ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

სამუშაო შეხვედრა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (UVa)

სურათი

24-29 იანვარს, ესპანეთში, ქალაქ ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (UVa) Erasmus+ საგრანტო პროექტის "Security Education Center for Unified Resilience and Effective Communications - SECURE" კონსორციუმის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ვიზიტის მიზანს პროექტის მიმდინარეობის შეჯამება და სამომავლო ეტაპების განსაზღვრა წარმოადგენდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის მკვლევრები, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები: მიხეილ დონაძე და გულადი ფარტენაძე.

SECURE პროექტის ძირითადი მისიაა საქართველოსა და უკრაინაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერება უმაღლესი განათლების დონეზე. პროექტი ფოკუსირებულია:

  • თანამედროვე სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე;
  • აკადემიური პერსონალის პროფესიულ გადამზადებაზე;
  • ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე საერთაშორისო დონეზე.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს მიღწეული შედეგები და შეთანხმდნენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • ინოვაციური სასწავლო კურსების დანერგვა: შემუშავდა კიბერუსაფრთხოების ახალი კურსების შინაარსი, განსაზღვრა მათი მიწოდების მეთოდოლოგია და ვადები.
  • 5G ლაბორატორია და კვლევითი ცენტრები: მომზადდა გზამკვლევი სპეციალური ცენტრების შესაქმნელად, რომლებიც მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებას 5G ტექნოლოგიებისა და კვანტური კიბერუსაფრთხოების სფეროში.
  • პერსონალის პროფესიული განვითარება: შეფასდა სასწავლო აქტივობების პროგრესი, გამოიკვეთა პოტენციური რისკები და დაიგეგმა მომდევნო ნაბიჯები აკადემიური პერსონალი გადამზადებისთვის.
  • შედეგების მდგრადობა და გავრცელება: მონაწილეები შეთანხმდნენ სტრატეგიაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტის ღირებულების მაქსიმიზაცია აკადემიური წრეებისა და ინდუსტრიისთვის.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კვანტური გამოთვლების საფუძვლებსა და პოსტ-კვანტურ კიბერუსაფრთხოებას. მონაწილეებმა გაიზიარეს IMUVA-სა და SCAYLE-ის კვანტური ლაბორატორიების გამოცდილება.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს თემატური სემინარები:

  • კვანტური გამოთვლების საფუძვლები;
  • კვანტური და პოსტ-კვანტური კიბერუსაფრთხოება;
  • კვანტური კოდირება და მონაცემთა დაცვა.

ვიზიტის დასასრულს შეფასდა პროექტის განვითარების დინამიკა და დაიგეგმა სამომავლო საკომუნიკაციო სტრატეგიები პარტნიორ ქვეყნებს შორის მჭიდრო კოორდინაციისთვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა