9 ოქტომბერი 2026 წელი

4-9 ოქტომბერს, Erasmus+-ის პროექტის GreenEngine - Fostering Creative Engineering for a Sustainable Green World (Project ID: 101236240) ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გაიოზ ფარცხალაძე, პროფესორი მარინე გიორგაძე, ასისტენტ-პროფესორი მარიამ ცეცხლაძე, ადმინისტრაციული პერსონალი - მარი ირემაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საბერძნეთის ქალაქ იოანინაში.
პროექტი მიზნად ისახავს შემოქმედებითი საინჟინრო განათლების განვითარებასა და მდგრადი, მწვანე მომავლისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების გაძლიერებას.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში პარტნიორებმა შეაჯამეს პროექტის პირველი 12 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები, შეათანხმეს მომდევნო ეტაპის პრიორიტეტები და დაგეგმეს მომდევნო ექვსი თვის აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასწავლო პროგრამების განვითარებას (WP3), აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას (WP4), პროექტის გავრცელებასა და მდგრადობას (WP8), სტუდენტური ზამთრის ბანაკის დაგეგმვას (WP6) და ხარისხის უზრუნველყოფას (WP7). ასევე განიხილეს ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის, პროექტის ვებგვერდისა და ციფრული პლატფორმის განვითარების საკითხები.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თანამედროვე და ინოვაციური სწავლების მეთოდების გაცნობასა და პრაქტიკულ გამოყენებას, მათ შორის:
-
შებრუნებული სწავლება (Flipped Learning) - დამოუკიდებელი მომზადებისა და საკლასო სივრცეში პრაქტიკული მუშაობის კომბინირება;
-
პროექტზე დაფუძნებული სწავლება (Project-Based Learning) - რეალური პრობლემების გადაჭრისა და პროექტების განხორციელების გზით ცოდნის მიღება;
-
თანამშრომლობითი სწავლება (Cooperative Learning) - გუნდური მუშაობისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა;
-
გამოცდილებით სწავლება (Experiential Learning) - პრაქტიკული გამოცდილებისა და მისი გააზრების საფუძველზე სწავლა;
-
კვლევაზე დაფუძნებული სწავლება (Inquiry-Based Learning) - კითხვების დასმის, კვლევისა და მტკიცებულებების ანალიზის გზით ცოდნის მიღება;
-
მდგრადი საინჟინრო განათლება - პროექტზე დაფუძნებული სწავლებისა და მდგრადი კამპუსის გამოწვევის პრაქტიკული სესია.
ვიზიტმა ხელი შეუწყო GreenEngine პროექტის პარტნიორებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებას, განხორციელებული საქმიანობის შედეგების შეფასებასა და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვას. განხილული ინოვაციური პედაგოგიური მიდგომები კი ხელს შეუწყობს საინჟინრო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და მდგრადი განვითარების პრინციპების სასწავლო პროცესში ინტეგრირებას.