ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XVI საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XVI საერთაშორისო კონფერენცია“ გაიხსნა. კონფერენცია 31-5 სექტემბრის  ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების 300-ზე მეტი მეცნიერი. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინსტიტუტებს შორის სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განვითარებასა და გაცვლითი პროგრამების გაფართოებას.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, ბსუ-ს საპატიო დოქტორმა ალექსანდრე მესხმა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას, საქართველოში მიმდინარე მათემატიკური კვლევების შემდგომ განვითარებას, სამეცნიერო ინფორმაციის გაზიარებასა და ქვეყნის საერთაშორისო სამეცნიერო ცნობადობის ამაღლებას.

კონფერენცია შერეული ფორმატით წარიმართება და მოიცავს 10 პარალელურ სექციას:

  • ალგებრა და რიცხვთა თეორია;
  • დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები და მათი გამოყენებები;
  • გეომეტრია და ტოპოლოგია;
  • ლოგიკა, ენა და ხელოვნური ინტელექტი;
  • მათემატიკური განათლება და მათემატიკის ისტორია;
  • მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა;
  • მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი;
  • თეორიული ფიზიკა;
  • ალბათობის თეორია, სტატისტიკა და ფინანსური მათემატიკა;
  • ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი.

კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამი მინი-სიმპოზიუმი, რომელთა მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მკვლევრები.

კონფერენციის შრომათა კრებული გამოიცემა ელექტრონული ფორმატით და განთავსდება საერთაშორისო ღია სამეცნიერო ბაზაში. კონფერენციის ფარგლებში შერჩეული სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება გამომცემლობა Springer-ის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Journal of Mathematical Sciences.

კონფერენციის პარალელურად გაიმართება სეზონური სკოლა „მათემატიკა ხელოვნური ინტელექტისთვის“ (Mathematics for AI). სკოლის მიზანია მონაწილეებისთვის ხელოვნური ინტელექტის მათემატიკური საფუძვლების გაცნობა,  რეგიონში საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის ჩამოყალიბება, ახალგაზრდა თაობებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და ცოდნის გაზიარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მონაწილეებსა და მოწვეულ ლექტორებს შორის სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

კონფერენციის მხარდამჭერები და სპონსორები არიან: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; International Mathematical Union-ის განვითარებისა და თანამშრომლობის კომისია (CDC); Springer Science+Business Media.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა