
2026 წლის 21–22 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Erasmus+ DeSIRe პროექტის მეორე რეგიონულ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებას Regional Awareness Day 2 (RAD2) უმასპინძლა.
ღონისძიება განხორციელდა Erasmus+ KA2 შესაძლებლობების განვითარების პროექტის „სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რბილი უნარების განვითარება XXI საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში“ ფარგლებში.
RAD2-ის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, უმაღლეს განათლებაში რბილი უნარების განვითარების მნიშვნელობის წარმოჩენა, უნივერსიტეტებს, საჯარო სექტორს, დამსაქმებლებს, სტუდენტებსა და პროექტის საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლები სომხეთიდან, საქართველოდან, ესპანეთიდან, ირლანდიიდან, გერმანიიდან და ფინეთიდან, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, მკვლევრები, საჯარო და კერძო სექტორისა და პროექტის ასოცირებული პარტნიორების წარმომადგენლები.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო DeSIRe პროექტის ფარგლებში შემუშავებული რბილი უნარების მოდულები, სასწავლო და სატრენინგო მასალები, სტუდენტებისა და პერსონალისთვის ჩატარებული ტრენინგების შედეგები, მოდულების საპილოტე განხორციელების გამოცდილება და მიღებული უკუკავშირი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტებში რბილი უნარების ლაბორატორიების განვითარებას, მათი საქმიანობის ბიზნესგეგმისა და სამომავლო საგზაო რუკის განხილვას. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება რბილი უნარების სწავლება უფრო მეტად იყოს დაკავშირებული სტუდენტების რეალურ საჭიროებებთან, დამსაქმებელთა მოლოდინებთან და რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრიორიტეტებთან.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული საპილოტე სწავლების შედეგებიც. მომხსენებლებმა ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებაზე, სტუდენტთა ჩართულობაზე, სასწავლო მასალების გამოყენებაზე, ადგილობრივი მაგალითების ინტეგრირებასა და იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მოდულების შემდგომი გაუმჯობესებისა და სასწავლო პროგრამებში ეფექტიანად დანერგვისთვის გამოიკვეთა.
RAD2-ის ფარგლებში გაიმართა სტუდენტური პანელიც, რომელშიც სტუდენტებმა ისაუბრეს იმ რბილ უნარებზე, რომლებიც მათ სწავლის, პროექტებში მონაწილეობისა და გუნდური მუშაობის პროცესში განივითარეს. განხილული იყო ახალგაზრდების დასაქმებისათვის მნიშვნელოვანი უნარები, დამსაქმებელთა მოლოდინები, უნივერსიტეტის როლი სტუდენტების პროფესიულ მომზადებაში და ის გამოწვევები, რომლებსაც კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე შესვლისას აწყდებიან.
დისკუსიის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, დროის მართვის, მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მართვის უნარებს. აღინიშნა, რომ აღნიშნული კომპეტენციების განვითარება ზრდის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს მათ წარმატებულ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.
ღონისძიების მეორე დღე დაეთმო პროექტის პარტნიორთა საკორდინაციო შეხვედრას, შესრულებული სამუშაოების შეჯამებას, სამომავლო გეგმების განხილვასა და პარტნიორ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას.
ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების პარალელურად, ღონისძიება მონაწილეებს შორის პროფესიული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასაც ემსახურებოდა. საერთაშორისო სტუმრებისთვის მოეწყო პეტრას ციხის მონახულება, რამაც პარტნიორებს გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების არაფორმალურ გარემოში განხილვის საშუალება მისცა.
Erasmus+ DeSIRe პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, რბილი უნარების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებას და სტუდენტების თანამედროვე, ცვალებად და კონკურენტულ შრომის ბაზართან უკეთ მომზადებას.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის პარტნიორებთან ერთად მომავალშიც გააგრძელებს რბილი უნარების განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და უნივერსიტეტს, სტუდენტებს, დამსაქმებლებსა და რეგიონულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მიმართულ საქმიანობას.
| უკან |




















