
5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, Interreg NEXT Black Sea Basin პროექტის „GreenS4BlackSea“ ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისათვის გაიმართა შემეცნებითი ლექცია.
ლექციას უძღვებოდა ბიოლოგიის დოქტორი ლანა კოდანოვი, რომელმაც სტუდენტებს გააცნო გარემოს დაცვის თანამედროვე გამოწვევები, ხელუხლებელი ტყეების და ეკოსისტემების მნიშვნელობა, ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხები და მდგრადი განვითარების პრინციპები.
თანამედროვე სამყაროში კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, ნარჩენებით დაბინძურება და ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს.
აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა სტუდენტებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებას, ბუნებრივი გარემოს დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენასა და მდგრადი განვითარების იდეების პოპულარიზაციას.
5 ივნისი მსოფლიოში აღინიშნება როგორც World Environment Day – გარემოს დაცვის მსოფლიო დღე. ეს თარიღი 1972 წელს, სტოკჰოლმში გამართული გარემოსდაცვითი კონფერენციის შემდეგ დაწესდა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით ღონისძიებას წარმოადგენს.
გარემოს დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა – ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვისა და ჩვენი რეგიონის ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე.
საერთაშორისო პროექტის GreenS4BlackSea (BSB 01246) ფარგლებში მომავალშიც არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორისაა სასწავლო ტური თურქეთსა და საბერძნეთში, ასევე შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც ჩაერთვება როგორც სტუდენტები ასევე სკოლის მოსწავლეები, რაც გარემოს დაცვის საკითხებზე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
პროექტი GreenS4BlackSea, ხელუხლებელი ტყეების დაცვა, როგორც შავი ზღვის „მწვანე“ გადაწყვეტა (BSB 01246) ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის Interreg NEXT ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან - ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი (თურქეთი) - პროექტის ლიდერი პარტნიორი, -არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“ (საქართველო), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), არისტოტელეს უნივერსიტეტი, თესალონიკი (Aristotle University of Thessaloniki, საბერძნეთი); პროექტის მთლიანი ბიუჯეტი არის 452 970,00 ევრო, Interreg-ის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა: 407 673,00 ევრო, პროექტის ხანგრძლიობა: 25.12. 2025- 25.06.2027
პროექტის მიზნები მოიცავს შავი ზღვის აუზში ბუნებრივი ეკოსისტემების, განსაკუთრებით ხელუხლებელი და მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების, ბიომრავალფეროვნებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის დაცვა, მდგრადი მართვის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება საზღვრისპირა თანამშრომლობის გზით.
| უკან |








