ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ლევან ბატონიშვილის მკვლელობის საკითხისათვის

სურათი

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსმა მეცნიერი თანამშრომელმა ოლეგ ჯიბაშვილმა სემინარი ჩაატარა თემაზე: „ლევან ბატონიშვილის მკვლელობის საკითხისათვის“. ბატონიშვილი ლევანი (ლეონი) ერეკლე მეფისა და დარეჯან დედოფლის უფროსი ვაჟი იყო. იგი დაიბადა 1756 წელს. იცხოვრა ხანმოკლე, მაგრამ ღირსეული ცხოვრებით და დაიღუპა 25 თუ 26 წლის ასაკში ფრიად დამაფიქრებელ ვითარებაში. ლევან ბატონიშვილის სიკვდილთან დაკავშირებით არსებობს რადიკალურად განსხვავებული აზრები და გადმოცემები.

სემინარზე ბატონიშვილის დაღუპვის დრო და მიზეზები გაანალიზდა დოკუმენტურ მასალებსა და თვითმხილველთა გადმოცემებზე დაყრდნობით, აგრეთვე, ქართლ-კახეთის სამეფოს ირგვლივ, XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისათვის შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე.

ირანისა და ოსმალეთის დასუსტების პარალელურად, XVIII საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე ქართლ-კახეთის სამეფო პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა. ამავე პერიოდში ამიერკავკასიაში (და შემდეგ ახლო აღმოსავლეთის სიღრმეში) შემოსვლისა და დამკვიდრების მიზნით სულ უფრო მეტად აქტიურდება რუსეთის იმპერია. რუსულ დიპლომატიას სჭირდებოდა, რომ ერეკლე II-ს თავისი ნებით ეთხოვა მფარველობა იმპერატრიცა ეკეტერინესათვის, რაც რუსეთს დასახული მიზნის მიღწევას გაუადვილებდა. წინა წლებში რუსეთზე გულგატეხილი ქართლ-კახეთის მეფე კი ასეთ ინიციატივას არ იჩენდა. მაშინ რუსმა პოლიტიკოსებმა ერეკლეს მორჩილებაში მოსაყვანად ფარული და აშკარა ზემოქმედების სხვადასხვა საშუალება გამოიყენეს.

ლევანი ბატონიშვილის დაღუპვის ფაქტი სწორედ აღნიშნული ვითარების ფონზე განიხილეს და დასაბუთდა მოსაზრება, რომ ბატონიშვილი ქართული სახელმწიფოებრიობის მტრებმა მოწამლეს და ამ მკვლელობის ორგანიზატორები მაშინდელი რუსეთის პოლიტიკურ წრეებში არიან საძებნი. სწორედ, მისმა სიკვდილმა გატეხა მორალურად მოხუცი მეფე ერეკლე და დაადებინა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება (გეორგიევსკის ტრაქტატი), რამაც განსაზღვრა კიდეც საქართველოს შემდგომი ბედი.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა