
2025 წლის ნოემბერში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE პროექტის „Development of Soft Skills at Higher Education Institutions of Armenia and Georgia in Compliance with the 21st Century Labour Market Requirements (DeSIRe)“ ფარგლებში გაიმართა ერთდღიანი ტრენინგი გარე დაინტერესებული მხარეებისთვის.
ტრენინგი ემყარებოდა პროექტის საერთო რბილი უნარების პაკეტს და მის კონტენტს, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებმა, ევროკავშირის პარტნიორ ინსტიტუტებთან (UGR, TUD, LUT, IADT) თანამშრომლობით. მონაწილეებს საშუალება მიეცათ, ერთ დღეში გაცნობოდნენ რამდენიმე ძირითადი მოდულისა და ღია ონლაინ მასიური კურსის შინაარსს. საკუთარი პრაქტიკის მაგალითების საფუძველზე განიხილეს ისეთი კომპეტენციები, როგორიცაა მედია და ციფრული წიგნიერება, თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია, მეწარმეობრივი აზროვნება, პრიორიტეტების დასახვა და გადაწყვეტილებების მიღება, კრეატიულობა და პრობლემების გადაჭრა, ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკება, რეფლექსიური აზროვნება, ემოციური და სოციალური ინტელექტი.
დამსწრეების შეფასებით, ტრენინგი გამოირჩეოდა კომპაქტური, მაგრამ მდიდარი კონტენტით, პრაქტიკულობაზე ორიენტირებული მაგალითებითა და ინტერაქტიური ფორმატით. მონაწილეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ბსუ-სა და ადგილობრივ დამსაქმებლებს შორის სისტემური პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობა, რათა კურსდამთავრებულთა კომპეტენციები კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს შრომის ბაზრის დინამიურ მოთხოვნებს.
„DeSIRe“ პროექტის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტებში ისეთი რბილი და მულტიდისციპლინური უნარების განვითარება, რომლებიც შესაბამისობაშია XXI საუკუნის შრომის ბაზრის გამოწვევებთან და ხელს უწყობს სოციალური ჩართულობის, ინკლუზიურობისა და ინოვაციური თანამშრომლობის კულტურის განმტკიცებას. გარე დაინტერესებული მხარეებისთვის ჩატარებული ტრენინგი ბსუ-სთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტსა და შრომის ბაზარს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და რეგიონში პარტნიორული ქსელების გაფართოების მიმართულებით.
| უკან |








