
2026 წლის 4–6 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები, პროფესორ ნუგზარ ღომიძის კოორდინაციით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ რუმინეთში, ქალაქ კონსტანცაში, საერთაშორისო პროექტის BSB01009 – „e-AQUAF – Smart Aqua Farming“ ფარგლებში გამართულ ვორქშოფსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.
ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ: პროფესორი ლალი კალანდაძე; ასისტენტ პროფესორი მირანდა ხაჯიშვილი; ფიზიკის დოქტორი ჯაბა შაინიძე; სპეციალისტი ნინო მჟავანძე. პროექტი „e-AQUAF – Smart Aqua Farming“ ფინანსდება Interreg NEXT Black Sea Basin Programme 2021–2027-ის ფარგლებში და მისი ძირითადი მიზანია შავი ზღვის რეგიონში აკვაკულტურის სექტორის დიგიტალიზაციის, თანამედროვე მონიტორინგის სისტემების დანერგვისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის ხელშეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: პარტნიორი ქვეყნების მეცნიერები, ინჟინრები, გარემოსდაცვითი მონიტორინგის სპეციალისტები და პროექტის კოორდინატორები. შეხვედრების ფარგლებში განიხილეს: შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების პერსპექტივები; წყლის ხარისხის რეალურ დროში მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგიები; გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების გზები; მდგრადი რესურსების მართვისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები.
ვორქშოფის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მრავალპარამეტრიანი მონიტორინგის სადგურების შექმნას, მონაცემთა cloud პლატფორმებში ინტეგრაციასა და თანამედროვე სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებას შავი ზღვის ეკოსისტემის კვლევისა და დაცვისათვის.
| უკან |




