
პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities – ETHICS) ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის შიდა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მიმართულებით უნივერსიტეტში მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს მიეძღვნა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებები, კვლევის ეთიკის მიმართულებით დანერგილი მექანიზმები, სასწავლო რესურსები და განხორციელებული ტრენინგებისა და სასწავლო კურსების შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბსუ-ში პასუხისმგებლიანი კვლევის კულტურის გაძლიერებას, ეთიკური სტანდარტების დანერგვასა და თანამედროვე გამოწვევებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირობებში. ასევე, იმსჯელეს კვლევის ეთიკის ოფიცრების როლზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევენ უნივერსიტეტში კვლევის ეთიკის პრინციპების დანერგვას, კონსულტირებასა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის მდგრადობის გეგმასა და კვლევის ეთიკის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ მომავალ აქტივობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელის (ENAI) ყოველწლიურ კონფერენციასა და პროექტის კონსორციუმის საერთაშორისო შეხვედრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც 2026 წლის სექტემბერში ქალაქ ბათუმში გაიმართება.
ETHICS პროექტი ხელს უწყობს უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას, ეთიკური სტანდარტების განმტკიცებასა და ევროპულ აკადემიურ სივრცესთან დაახლოებას.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
https://ethics.iliauni.edu.ge/
| უკან |











