ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ამერიკელმა მედიაექსპერტებმა, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა - ბილ სილკოკმა და კენ ფოსკეტტმა საჯარო ლექციები წაიკითხეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკელმა მედიაექსპერტებმა, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვალტერ კრონკაიტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორებმა - ბილ სილკოკმა და კენ ფოსკეტტმა საჯარო ლექციები წაიკითხეს ტრადიციული და ციფრული მედიის გამოწვევებზე. ორი დღის განმავლობაში ამერიკელმა მედიაექსპერტებმა ბსუ-ს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მოქმედ ჟურნალისტებს ისეთი აქტუალური საკითხები გააცნეს, როგორებიცაა: ,,თავისუფალი პრესის მოდელი სამართლიანი არჩევნების გაშუქებისთვის",  „დეზინფორმაცია", ,,სოციალური მედია ჟურნალისტიკის სწავლებაში" და ,,საგამოძიებო ჟურნალისტიკა". ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ვორკშოფი, ამერიკელმა პროფესორებმა მსმენელებს მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს და მათ აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.  

ღონისძიება ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, სამაგისტრო პროგრამის ,,ციფრული მედია და ინოვაციები“ ხელმძღვანელმა ინგა შამილიშვილმა, აშშ-ის საელჩოს საგრანტო და უმაღლესი განათლების პროგრამების კოორდინატორმა სოფიო ბზიშვილმა გახსნეს, უნივერსიტეტსა და აშშ-ს საელჩოს შორის ნაყოფიერ და წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის, რელიგიისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრის პროფესორ ბილ სილკოკს გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და არის  ციფრულ მედიაში აღიარებული სახელმძღვანელოს „ახალი ამბები: ვიზუალური ისტორიების თხრობა ციფრულ ეპოქაში“ თანაავტორი, მიყავს ლექციების კურსები ლიდერობის, ციფრული ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტური ეთიკის თემებზე.

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი, გამომძიებელი რეპორტიორის და რედაქტორის ჯილდოს მფლობელი, პროფესორი კენ ფოსკეტტი The Atlanta Journal-Constitution -ში 32 წლის მანძილზე მუშაობდა გამომძიებელ ჟურნალისტად და გამოძიების უფროს რედაქტორად. ის არის ატლანტას პრესკლუბის დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, იელის კოლეჯისა და კოლუმბიის ჟურნალისტიკის სამაგისტრო სკოლის კურსდამთავრებული.

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - დოქტორი ბილ სილკოკი და კენ ფოსკეტტი ბსუ-ს აშშ-ს საელჩოს მედია განათლების პროგრამის MEDIA EDUCTION PROGRAM (MEP) ფარგლებში ეწვივნენ, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით 2020 წლიდან ახორციელებს. თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელ მედიაექსპერტებს ბსუ-მ უკვე მესამედ უმასპინძლა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა