გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ქართველთა ეროვნული კუთვნილების მთავარი ნიშანი ქართული ენის, წინაპართა ენის ცოდნაა“

სურათი

14 აპრილი სახელმწიფო ენის დღეა. ენა დედაა ერისა და მას გაფრთხილება სჭირდება. ქართული ენა ჩვენი კულტურისა და იდენტობის განმსაზღვრელია.

გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ კითხვებს ენათმეცნიერი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი მამია ფაღავა პასუხობს.

_ ბატონო მამია, გთხოვთ გაიხსენოთ 1978 წლის 14 აპრილი...

_ 1978 წლის 14 აპრილი ჩემს მეხსიერებაში ღრმად აღიბეჭდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვიყავი. მახსოვს, გამოქვეყნდა საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი. ეს იყო დრო, როდესაც საბჭოთა ქვეყნის იდეოლოგები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უკვე ჩამოყალიბდა საბჭოთა ხალხი თავისი ყველა ნიშნით და რომ დროა, მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციებში სახელმწიფო ენის სტატუსი ეროვნულ ენასთან ერთად მიენიჭოს რუსულ ენასაც. ფაქტობრივად, საქართველოში ქართული და რუსული თანაბარი უფლების ენებად ცხადდებოდა. კონსტიტუციის პროექტის განხილვას მოჰყვა ჯერ ქართველი ინტელიგენციის უკმაყოფილება, რომელიც თანდათან გაღრმავდა და წინააღმდეგობაში გადაიზარდა. საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება ალბათ არც მოელოდა, რომ ასე შორს წავიდოდა საქმე. 1978 წლის 14 აპრილს ,,საყოველთაო განხილვის“ შემდეგ დაინიშნა საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესია, რომელსაც უნდა მიეღო საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუცია. ფიქრობდნენ, ეს მოხდებოდა ,,დამსწრეთა ტაშის გრიალში“ (როგორც ეს მაშინ იყო მიღებული), მაგრამ საქმე სხვაგვარად წავიდა. სტუდენტთა თაოსნობით გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი, რომელიც მოითხოვდა, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციის 75-ე მუხლი არ მიეღოთ იმ სახით, როგორც ეს კონსტიტუციის პროექტში იყო, და საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად დარჩენილიყო ქართული ენა. ხელისუფლება გამწვავებაზე არ/ვერ წავიდა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში უკან დაიხია, დაჰყვა ხალხის ნებას. ახალგაზრდობისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის დიდი ნაწილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, - საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად კონსტიტუციით, რესპუბლიკის უპირველესი კანონით კვლავ ქართული დარჩა. ეს დიდი გამარჯვება იყო. თოთხმეტმა აპრილმა აჩვენა, რომ არც ისეა საქმე, როგორც ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ჯერაც ღვივის ეროვნული თავისუფლების იდეა... 1956 წლის შემდეგ გაყუჩებული, იატაკქვეშ გადასული ეროვნული მოძრაობა სააშკარაოზე გამოვიდა. დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი. სიტყვა გაგვიგრძელდა, საათობით შეიძლება ვისაუბროთ 14 აპრილსა და მის შედეგებზე. აღვნიშნავ ბარემ, რომ 14 აპრილის გამოძახილი იყო ბათუმში 1978 წლის 26 მაისი, დიადი დღე საბჭოთა აჭარის ისტორიაში. მოდი, ამ ამბებზე სხვა დროს ვისაუბროთ. დავუბრუნდეთ 14 აპრილს. თბილისიდან მწირი ცნობები ჩამოვიდა ბათუმში. ოფიციალური პრესა, შეიძლება ითქვას, არაფერს წერდა თბილისში განვითარებულ ამბებზე. გავიგეთ კი რაც მოხდა დედაქალაქში, ბუნებრივია, შეფასებები არაერთგვარი იყო. მაგრამ ეს არ იყო მთავარი: მთავარი იყო, რომ ეროვნულმა იდეამ გაიმარჯვა, მთავარი იყო, რომ საქართველომ დაიცვა სახელმწიფო ენა, რასაც მოჰყვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპის დასაწყისი...

_ როგორც ენათმეცნიერი, რას იტყვით ამ დღის ისტორიული მისიის შესახებ?

_ 14 აპრილის კიდევ ერთი შედეგი იყო ,,ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება“, რომელიც ითვალისწინებდა ქართული ენის კვლევისა და სწავლების ყველა ნიუანსს. კარგად დაიწყო პროგრამის განხორციელებისათვის ზრუნვა, ბევრი რამ გაკეთდა... კარგად დაწყებული საქმე, შეჩერდა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა...

14 აპრილი დიდი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

_ თავის დროზე, მსოფლიო მასშტაბით, რამდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბებს?

_ მაშინ ხომ საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი სივრცე იყო, რკინის ფარდით გაყოფილი დანარჩენი მსოფლიოსაგან. ყოველგვარი ინფორმაციის შემოსვლა თუ გასვლა მკაცრად კონტროლდებოდა, ბუნებრივია, მოქალაქეებამდე ვერ აღწევდა ინფორმაცია, რას ამბობდნენ უცხოეთში საბჭოთა რესპუბლიკებში მომხდარი ამბების შესახებ...

_ „მამული, ენა, სარწმუნოება“, - გვიანდერძა დიდმა ილიამ. ენა ერის კულტურასა და იდენტობას განსაზღვრავს. მოკლედ, ამ საკითხთან მიმართებაში  რას ეტყოდით სტუდენტ-ახალგაზრდობას...

