უნივერსიტეტში ემერიტუს ამირან კახიძის 75 წლის იუბილე აღინიშნა

სურათიცნობილ არქეოლოგს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსს, პროფესორ ამირან კახიძეს 75 წელი შეუსრულდა. შოთა რუსთაველის დარბაზში გამართულ საიუბილეო სხდომაზე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა ღვაწლმოსილი პროფესორის სამეცნიერო მიღწევებსა და საზოგადოებრივ საქმიანობაზე ისაუბრეს. ამირან კახიძის სახელს უკავშირდება სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიის სკოლის შექმნა და მკლევართა რამდენიმე თაობის აღზარდა. უნივერსიტეტელებმა იუბილარს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ პროფესორმა ამირან კახიძემ 1961-64 წლებში ქართული არქეოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკად. ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის სრული კურსი საქარ-თველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლო-გიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1981 წელს სადოქტორო დისერტაციები. აკადემიის ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმსა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრში მოღვაწეობის პერიოდში პროფ. ამირან კახიძემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციაში (პეტრა-ციხისძირი, ლეღვა-ჯიხანჯური, ხუცუბანი, ჩაქვისწყლის ხეობა, ბათუმის ციხე, მახვილაური, გონიო-აფსაროსი, კოლოტაური, კვაშტა, ჭვანისციხე, სხალთის ეკლესია, ვერნები, ხიხაძირი, კალოთა, თხილვანა, ციხისფერდი, ვანაძეები და სხვ.). იგი ჩრდილოშავიზღვისპირეთის ზოგიერთი ექსპედიციის მონაწილეცაა, მაგრამ მაინც, პროფ. ამირან კახიძის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი კვლევის ძირითად ობიექტს ფიჭვნარის ნაქალაქარი და ვრცელი სამაროვნები წარმოადგენს, რომლის მსგავსი ძეგლი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მეორე არაა ცნობილი. სწორედ, ფიჭვნარის მასალის შესწავლითა და გამოქვეყნებით იგი მსოფლიოში ცნობილ ანტიკოსად იქცა.

1998 წლიდან პროფ. ამირან კახიძე ხელმძღვანელობს საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივ საერთაშორისო ექსპედიციას, რომელიც ყოველწლიურად მეტად ნაყოფიერ საველე სამუშაოებს ახორციელებს ფიჭვნარის როგორც ნაქალაქარის, ასევე სამაროვნების ტერიტორიაზე. 1999 წლიდან პროფ. ამირან კახიძე გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელიცაა. ასე, რომ მისი ხელმძღვანელობით მოწყობილმა ექსპედიციებმა ჩვენი ქვეყნის და საერთოდ, საკაცობრიო ცივილიზაციის საგანძური გაამდიდრა უახლესი, ბევრ შემთხვევაში უნიკალური აღმოჩენებით.

ამ პირველწყაროთა კვლევის შედეგად პროფ. ამირან კახიძემ შექმნა საკმაოდ მდიდარი და მრავალი ასპექტის მომცველი მეცნიერული მემკვიდრეობა. შესაბამისად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში ჩამოაყალიბა ახალი მეცნიერული მიმართულებანი.

ფიჭვნარის უახლეს მასალებზე დაყრდნობით უკანასკნელ წლებში ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა მონოგრაფიები: „ფიჭვნარი I - კოლხები და ბერძნები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“ (მაიკლ ვიკერსის თანაავტორობით), „ფიჭვნარი II - ანტიკური სამყარო აღმოსავლეთ შავიზღისპირეთში“. აღნიშნულმა ნაშრომებმა როგორც ქართულ, ისე იცხოურ სამეცნიერო წრეებში გამოცემისთანავე ჰპოვა ფართო აღიარება. პროფ. ამირან კახიძემ ისტ. მეცნ. დოქტორ ნ. ვაშაკიძესთან ერთად დაასრულა ვრცელი მონოგრაფია `ელინიზმი და კოლხეთი~, რომელშიც შევიდა გურია-აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ. წ. IV-II საუკუნეების ნეკროპოლები. ამჟამად,მეცნიერი პროფ. მაიკლ ვიკერსთან ერთად მუშაობს საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიციის 2003-2007 წლების შედეგებისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაზე, რომელიც პუბლიკაციისათვის მზად იქნება 2010 წლის ბოლოსათვის.
პროფ. ამირან კახიძემ ნაყოფიერი მუშაობა გასწია `სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების~ მრავალტომეულის შექმნაში, როგორც ავტორმა, მთავარი რედაქტორის მოადგილემ, პირველი ტომის თანარედაქტორმა და შემდგომში მთავარმა რედაქტორმა. ცნობილი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ პროფ. დავით ხახუტაიშვილის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმის ბოლომდე მიყვანის ფუნქცია სწორედ პროფ. ამირან კახიძემ იკისრა.
სახელოვანი მეცნიერის საყოველთაო აღიარების დასტურია ის, რომ იგი არაერთგზის იყო მიწვეული ოქსფორდის უნივერსიტეტში, ვოლოსში (საბერძნეთი), საარბრიუკენში, ბოხუმში, ვისბადენში (გერმანია), თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.
საველე არქეოლოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან ერთად განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ პროფ. ამირან კახიძემ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში შექმნა არქეოლოგიის მძლავრი სკოლა, მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა მკლევართა მთელი თაობა, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ რეგიონში არსებულ სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში.
პროფ. ამირან კახიძის ინიციატივით 1994 წელს ბათუმში დაარსდა არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც მოკლე ხანში იქცა ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთ მნიშვნელოვან კულტურულ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო კერად. მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის სტრუქტურულ ორგანიზაციად ჩამოყალიბება, აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის ძეგლების ფონდებში განთავსება, ექსპონატების მეცნიერული დამუშავება და კატალოგიზაცია, ფოტო-ლაბორატორიისა და არქივის მოწყობა, საექსპედიციო და საგამომცემლო საქმის წარმოება და ა. შ. 2007 წელს პროფ. ამირან კახიძის კონცეფციის მიხედვით ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელმაც სპეციალისტებისა და სტუმარ-დამთვალიერე-ბელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ბატონი ამირანი 40 წელზე მეტია, რაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამეცნიერო და სასწავლო პროცესში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მას მიენიჭა ემერიტუსის წოდება. ამჟამად, მაგისტრებსა და დოქტორანტებს უკითხავს ლექციების კურსს არქეოლოგიის საფუძვლებსა და ანტიკურ არქეოლოგიაში.
მიუხედავად თანამდებობრივი მდგომარეობისა, პროფ. ამირან კახიძე ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური საზოგადოებრივი პოზიციითა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. შემთხვევითი არ არის, რომ კრიტიკულ მომენტში (იგულისხმება 2004 წლის მაისის მოვლენები) უნივრსიტეტის პროფესორ–მასწავლებელებმა, სტუდენტებმა და ხელისუფლებამ რექტორის მოვალეობის შესრულება სწორედ, ბატონ ამირან კახიძეს თხოვეს. მეცნიერმა მოკლე დროში გამოიყვანა უნივერსიტეტი შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან და საზოგადოებას უნივერსიტეტს ნდობა დაუბრუნა.
ღვაწლმოსილ მეცნიერს, მრავალი თაობის აღმზრდელსა და შესანიშნავ მოქალაქეს პროფესორ ამირან კახიძეს გულითადად ვულოცავთ სახელოვან იუბილეს, ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და მორიგ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა