
16 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიმართა ლექცია თემაზე - ,,კრონის დაავადების ქირურგიული მართვა”, რომელსაც უძღვებოდა ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის, ზოგადი და ვისცერული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბსუ-ს საპატიო დოქტორი, პროფესორი შტეფან ფიხტნერ-ფაიგლი.
ლექციის ფარგლებში პროფესორმა მსმენელებს გააცნო კრონის დაავადების თანამედროვე ქირურგიული მკურნალობის პრინციპები, ოპერაციული ჩარევის ჩვენებები, დიაგნოსტიკის პრინციპები, მულტიდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობა და საერთაშორისო კლინიკურ პრაქტიკაში დანერგილი უახლესი სტრატეგიები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა აქტიური დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და უშუალოდ პროფესორისგან გაეზიარებინათ ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში კრონის დაავადების ქირურგიული მართვის პრაქტიკული გამოცდილება.
ლექცია მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიება იყო სტუდენტებისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას და თანამედროვე ქირურგიული მიდგომების აქტუალურ ასპექტებს.
| უკან |





