
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გუგული დუმბაძემ პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში ჩაატარა ღია ლექცია თემაზე „ბათუმის ეკოლოგიური გამოწვევები და ადამიანის ჯანმრთელობა“.
შეხვედრა მიეძღვნა იმ გარემოსდაცვით საკითხებს, რომლებიც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, როგორც სწრაფად განვითარებადი ზღვისპირა ქალაქისთვის. ლექციის განმავლობაში საუბარი შეეხო ჰაერის დაბინძურებას, PM2.5 და PM10 ნაწილაკებს, ხმაურს, ნარჩენების მართვას, მიკრო და მაკროპლასტიკით დაბინძურებას, ჩამდინარე წყლების პრობლემას, ურბანულ სითბურ კუნძულებსა და მწვანე სივრცეების მნიშვნელობას.
განსაკუთრებით აღინიშნა, რომ გარემოს მდგომარეობა მხოლოდ ეკოლოგიური საკითხი არ არის, არამედ, ის პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას, ყოველდღიურ ცხოვრებას, ქალაქში ცხოვრების კომფორტს და მომავალი თაობების კეთილდღეობას.
ლექციას ჰქონდა როგორც საინფორმაციო, ისე პრაქტიკული ხასიათი. სტუდენტებმა ადგილზე ნახეს გარემოს ხარისხის მონიტორინგისთვის განკუთვნილი პორტატული აპარატურა, გაეცნენ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების გაზომვის მეთოდებს და ხმაურის დონის შეფასების ძირითად პრინციპებს. შეხვედრის ფარგლებში მათ ასევე იმუშავეს ჰაერის ხარისხის მონაცემებთან ეროვნული და საერთაშორისო პლატფორმების — air.gov.ge და IQAir — გამოყენებით.
ღია ლექციის შემდეგ სტუდენტებისთვის მოეწყო გასვლითი ვიზიტი ადლიის წყალარინების, ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში. ადგილზე მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ, როგორ მიმდინარეობს ბათუმში ჩამდინარე წყლების გაწმენდის პროცესი, რა ეტაპებს მოიცავს ეს სისტემა და რატომ არის ასეთი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი ქალაქის ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისთვის.
ღონისძიებამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა რეალურ გარემოსთან დაეკავშირებინათ, დაენახათ ქალაქის ეკოლოგიური გამოწვევები პრაქტიკული თვალით და უკეთ გაეაზრებინათ საკუთარი როლი გარემოს დაცვის საქმეში.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში, რადგან სწორედ მათი ცოდნა, დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა განსაზღვრავს მომავალში უფრო ჯანსაღი და მდგრადი გარემოს შექმნას.
| უკან |









