სემინარები

2025 წლის 16 ივლისს 15.00 სთ-ზე 22 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა ქაჯაია გამართავს სემინარს თემაზე: "აჭარის მუსლიმი ქალები: სოციოკულტურული პორტრეტის ზოგიერთი ასპექტი".

საკვლევი პერიოდის სრულყოფილი წარმოდგენისთვის ქალის სოციოკულტურული და სოციოლინგვისტური პორტრეტის შესახებ, მოხსენებაში შევეხებით ქალის სოციოლინგვისტურ სახეს. ცხადია გვერდს ვერ ავუვლით ისტორიულ კონტექსტს, სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას: XX საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველოსა და აჭარის რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ეს პერიოდი გამოირჩეოდა ინტენსიური კულტურული და პოლიტიკური ცვლილებებით, როგორიცაა ეროვნული თვითგამორკვევის პროცესები, რეფორმები ენისა და განათლების სფეროში.

აჭარა მრავალეთნიკური რეგიონია, რამაც მეტწილად განაპირობა სიტყვების დასესხება სხვა ენებიდან, განსაკუთრებით თურქულიდან და რუსულიდან (ზემოთ აღნიშნული სოციალურ-პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე). საკვლევ პერიოდში თურქიზმების გამოყენების სფეროები ძირითადად შემოიფარგლებოდა არაფორმალურ ურთიერთობებში: ოჯახი, მეგობრები, მეზობლები და სხვ. საინტერესო ფაქტებს ვაწყდებით ზეპირ და წერილობით ტექსტებში. რის დასტურადაც ე.წ. „დედაბრული ხელნაწერები“ შეიძლება მოვიყვანოთ, რომელიც წარმოადგენს ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთ სახეობას, გავრცელებულს გურიასა აჭარაში. დედაბრული ხელის სახელწოდება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ იგი ძირითადად ქალებს შორის იყო გავრცელებული. დედაბრული ხელით შესრულებულია სხვადასხვა სახის წერილები, მათ შორის ბევრია პირადი სახის წერილები, სადაც ნათლად ჩანს ქალის დამოკიდებულება ადრესატებთან, ძირითადად ახლო ნათესავებთან, მოკრძალება, მორიდება, პატივისცემა.

უნდა აღინიშნოს, რომ 1920-1930-იან წლებში მუსლიმ ქალებთან დაკავშირებული ფოლკლორული ტექსტებისა და მიმართვის ეტიკეტური ფორმების ანალიზი ავლენს არა მხოლოდ ქალის სახის სოციოლინგვისტური წარმოდგენის სპეციფიკას, არამედ ენის დონეზე გამოვლენილ ძალადობის ფარულ ფორმებს. გამონათქვამების, მიმართვებისა და ფოლკლორული კლიშეების საშუალებით ფიქსირდება პატრიარქალური კონტროლის მექანიზმები, ზეწოლა და მარგინალიზაცია, რაც საშუალებას გვაძლევს მივიჩნიოთ ენა სოციალური იერარქიის შენარჩუნებისა და ქალის ქცევის ნორმატიული მოდელის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა