განცხადება

სურათი

გარდაიცვალა საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონული აკადემიის აკადემიკოსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთ რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი ანზორ დიასამიძე. პროფესორი ანზორ დიასამიძე დაიბადა 1939 წელს, შუახევის რაიონის სოფელ ცინარეთში. 1958 წელს მან დაამთავრა შუახევის საშუალო სკოლა, ხოლო 1964 წელს წარჩინებით დაასრულა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით.

1964-65 წლებში ემერიტუს-პროფესორი ანზორ დიასამიძე სამხედრო სამსახურში იყო, 1966-69 წლებში ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპი-რანტი გახლდათ გენეტიკა-სელექციის სპეციალობით. 1969 წლიდან მან მუშაობა დაიწყო ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოლოგიის კათედრაზე და ამავდროულად მეცნიერ-მუშაკია ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალში.

ემერიტუს-პროფესორმა ანზორ დიასამიძემ გაიარა მსოფლიოში აღიარებული გენეტიკოსის, აკადემიკოს იოსიფ რაპაპორტის სამეცნიერო სკოლა და 1970 წელს მისი ხელმძღვანელობით წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1971 წლიდან იგი ბიოლოგიის კათედრის დოცენტი იყო, 1979-85 წლებში – ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიისა და ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტის დეკანი, 1985–1986 წლებში პარალელურად ზღვის თევზისა და ოკეანოგრაფიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის განყოფილების დირექტორი და 1986–2006 წლებში - ბიოლოგიის კათედრის გამგე. ასევე გახლდათ უნივერსიტეტის მეთოდ-საბჭოს პირველი თავმჯდომარე და ახალგახსნილი მაგისტრატურის განყოფილების პირველი გამგე.

1995 წელს ემერიტუს-პროფესორმა ანზორ დიასამიძემ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დი-სერტაცია თემაზე: “ქიმიური მუტაგენეზი და ცვალებადობის თავისებურებანი ციტრუსოვან-თა სახეობათა შორის ჰიბრიდებში”. იგი იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო  ნაშრომის ავტორი, მათ შორისაა 10-მდე მონოგრაფია და სახელმძღვანელო. მის მეცნიერულ ინტერესთა სფერო მოიცავდა თეორიული გენეტიკისა და ბიოევოლუციის საკითხები. ეს კი მკვლევარისაგან არა მარტო ექსპერიმენტული მასალის ანალიზისა და დასკვნების ჩამოყალიბების უნარს საჭიროებდა, არამედ ძალიან ღრმა ფაქტობრივ ცოდნასა და ფილოსოფიურ აზროვნებას მოითხოვდა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მონოგრაფია „მემკვიდრეობისა და ცვალებადობის ბალანსის ბიოლოგიური რეგულაცია და ევოლუციური მნიშვნელობა“, რომელშიც ორიგინალურადაა გაშუქებული მემკვიდრეობისა და ცვალებადობის ბიოლოგიური კანონზომიერებანი და მექანიზმები ცოცხალის ყველა ორგანიზაციულ დონეზე. მკვლევარის  მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულება მაინც სუბტროპი-კულ კულტურათა  გენეტიკისა და სელექციის თეორიული საფუძვლების კვლევა, ფორმათ-წარმოქმნის პროცესების რეგულირების მეთოდიკის დამუშავება და შემდგომი სელექციური საქმიანობისათვის საწყისი სელექციური მასალის შექმნა იყო. მისი სამეცნიერო შრომები მნიშვნელოვანი პრაქტიკული დასკვნებისა და თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენების საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ემერიტუს-პროფესორ ანზორ დიასამიძის სელექციის ახალი მეთოდების ძიება და დამუშავება ციტრუსოვნებში სელექციური პროცესების დასაჩქარებლად. ქიმიური მუტაგენებით დამუშავებული მტვრის გამოყენებით შექმნა მდიდარი გენო-ფონდი (667 ფორმა), რომელიც საინტერესო მასალას წარმოადგენს შედგომი სელექციური საქმიანობისათვის. გამოიყო მეტად საინტერესო ჰყბრიდ-მუტანტები, შექმნა სათანადო კოლექცია, რომელთაგან გამორჩეული ფორმები რეკომენდებულია სახელმწიფო ჯიშთა გამოც-დისა და წარმოებაში უშუალო დანერგვისათვის.

ათეული წლების განმავლობაში ემერიტუს-პროფესორმა ანზორ დიასამიძემ ციტრუსოვანთა გენეტიკურ-სელექციური კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე ჩამოაყალიბა მთელი რიგი ზოგადბიოლოგიური კანონზომიერებები  ციტრუსის გვარისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ბიოლოგიური თავისებურების გენეტიკურ-ეკოლოგიური და ევოლუციური ასპექტების შესახებ, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სუბტროპიკული კულტურების გენეტიკის, ეკოლოგიისა და ევოლუციის რიგი საკითხების გაგებისათვის. ასევე, იძლევა ბიოლოგიის ზოგიერთი თეორიული პრობლემის გადაწყვეტისათვის მეტად საჭირო მეცნიერულ არგუმენტებსაც.

ემერიტუს-პროფესორ ანზორ დიასამიძის ექსპერიმენტული კვლევის სფერო მარტო ციტრუსოვნებით არ შემოიფარგლებოდა. მის შრომებში ფართოდაა წარმოდგენილი ვაშლის, მსხლის, კაკლის გენეტიკისა და სელექციის რიგი კანონზომიერებანი. მან ასევე გამოსცა მნიშვნელოვანი მეთოდური ნაშრომებიც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის  გენეტიკასა და ბიოევოლუციაში, რომლებიც მშობლიურ ენაზე შექმნილი პირველი წიგნები იყო საქართველოში.

ემერიტუს-პროფესორი ანზორ დიასამიძე 2004 წლიდან მისივე ინიციატივით დაარსებულ  იმუნოგენეტიკის ლაბორატორიაში მუშაობდა, რომელსაც თავადვე უძღვებოდა გარდაცვალებამდე. მეცნიერი თავისივე აღზრდილ მკვლევართა ჯგუფთან და მომავალ მეცნიერებთან ერთად, ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას  ეწეოდა რიგი გენეტიკური მარკერების მიხედვით დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის პოპულაციური თავისებურებების შესასწავლად. ლაბორატორია კვლევას ახორციელებს ევროგაერთიანებების  TEMPUS/TACIS -ის, INTAS-ისა და   სახელმწიფო ეროვნული  გრანტების ფარგლებში. კვლევის შედეგები მოხსენებულია არა მარტო ადგილობრივ, არამედ რესპუბლიკურ და საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონგრესებზე.  

განსაკუთრებულია ემერიტუს-პროფესორ ანზორ დიასამიძის ღვაწლი მომავალი მეცნიერული და პედაგოგიური კადრების მომზადების საქმეში. მისი  უშუალო ხელშეწყობითა და დახმარებით რამდენიმე ათეულმა კურსდამთავრებულმა დაიცვა საკანდიდატო თუ სადოქტორო დისერტაცია (დეპარტამენტის წევრთა უმრავლესობა მისი აღზრდილია). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ იგი იყო აჭარაში უმაღლესი განათლებით სამედიცინო მიმართულებით კადრების მომზადების ერთ-ერთი ინიციატორი და ახალგახსნილი სამედიცინო ფაკულტეტის პირველი დეკანი. გარდა ამისა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი ინიციატივით გაიხსნა წყლის ბიორესურსების, აკვაკულტურისა და ეკოლოგიის სპეციალობა. აქედან იღებს სათავეს აჭარაში ჰიდრობიოლოგების, იქთიოლოგების, ეკოლოგებისა და ზღვის ბიოლოგიის მიმართულებით სხვა სპეციალობის კვალიფიციური კადრების მომზადებას.

ემერიტუს-პროფესორი ანზორ დიასამიძე იყო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის არა ერთი მოწვევის სადისერტაციო საბჭოს წევრი, რამდენიმე საგრანტო პროექტის კოორდინატორი და ხელმძღვანელი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის (სელექცია, გენეტიკა და სხვა) პრობლემათა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონული აკადემიის აკადემიკოსი.

ემერიტუს-პროფესორი ანზორ დიასამიძე უნივერსიტეტის  წამყვანი პროფესორი იყო. უძღვებოდა ბიოლოგიური მიმართულების ძირითად დისციპლინათა კურსებს გენეტიკაში, ბიო-ევოლუციაში და სამაგისტრო  და სადოქტორო დისციპლინებს აღნიშნული მიმართულებებით. 2006 წლიდან აირჩიეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორად, 2010 წელს მიენიჭა ემერიტუს-პროფესორის საპატიო წოდება.

ემერიტუს-პროფესორი ანზორ დიასამიძე დაჯილდოებული იყო “ღირსების ორდენით” და მთავრობის მედლებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა