
2026 წლის 16 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამედიცინო სახელმძღვანელოს - ,,ჰარისონის შინაგანი მედიცინის პრინციპები“ (Harrison's Principles of Internal Medicine) ქართული გამოცემის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე, სტუდენტები და სამედიცონო სფეროს წარმომადგენლები.
პროექტი განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში და მიზნად ისახავდა თანამედროვე სამედიცინო ცოდნის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და პრაქტიკოსი ექიმებისთვის.
ქართული გამოცემა წარმოადგენს ჰარისონის 21-ე გამოცემის ადაპტირებულ თარგმანს და მოიცავს კარდიოვასკულური მედიცინის, რესპირატორული მედიცინისა და ენდოკრინოლოგიის მიმართულებებს. გამოცემა ორ ტომად გამოიცა და აერთიანებს 48 თავს, რომლებიც თანამედროვე კლინიკური პრაქტიკისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს მოიცავს.
ბსუ-ს რექტომა ტიტე აროშიძემ პროექტის ავტორებს და სტუდენტებს მიულოცა წარმატებული პროექტი და აღნიშნა, რომ ეს სახელმძღვანელო მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო სამედიცინო ცოდნის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. პროექტის ხელმძღვანელმა, კარდიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ბექა მიქელაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის ისტორია, განხორციელების ეტაპები, მიზნები და მნიშვნელობა ქართული სამედიცინო განათლების განვითარებისათვის.
პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ენდოკრინოლოგი, პროფესორი სალომე ღლონტი, რომელმაც ისაუბრა გამოცემის მნიშვნელობაზე თანამედროვე ენდოკრინოლოგიაში, ენათმეცნიერი და ფილოლოგიის დოქტორი ჟუჟუნა გუმბარიძე, რომელმაც განიხილა სამედიცინო თარგმანის სპეციფიკა და პრაქტიკული გამოცდილება, ხოლო მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა პროექტის საგანმანათლებლო მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიება დისკუსიითა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.
| უკან |








