ნაფიცი მსაჯული 3 - იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩემპიონატი

სურათი„ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციამ“ (elsa) იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩემპიონატის - ნაფიცი მსაჯული 3 მონაწილეთა შერჩევა დაიწყო. ჩემპიონატში მონაწილეობა უმაღლესი სასაწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს შეუძლიათ. პროექტის ორგანიზატორები რსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სასამართლო საიმიტაციო დარბაზში კონკურსანტებს შეხვდნენ და გასაუბრების წესით ბათუმის გუნდი დააკომპლექტეს, რომლის შემადგენლობაში არიან რსუ-ს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები: მაია მიქელაძე, ნინო ფუტკარაძე და მარიამ ნაკაშიძე.

ჩემპიონატში ქვეყნის მასშტაბით სამ-სამი წვერისგან დაკომპელქტებული 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აქედან 5 გუნდი თბილისიდან იქნება წარმოდგენილი, თითო-თითო გუნდი ბათუმიდან, ქუთაისიდან და გორიდან.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ჩემპიონატის მონაწილეებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უკეთ გაცნობის მიზნით 3-5 ივნისს ტრენინგებს ჩაუტარებს.

კონკურსი გაიმართება ასევე ნაფიცი მსაჯულების, ექსპერტების და ბრალდებულების შესარჩევად. 100–მდე საუკეთესო ნაფიცი მსაჯული სამოტივაციო წერილისა და სპეციალური აპლიკაციის საფუძველზე გამოვლინდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია, გარდა იურიდიული და ფსიქოლოგიური პროფესიების წარმომადგენლებისა, ხოლო ექსპერტების და ბრალდებულების როლისათვის სტუდენტები თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტიდან შეირჩევიან.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შვიდი იმიტირებული პროცესი ივნისში, უზენაესი სასამართლოს შენობაში ჩატარდება. 12 ივნისს გაიმართება 4 შესარჩევი პროცესი; 18, 19 ივნისს – ნახევარ–ფინალები, ხოლო 2 ივლისს – ფინალი. თითოეული ეტაპის, ისევე როგორც პროექტის საბოლოო გამარჯვებული გუნდი ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე გამოვლინდება.

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი), გორის სასწავლო უნივერსიტეტი.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა