ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

საერთაშორისო ჟურნალი „Journal of Mathematical Sciences“ (Springer Nature) აცხადებს სტატიების მიღებას სპეციალური ნომრისთვის — „ქალი მათემატიკოსები კავკასიაში“ (Women in Mathematics in the Caucasus)

სურათი

გამომცემლობა Springer“-ის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „Journal of Mathematical Sciences“ აცხადებს სტატიების მიღებას სპეციალური ნომრისთვის, სახელწოდებით  „ ქალი მათემატიკოსები კავკასიაში  (Women in Mathematics in the Caucasus)“. აღსანიშნავია, რომ ჟურნალი „Journal of Mathematical Sciences“ ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში - Scopus, რაც კიდევ უფრო ზრდის სპეციალურ ნომერში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო ხილვადობასა და აკადემიურ მნიშვნელობას.

სპეციალური ნომრის ძირითადი მიზანია კავკასიის რეგიონში (საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) მოღვაწე მათემატიკოს ქალთა მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენა, თანამედროვე მათემატიკური მეცნიერებების განვითარებაში მათი წვლილის ხაზგასმა და რეგიონში შესრულებული კვლევების საერთაშორისო ხილვადობის გაზრდა. ასევე,   საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა, რეგიონულ უნივერსიტეტებსა  და კვლევით დაწესებულებებს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერება, ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა და კავკასიის მათემატიკური საზოგადოების ინტეგრაციის ხელშეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში.

სპეციალური ნომერი მოიცავს წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის ფართო სპექტრს, კერძოდ,

  • წმინდა და გამოყენებით მათემატიკას, მათ შორის ფუნქციათა თეორიას;
  • ოპერატორთა თეორიას;
  • დიფერენციალურ განტოლებებს;
  • რიცხვით მეთოდებს;
  • მიახლოების თეორიას;
  • მათემატიკურ მოდელირებას;
  • გამოთვლით მათემატიკას;
  • დისკრეტულ მათემატიკას;
  • კრიპტოგრაფიას;
  • ინტერდისციპლინურ გამოყენებებს.

წინამდებარე ინიციატივა სრულად შეესაბამება ჟურნალის მისიას, გამოაქვეყნოს ინოვაციური და მაღალი სამეცნიერო ხარისხის მათემატიკური კვლევები, რომლებსაც ფართო საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.

საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მათემატიკოს ქალებს ვიწვევთ, მონაწილეობა მიიღონ ამ საერთაშორისო სამეცნიერო ინიციატივაში და წარმოადგინონ თავიანთი  სამეცნიერო ნაშრომები. მონაწილეობის ძირითადი მოთხოვნაა, რომ სამეცნიერო ნაშრომის ავტორთა შორის მინიმუმ ერთი ავტორი აუცილებლად უნდა იყოს ქალი.

სტატიების წარდგენის ბოლო ვადაა: 2027 წლის 28 თებერვალი.

ჟურნალის ოფიციალური ვებგვერდი: https://link.springer.com/journal/10958


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა