
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე საერთაშორისო პროექტის „ხელუხლებელი ტყეების დაცვა, როგორც მწვანე გადაწყვეტა შავი ზღვისთვის“ (Protection of Virgin Forests as a Green Solution for the Black Sea - GreenS4BlackSea, BSB01246) ფარგლებში დაინტერესებულ მხარეთა რეგიონული შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის პროგრამის ოფისის (WWF Caucasus Programme Office), სსიპ ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები, ბსუ-ს ბიოლოგიისა და ეკოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და პროექტის გუნდის წევრები.
შეხვედრის მიზანი იყო, პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების გაცნობა, ხელუხლებელი ტყეების კონსერვაციისა და მდგრადი მართვის საკითხების განხილვა, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაღრმავება და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება საგანმანათლებლო რესურსების შემუშავების პროცესში, ასევე შავი ზღვის აუზში ხელუხლებელი ტყეების, ბიომრავალფეროვნებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის დაცვა, ბუნებრივი ეკოსისტემების მდგრადი მართვის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება საერთაშორისო და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერების გზით.
ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, პროექტის კოორდინატორმა ინგა დიასამიძემ და პროექტის ასისტენტმა, ბიოლოგიის დოქტორმა დავით ხარაზიშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები, ასევე წარადგინეს შემუშავებული სასწავლო კურსის - „ტყის ეკოლოგია, საველე პრაქტიკული“ კურიკულუმი და მისი ძირითადი კომპონენტები.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „თემი და გარემო“-ს წარმომადგენელმა ქეთი სამადაშვილმა წარადგინა თემატური მოხსენება „ხელუხლებელი ტყეების კონსერვაცია და მართვა საქართველოში“ და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სახელმძღვანელოს კონცეფცია.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია და კითხვარზე მუშაობა, რაც ითვალისწინებდა პოტენციური დამსაქმებლებისა და დარგის სპეციალისტების მოსაზრებების, პროფესიული საჭიროებებისა და რეკომენდაციების გამოვლენას, სასწავლო კურიკულუმის სრულყოფისა და შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფას.
პროექტი GreenS4BlackSea (BSB01246) ხორციელდება Interreg NEXT Black Sea Basin 2021–2027 პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის თანადაფინანსებით.
პროექტის პარტნიორები არიან:
ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი (თურქეთი) - წამყვანი პარტნიორი; არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“ (საქართველო); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო); თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი). პროექტის განხორციელების პერიოდი: 25 დეკემბერი, 2025 – 24 ივნისი, 2027.
| უკან |








