
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ბატონი ზურაბ კონცელიძის გარდაცვალების გამო. ბატონმა ზურაბ კონცელიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების განვითარების საქმეში. იგი იყო მრავალი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი, ხელმძღვანელობდა ოთხ სადიპლომო ნაშრომს, მონაწილეობდა არაერთ სამეცნიერო გრანტში და ფლობდა ოთხ საავტორო მოწმობას.
ზურაბ კონცელიძე დაიბადა 1948 წელს, დაბა მახინჯაურში. 1968-1973 წლებში სწავლობდა ხარკოვის საზოგადოებრივი კვების ინსტიტუტში, ხოლო 1980-1987 წლებში სწავლა განაგრძო ოდესის ლომონოსოვის სახელობის კვების მრეწველობის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.
ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტში და შემდგომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა სხვადასხვა სალექციო კურსს, მათ შორის: საკვები პროდუქტების ექსპერტიზა; საკონსერვო მრეწველობის მოწყობილობები და დანადგარები კვანტური ქიმია; ფარმაცევტული წარმოების პროცესები და აპარატები; კვების პროდუქტების ექსპერტიზა.
ზურაბ კონცელიძე 1973-2006 წწ. მუშაობდა ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტში მთავარი ინჟინერ ტექნოლოგის თანამდებობაზე და ამავე პერიოდში იყო ასოცირებული პროფესორი ბათუმის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში .
2006 წლიდან დღემდე ზურაბ კონცელიძე მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.
იგი გარდა თავისი მაღალი პროფესიონალიზმისა ხასიათდებოდა თავმდაბლობით და კომუნიკაბელურობით, ამიტომაც დამსახურებულად სარგებლობდა თანამშრომელთა საყოველთაო სიყვარულით.
ბატონი ზურაბ კონცელიძის გარდაცვალება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტისათვის უდიდესი დანაკლისია. მისი სახელი მუდამ დარჩება დიდი პატივისცემითა და სიყვარულით.
უკან |