამდენიმე სამეცნიერო საერთაშორისო გამოცემის: „მოამბე“, „ეკონომიკა“, „აგრარული საქართველო“, „სანცთა“, „აგრარულ ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები“, აგროNEUS”-ს რედკოლეგიის და გამომცემლობა „ენციკლოპედია აჭარის“ მთავარი რედაქციის წევრი.

დაიბადა 1954 წლის 18 იანვარს დაბა მახინჯაურში.  1977 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი (ქ. სოხუმი). 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1994 წელს სადოქტორო დისერტაციები. 1996 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1995 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 2015 წელს ამავე აკადემიის აკადემიკოსად; 1997 წელს    საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, 2009 წელს საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

1985-1990 წწ. მუშაობდა აჭარის ა.რ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1990-1994 წწ. სტატისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, შემდეგ კი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.  1994 წლიდან 2004 წლამდე  არჩეული იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ, 1995-2006 წწ. კი საქართველოს აგრარული და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტების სპეციალიზირებული სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრად. არჩეული იყო ბათუმის საპატიო მოქალაქედ, ბაქოსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.

იგი იყო საქართველოში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ექსპერტი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აკაკი წერეთლის, რუსთაველის, იაკობ გოგებაშვილისა და ბათუმის სახალხო აკადემიის საიუბილეო მედლებით;  აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.  გახლდათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე და ქალაქ ერუსალიმის სტატუს მინიჭებული საპატიო სტუმარი.  

ბატონი რეზოს გარდაცვალება დიდი დანაკლისია არამარტო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებთ ოჯახსა და კოლეგებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა