
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კლინიკა „ტოტალ შარმს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2026 წლის 9 ივნისს ბსუ-ს მედიცინისა და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები „Total Charm School“-ის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო კურსში მონაწილეობდნენ.
კურსი მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ყბა-სახის კლინიკური ანატომიის, სახის ესთეტიკური ზონების, ანატომიურ-კლინიკური კორელაციებისა და თანამედროვე ქირურგიული მიდგომების მიმართულებით.
სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო კადავერ კლასი, რომლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ რეალურ ანატომიურ გარემოში გაცნობოდნენ ანატომიური სტრუქტურების კლინიკურ მნიშვნელობას და პრაქტიკულად შეესწავლათ თანამედროვე ქირურგიული ტექნიკები. აღნიშნულმა ფორმატმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად ექციათ და უკეთ გაეაზრებინათ კლინიკური პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავალი ექიმებისა და სტომატოლოგების პროფესიული კომპეტენციების განვითარებაში, ხელს უწყობს მათი პრაქტიკული უნარების გაძლიერებას და ზრდის კლინიკურ საქმიანობაში ეფექტიანი ჩართულობის შესაძლებლობას.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი განაგრძობს პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას სტუდენტებისთვის თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესაქმნელად.
| უკან |











