სამეცნიერო პროექტის დასახელება: ” მრავალსამიზნე ბიოკონტროლის აგენტების
გამოკვლევა და მოლეკულური დახასიათება ფიტოპათოგენების მდგრადი მართვისთვის”
გრანტის დაფინანსების წყარო: სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: მაკა მურადაშვილი
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: კოორდინატორი: გალინა მეფარიშვილი
შემსრულებლები: რუსუდან დუმბაძე, ლიანა ქოიავა, ნანა ჯაბნიძე, ქეთევან მემარნე, ქეთინო სიხარულიძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2026-2029
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
გარემოს დაბინძურების გლობალური მატების ფონზე, ქიმიური პესტიციდების გამოყენებამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მცენარეთა დაავადებების მართვის ეკოლოგიურად უსაფრთხო, ბიოლოგიურ მეთოდებს, რომლებიც ეფუძნება ანტაგონისტური ბაქტერიების, ბაქტერიოფაგებისა და ანტიმიკრობული პეპტიდების (AMPs) გამოყენებას. კვლევებით დადასტურებულია, რომ ანტიმიკრობულ აგენტებს, რომლებიც მიკროორგანიზმებისგან არის მიღებული, შეუძლიათ ეფექტურად შეზღუდონ ფიტოპათოგენების განვითარება სხვადასხვა მექანიზმით, როგორიცაა საკვებისთვის კონკურენცია, ჰიპერპარაზიტიზმი და მეორადი მეტაბოლიტების წარმოება. ბიოლოგიური მცენარეთა დაცვის საშუალებები გამოირჩევა ეკოლოგიური უსაფრთხოებით, დაბალი ხარჯებით და ფიტოტოქსიურობის შემცირებული რისკით, რაც მათ მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებელ ელემენტად აქცევს. წარმოდგენილი პროექტის მთავარი მიზანია, შეაფასოს იტალიის ბარის აგრარული ინსტიტუტის მიერ შესწავლილი ანტიმიკრობული პეპტიდების ეფექტურობა საქართველოში გავრცელებული ფიტოპათოგენების წინააღმდეგ, ამასთანავე გამოავლინოს ადგილობრივი ანტაგონისტური მიკროორგანიზმების პოტენციალი, როგორც ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოპრეპარატების განვითარების საფუძველი. პროექტი ეფუძნება ბსუ-ს მიზნობრივი გრანტის ფარგლებში დაწყებულ კვლევებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ნიადაგობრივ-კლიმატური ზონიდან იზოლირებული მაღალაქტიური ანტაგონისტური მიკროორგანიზმების იდენტიფიცირება. კვლევაში განსაკუთრებული შედეგები აჩვენეს Pseudomonas spp., Alcaligenes spp. და Trichoderma spp. სახეობებმა, რომლებიც მაღალი ეფექტურობით ზღუდავენ როგორც ბაქტერიულ, ასევე სოკოვან დაავადებებს. დაგეგმილი კვლევა ინტერდისციპლინურია და ჩატარდება თანამედროვე ფიტოპათოლოგიური, მიკრობიოლოგიური, მოლეკულური და გენეტიკური მეთოდებით, რაც არა მხოლოდ გააფართოებს ფუნდამენტურ სამეცნიერო ცოდნას მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შესახებ, არამედ შექმნის საფუძველს ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოპრეპარატების შემუშავებისთვის. რაც საწინდარია მდგრადი სოფლის მეურნეობის გაძლიერების, მოსავლის ხარისხისა და ნიადაგის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებისათვის.
პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფიტოპათოლოგიის დარგის ინსტიტუციურ გაძლიერებას, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და უზრუნველყოფს ეკოლოგიური მიდგომების ინტეგრაციას სოფლის მეურნეობის პრაქტიკაში.
| უკან |
