
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრები - ნინო კიკნაძე და ნინო მხეიძე, მიმდინარე წლის 29 ივნისიდან 6 ივლისამდე მონაწილეობდნენ კომპლექსურ სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციაში, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ნანი გვარიშვილთან და ბსუ-ს ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის და ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად.
კვლევის მიზანი: ბუნებრივი წყლების ხარისხის შეფასება თანამედროვე ეტაპზე, ძირითადი ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და სანიტარულ-ჰიგიენური პარამეტრების განსაზღვრის საფუძველზე.
მარშრუტი: ბათუმი, ქობულეთი (ისპანის ჭაობები), ფოთი (პალიასტომის ტბა, კოლხური ტიპის ჭარბტენიანი ეკოსისტემები), წყალტუბო ( ტბა ,,ცივი’’), ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნუნისი (მდ. ნუნისისწყალი, მინერალური წყლები), ბაღდათის მუნიციპალიტეტი, კურორტი საირმე (მინერალური წყლები), ზეკარის უღელტეხილი (სუბალპური ბუჩქნარები და მდელოები), აბასთუმანი (წიწვოვანი ტყეები), ახალციხე (მთის სტეპები), ნინოწმინდას დაცული ტერიტორიები (მაღალი მთის ტბები), ახალციხე, ბორჯომი, ბათუმი. მოხდა მდინარის, მინერალური, ტბის წყლების აღება, შენახვა და ტრანსპორტირება კომპლექსური ანალიზების განსახირციელებლად.
აღებული იქნა წყლის სინჯები ხარაგაულის რაიონში, ნუნისის გოგირდიანი წყლების ლოკაციაზე (ადგილობრივ მოსახლეობაში წყალი ცნობილია, როგორც სამკურნალო, განსაკუთრებით კანის დაავადებების, ასევე ნერვული დაავადებების დროს), მდინარეზე-ცხენისწყალი, ნუნისწყალი, წყალტუბოს რაიონში - ტბაზე ,,ცივი’’, რომელიც განიცდის ანთროპოგენულ ზემოქმედებას.
ექსპედიცია აღმოჩნდა მეტად მნიშვნელოვანი შედეგის მქონე, რადგანაც მოსახლეობის გამოკითხვის გზით, ინსტიტუტის მკვლევრების მიერ ბაღდათის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი) გამოკვლეული და იდენტიფიცირებული იქნა ორი ბუნებრივი მინერალური წყარო:
„ზვარეს წყარო“ - რომელიც აღმოჩენილია სოფელ ნუნისის სიახლოვეს, წყლის სინჯი აღებული იქნა გაველურებული წყაროდან, რომელიც ამჟამად არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის. წყაროს აქვს გოგირდწყალბადის მკვეთრი სუნი, გაჯერებულია აირებით.
„ზეკარის ცივი წყალი“ - მოკვლეული იქნა სოფელ ალისმერეთში (ნერგეეთის თემი), ის ბუნებრივად გამოდის მიწისზედა ქანიდან მოსახლის კერძო საკარმიდამოზე. წყარო ხასიათდება დაბალი ტემპერატურით, დაბალი მინერალიზაციით.
ორივე წყარო აჩვენებს მაღალ პოტენციალს ბალნეოლოგიური და ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამჟამად ამტი–ს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზაზე მიმდინარეობს მათი პირველადი ქიმიური ანალიზი, დაგეგმილია კვლევის მეორე ეტაპი: დეტალური ანალიზი, დებიტის დადგენა და ეკოლოგიური მდგრადობის შეფასება.
ველზე უშუალო დაკვირვების გზით, სტუდენტები დაეუფლნენ ველზე მუშაობისა და შეგროვილი მასალის კამერული დამუშავების მეთოდებს, შეიძინეს საველე ხელსაწყოების გამოყენების უნარ–ჩვევები, მოახდინეს საინტერესო ობიექტების ფოტოგრაფირება და GPS ნავიგატორით კოორდინატების ჩანიშვნა.
ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების კვლევისთვის ადგილზე (in situ) ხდებოდა შემდეგი პარამეტრების განსაზღვრა:
ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებიდან: ა) სუნი; ბ) გემო; გ) შეფერილობა;
დ) გამჭვირვალობა; ე) შეტივნარებული ნაწილაკები.
ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებიდან: ა) ტემპერატურა; ბ) ; გ) TDS - საერთო გასნილი მარილების რაოდენობა; დ) EC – ელექტროგამტარობა; ე) წნევა; ვ) წყალში ხსნადი ჟანგბადის შემცველობა და სხვა.
საველე პირობებში გაზომვებისთვის გამოყენებული იყო პორტატული ხელსაწყოები: მრავალფუნქციური მულტიმეტრი; pH–მეტრი.
აღებულ წყლის ნიმუშებში სხვა მაჩვენებლები (სიხისტე; Ca2+, Mg2+-იონები; ჟანგბადის ბიოქიმიური მოხმარება 5 დღე-ღამის განმავლობაში (ჟმბ5); ქლორიდები; H2S; ანიონები: NO2- და NO3-; SO42-; HCO3- ; PO43– , აგრეთვე მულტიელემენტური შემადგენლობა და სანიტარულ-ჰიგიენური პარამეტრები (საპროფიტული ბაქტერიების რიცხვი და კოლი-ინდექსი) განისაზღვრება – აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ჰიდროქიმიური ანალიზის, პლაზმური ატომურ–ემისიური სპექტრომეტრიის და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიებში.
უკან |