
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა სტამბოლის ქართულ სავანეში მსოფლიო ლიტერატურის უძველესი ძეგლის „გილგამეშიანის" („გილგამეშის ეპოსი") უნიკალური ქართული ხელნაწერი აღმოაჩინეს.
აღმოჩენილი ხელნაწერის წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას ბსუ-ს რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები ესწრებოდნენ.
ხელნაწერი ეკუთვნის გამოჩენილ ქართველ მეცნიერს მიხაკო წერეთელს, რომელმაც „გილგამეშის ეპოსი“ ლურსმული ფირფიტებიდან მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა ქართულად და უწოდა „გილგამეშიანი“. ქართული არის ერთ-ერთი პირველი ენა, რომელზეც ბაბილონური ეპოსი ითარგმნა (1924) მიხაკო წერეთლის მიერ.
„გილგამეშიანი" 1924 წელს სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანემ გამოსცა. თარგმანი საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო. მხოლოდ 2010 წელს აკრძალული თარგმანი საქართველოს დაუბრუნდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ქართველ კათოლიკეთა სავანის 1924 წლის რეპრინტი გამოსცა.
| უკან |



















