სემინარები

ფილოსოფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ირმა ბაგრატიონი ამა წლის 27 ივნისს 17 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „ფაქტორთა კონცეფციის“ არსი კონსტანტინე კაპანელის ხელოვნების თეორიაში“

ცნობილია, რომ „ფაქტორის“ ცნების გამოყენებას ხშირად აქვს ადგილი ევროპული ესთეტიკური ნააზრევის ისტორიაში, სახელდობრ - ხელოვნების თეორიასთან მიმართებაში.

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსის კონსტანტინე კაპანელის (1889-1952) მოძღვრებაში იგი თითქმის არ გვხვდება, თუმცა სწორედ ეს ტერმინი შეგვიძლია მივუსადაგოთ მის ნაშრომებში - “სოციალური ესთეტიკის საფუძვლები” [1925] და „ქართული სული ესთეტიკურ სახეებში“ [1932] - მოცემული კონცეპტის დასახელებას - ბუნებრივი და სოციალური გარემო_პირობების სპეციფიკით ხელოვნების არსის ახსნისას. კერძოდ, კაპანელთან „ფაქტორების თეორიის“ ფორმულირების შინაარსი ასე შეიძლება გავიგოთ:

გარემოება ან გარემოებათა ერთობლიობა ანუ როგორც გარკვეული ფაქტორი ზემოქმედებს მხატვრული შემოქმედების არსებასა და თავისებურებაზე; თავის მხრივ, მხატვრული შემოქმედება, როგორც გარკვეული ფაქტორი, ფლობს შესაძლებლობას საკუთარი ბუნებით გავლენა მოახდინოს სოციალურ-კულტურული მდგომარეობის განპირობებულობაზე.

ამ მხრივ, ჩვენთვის საინტერესოა ბუნებათმეცნიერების ფილოსოფიური პრობლემების ცნობილი მკვლევარის სერგი ავალიანის [1928-2017] ნაშრომში - “სიცოცხლის არსება” მოცემული სიცოცხლის არსების ტელეოლოგიური გაგება - თვითშენახვის პრინციპის ფილოსოფიური ანალიზის სახით. ეს უკანასკნელი ემყარება ცოცხალი ორგანიზმების შინაგანი აქტიურობის, სასიცოცხლო ძალის ანუ, გერმანელი ბიოლოგისა და ფილოსოფოსის, ნეოვიტალიზმის ფუძემდებლის ჰანს ადოლფ ედუარდ დრიშის (1867-1941) ტერმინით - ენტელეხიის პრინციპს. ავტორის აზრით, ბრძოლა საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებისა და გახანგრძლივებისთვის - გარკვეული ენერგიის გარეშე შეუძლებელია და სწორედ ასეთია ენტელეხია. როგორც ირკვევა, კაპანელის მტკიცებით, სწორედ ასეთი ენტელეხიური ენერგიის  „შემოქმედებითობის წყალობაა, რომ სამყაროში ყველა ცოცხალ ორგანიზმს აზის ბეჭედი პირობების, შესაძლებლობისა და ტერიტორიის“ ანუ ბუნებრივი გარემო აიძულებს ორგანულ სამყაროს შეეგუოს და შეეთანაწყოს მას.

შეიძლება ითქვას, რომ მხატვრულ-თეორიული მსოფლმხედველობა „ფაქტორების თეორიის“ სახით ახალი იყო ქართული ესთეტიკური აზროვნებისთვის, თუმცა იგივეს თქმა ნამდვილად არ შეიძლება ევროპული ესთეტიკური ნააზრევის გადასახედიდან, რისი დადასტურებაც შესაძლებელია კვლევა-ძიებით დადგენილი გარკვეული პარალელებით:

ცნობილია, რომ ფრანგული განმანათლებლობის დიდი წარმომადგენელი ვოლტერი (1694-1778) თავის ნაშრომში "ესთეტიკა" (1727) ვარაუდობს, რომ ხელოვნება აღწევს განვითარების უმაღლეს საფეხურებს როგორც ძლიერი მეფეების მმართველობის პერიოდში, ასევე, სათანადო ეკონომიკურ პირობებში. მართალია, ვოლტერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კლიმატის გავლენასაც ხელოვნებაზე, მაგრამ მაინც არ თვლის ამ ფაქტორს გადამწყვეტად, რადგან მიიჩნევს, რომ "გენიალური შემოქმედი შეიძლება დაიბადოს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში". ცოტა მოგვიანებით, ფრანგი ფილოსოფოსი და სოციოლოგი შარლ ლუი დე მონტესკიე (1689-1755) თავის ნაშრომში „კანონთა გონი“ (1748) ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტი, მათ შორის ხელოვნება, ექვემდებარება ბუნებრივ კანონებს. ის ხელოვნებას განიხილავს პირდაპირ კავშირში ძირითად სოციალურ პრობლემებთან, სოციალური ცხოვრებისა და პოლიტიკური სისტემის სხვადასხვა ასპექტებთან. ამ მხრივ ძალიან დიდ ინტერესს იწვევს მისი დასკვნა იმის შესახებ, რომ „სატირული ნაწარმოებები სრულიად უცხოა დესპოტური სახელმწიფოებისთვის“. გერმანელმა ხელოვნების თეორეტიკოსმა იოჰან ვინკელმანმა (1717-1768)  თავის ნაშრომში „ანტიკურობის ხელოვნების ისტორია“ [1763] ანტიკური ხელოვნების არსებითი ნიშნების განმსაზღვრელად დაასახელა ბუნებრივი ფაქტორები, კერძოდ, კლიმატი და სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, ანუ ძველბერძნული პოლისის პოლიტიკური თავისუფლება.

ამდენად, კაპანელის ხელოვნების თეორია „ფაქტორთა კონცეფციის“ სახით თავისებური ინტერპრეტირებით იმეორებს ევროპულ აზროვნებაში ჯერ კიდევ განმანათლებლობის ესთეტიკიდან დამკვიდრებულ აზრს იმის შესახებ, რომ მხატვრული შემოქმედების შესაძლებლობა იქმნება ხელოვანისა და გარემოს ურთიერთობაში: მხატვრული სახის შექმნამდე წარმოსახული იდეის კორელატი ხანგრძლივად ტრიალებს იმ ბიო-სოციალურ სფეროში, რომელშიც იმყოფება ხელოვანი; შესაბამისად, ხელოვნების ბუნების სპეციფიკა [რაც არ უნდა ინდივიდუალისტური იყოს იგი ფორმით ან ფერითი კონსტრუქციით] განპირობებულია გარკვეული ბუნებრივი და სოციალური ფაქტორებით, კერძოდ - გეოგრაფიული, კლიმატური, გეოლოგიური, ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული გარემომცველი პირობებით. და, რაც მთავარია, კაპანელის მიერ ხელოვნების მორფოლოგიური  განვითარების, ფორმათცვალებისა და განხორციელების თავისებურებათა ახსნა სოციალური მიზეზებით ხელოვნების სოციოლოგიის პრობლემათა დასმის მნიშვნელობის ტოლფასია, რაც ერთგვარ სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენდა ქართული თეორიულ-ესთეტიკური მსოფლმხედველობისთვის.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა