25 მაისი 2025 წელი

2025 წლის 25-29 მაისს, ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პორტუგალიის კასტელო ბრანკოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (IPCB) ტექნოლოგიების ფაკულტეტის ელექტრო და ინდუსტრიული ინჟინერიის დეპარტამენტის კოორდინატორი, პროფესორი პედრო ტორესი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ტორესმა ჩაატარა ლექციები და სამუშაო შეხვედრები, მან ხელოვნური ინტელექტის თემა განსხვავებული პერსპექტივიდან განიხილა: არის თუ არა AI მართლაც ახალი რამ, თუ ეს უბრალოდ დიდი ხნის განმავლობაში არსებული საინჟინრო მიდგომების ახალი სახელწოდებაა?
პრეზენტაციაში ყურადღება დაეთმო თანამედროვე AI-ის მათემატიკურ საფუძვლებს, მათ შორის ბეიზისა და გაუსის ნაშრომებს, რომელთა პროგნოზირებისა და შეფასების მეთოდები უკვე XVIII საუკუნეში გამოიყენებოდა. ის კონცეფციები, რომლებსაც დღეს ხშირად „Machine Learning“-ად მოიხსენიებენ, ღრმად არის დაფუძნებული საუკუნეების განმავლობაში განვითარებულ სტატისტიკაზე, მათემატიკასა და ინჟინერიაზე.
პროფესორმა ასევე წარმოადგინა AI-ის განვითარების ქრონოლოგია - ალან ტიურინგის პიონერული ნაშრომებიდან დღევანდელ, მონაცემებზე დაფუძნებულ ეპოქამდე და გააცნო აუდიტორიას IPCB-ის მიმდინარე პროექტები რობოტიკის, პროგნოზირებადი ტექნიკური მომსახურებისა და ჭკვიანი ინდუსტრიული სისტემების მიმართულებით, პროექტები ნათლად ასახავს, თუ როგორ გამოიყენება მანქანური სწავლება, როგორც საინჟინრო ინსტრუმენტი, ყოველდღიურ პრაქტიკაში.
სესიამ კიდევ ერთხელ გაამყარა იდეა, რომ AI მხოლოდ ისეთი ინსტრუმენტებით არ შემოიფარგლება, როგორიცაა ChatGPT. ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ინჟინერიის, მათემატიკის, ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ განვითარებას. შეცვლილია მხოლოდ მონაცემებისა და გამოთვლითი სიმძლავრის ხელმისაწვდომობა, რომელმაც AI-ის ინსტრუმენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა, თუმცა ამავდროულად შექმნა მცდარი წარმოდგენა, თითქოს AI მხოლოდ გენერაციულ ჩატ-სისტემებს უკავშირდება.