
22 აპრილს, დედამიწის დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის სპეციალობის III და IV კურსის სტუდენტებმა, ასოცირებული პროფესორის გუგული დუმბაძის ხელმძღვანელობით, ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის საველე მონიტორინგი განახორციელეს.
კვლევის ფარგლებში სტუდენტებმა პორტატული აპარატის გამოყენებით შეაფასეს ატმოსფერულ ჰაერში PM2.5 და PM10 მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია. ამასთანავე გამოიყენეს ჰაერის ხარისხის შეფასების ბიოინდიკაციური მეთოდი - ხეებზე ლიქენების გავრცელების ანალიზი. მიღებული მონაცემები შედარებულ იქნა ქალაქში მოქმედი ავტომატური მონიტორინგის სადგურების მაჩვენებლებთან, რომლებიც განთავსებულია აბუსერიძის ქუჩა N1-სა და ახალგაზრდობის პარკის ტერიტორიაზე.
საველე გაზომვების დროს საკვლევ არეალებზე მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია ნორმის ფარგლებში იყო, თუმცა გამოვლინდა მნიშვნელოვანი სივრცითი ცვალებადობა, განსაკუთრებით ტრანსპორტით ინტენსიურად დატვირთულ გზაჯვარედინებზე - აბუსერიძე–გრიბოედოვის, ჭავჭავაძე–მელიქიშვილისა და გრიბოედოვი–გორგილაძის ქუჩების კვეთებში.
ბიომონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებზე ლიქენების გავრცელება მხოლოდ 3–7%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც ახალგაზრდობის პარკში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ს აღწევდა, რაც ჰაერის შედარებით უკეთეს მდგომარეობაზე მიუთითებს.
აღნიშნულმა აქტივობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ურბანული ეკოლოგიური პრობლემების უკეთ გააზრებას.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილმა ამ აქტივობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ გარემოზე ზრუნვა იწყება მისი მდგომარეობის დაკვირვებით, შეფასებითა და გააზრებით. სტუდენტთა უშუალო მონაწილეობა ჰაერის ხარისხის მონიტორინგში მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიული ცოდნის გაღრმავებისთვის, ისე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისთვის.
| უკან |















