
ბსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა თემაზე: „გადაწყვეტილების მიღების პრობლემები განუსაზღვრელობის პირობებში“. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იბრაიმ დიდმანიძემ, უკრაინის ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე ნაკანეჩნიმ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გურამ ჩაჩანიძემ.
სამეცნიერო კონფერენცია აერთიანებს მათემატიკოსებს, ეკონომისტებს, ინჟინრებს, კომპიუტერული მეცნიერებების და განათლების სპეციალისტებს. კონფერენციაში 154 მომხსენებელი მონაწილეობს საქართველოდან, უკრაინადან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლიეტუვადან, აშშ-დან, თურქეთიდან, გერმანიიდან და ისრაელიდან.
სამეცნიერო ფორუმის ძირითადი მიმართულებებია: მათემატიკური და სტოქასტური მოდელირება, ოპტიმიზაცია და თამაშთა თეორია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი, გამოყენებითი სფეროები: ეკონომიკაში, კიბერუსაფრთხოებაში, ლოჯისტიკასა და ინჟინერიაში არსებული პრაქტიკული ამოცანების მოდელირება.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატურ მიმართულებებს:
- სტატისტიკური გადაწყვეტილებების თეორია, ინფერენცია და მისი გამოყენება.
- კომპიუტერული ტექნიკა სხვადასხვა სფეროში გადაწყვეტილების მისაღებად.
- გადაწყვეტილების მიღება ფაზურ გარემოში.
- დინამიური სისტემები და გადაწყვეტილების მიღება გაურკვევლობის პირობებში.
- გადაწყვეტილების მიღების ადამიანური და სოციალური ასპექტები სამხედრო და სამოქალაქო სფეროებში.
- გადაწყვეტილების მიღება და პროგნოზირება მედიცინაში, ეკონომიკაში, ბიზნესში, განათლებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა;
- უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გლუშკოვის კიბერნეტიკის ინსტიტუტი;
- უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უმაღლესი სკოლა;
- ლვოვის ივან ფრანკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა;
- თავდაცვის უნივერსიტეტი, ბრნო, ჩეხეთი;
- ბელსკო-ბიალას უნივერსიტეტი, პოლონეთი;
- „ნოსფერ ვენჩერს კორპორაცია“, უკრაინა;
- ევროპული განათლების ცენტრი, საქართველო.
| უკან |


