- ქართული ენა ქართველი კაცის ეროვნული იდენტობის მთავარი ნიშანია. ქართველის გაგებით, ქართველად ითვლება ის, ვინც ქართული ენა იცის. ერთ საინტერესო ფაქტს მივაქცევ მკითხველის ყურადღებას. სამეცნიერო ინტერესებიდან გამომდინარე, კოლეგებთან ერთად, როგორც ხელმძღვანელმა, არაერთ კომპლექსურ ექსპედიციაში მივიღე მონაწილეობა, როგორც ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ქართულ ქვეყნებში, შავშეთში, კლარჯეთში, ტაოში, ისტორიულ ლაზეთში, ასევე ქობულეთელ, ბათუმელ, აჭარელ, მაჭახლელ, შავშ, კლარჯ მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებებში თურქეთის ქვეყნის შიგა პროვინციებში. არაერთისგან მომისმენია ასეთი მსჯელობა: ,,ჩემი ბაბაჲ და ნენეჲ გურჯები იყვენ, მე გურჯი არ ვარ“. გაუგებარია, რისი თქმა სურს რესპონდენტს არა? ჩაკითხვის შემდეგ აღმოჩნდება: დედ-მამა ქართველები (გურჯები) იყვნენ იმიტომ, რომ მათ ქართული იცოდნენ. რესპონდენტი, თავს ქართველად არ თვლის იმიტომაც, რომ წინაპართა ენა არ იცის. დიახ, ქართველთა ეროვნული კუთვნილების მთავარი ნიშანი ქართული ენის, წინაპართა ენის ცოდნაა. ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ქართული ენის დავიწყება გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ისტორიულად ერთი ქართული ქვეყანა, შავშეთი, ორად გაიყო: საკუთრივ შავშეთი, ქართული ენის არმცოდნე, მეთურქულე ნაწილი ერთიანი შავშეთისა  და იმერხევი - ქართული ენის მცოდნე, მექართულე ნაწილი... დიახ, შავშეთმა ქართული დაივიწყა, ,,ვბღეზდები, მარა რა’ნა ქნა“ - გაგვანდო წუხილი ერთმა ბაზგირეთელმა... 

- ქართული ენა ქართველი კაცის მიერ შექმნილი სამყაროს ხატია. მასში აისახა ქართველი კაცის წუთისოფელი, თავგადასავალი ზოგადად. უძველესი პერიოდის საქართველოს ისტორიის პრობლემების კვლევა/შესწავლა წარმოუდგენელია ჩვენი ენის მონაცემების გათვალისწინების გარეშე. ენამ დაიცვა შორეული წარსულის ბევრი ფაქტი, ოღონდ მიგნებაა საჭირო: დავაკვირდეთ, ჩვენს ენაში დაუნჯებულა ჩვენი წინაპრების ურთიერთობები მონათესავე, მეზობელ თუ სხვა ტომებთან, შინაურთან თუ მომხვდურთან, ასევე მეზობელ ენებთან. სხვადასხვა ხალხთან თანაცხოვრება აისახა/დაილექა ენაში, დღემდე მოაღწია, საჭიროა მისი გამოვლენა და სათანადო ანალიზი. ბევრჯერ მითქვამს სტუდენტებთან, ქართული ენის ისტორია ვერტიკალურ ჭრილში რომ წარმოვიდგინოთ, სხვადასხვა ენის დანაშრევებს დავინახავთ-მეთქი ჩვენს ენაში, იმათ ნაკვალევს, ვისთანაც ისტორიულად ურთიერთობა ჰქონიათ ქართველებს. ცალკე მსჯელობის საგანია ტოპონიმიკა, ,,მიწის ენა“, როგორც მას უწოდებენ. მიწამ ,,შეინახა“ უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, ვის უცხოვრია ჩვენს მიწაზე, რა მეურნეობას მისდევდნენ ჩვენი წინაპრები, რას თესავდნენ, რა მცენარეებით იყო დაფარული ჩვენი მიწა... ტოპონიმიკა, გეოგრაფიული სახელები მნიშვნელოვანი წყაროა ქვეყნის ისტორიის გასააზრებლად. ძალიან თუ არ გაგვიგრძელდა საუბარი, ერთ ფაქტს მოვიყვან: ისტორიული ტაოში რამდენიმე ერის წარმომადგენელი იყრიდა თავს: უპირველესად ქართველები, ტაოელები, ძველი ტაოხების შთამომავალნი, შემდეგ ბერძნები და სომხები, ბოლოს ოსმალები. მნიშვნელოვანია, რომ პირველმა სამმა თავისი კვალი დააჩნია ტაოს მიწას, და ეს არცაა გასაკვირი. ამის გამო, ერთი ერი იჩემებდა კიდეც ტაოს, ჩვენი ქვეყანააო ტაიქი (ასე ეძახიან ისინი ტაოს). ერთადერთი წყარო, რომელიც ამ მოსაზრებას უარყოფს ტოპონიმიაა, გეოგრაფიულმა სახელებმა დაიცვეს ,,ცნობა“, რომ ტაო ისტორიული ქართული ქვეყანაა, სხვები კი ხიზნები იყვნენ ამ მიწისა...

თემა საინტერესო და ბევრისმომცველია... ილიამ ენა, მამული და სარწმუნოება ერთ სიბრტყეზე განალაგა და ამით წინაპართა ანდერძიც გაგვიმხილა: სამივე ის სიწმინდეა, რომელსაც ქართველი უნდა გაუფრთხილდეს და მოუაროს...

_ ამბობენ, ქართული ღმერთების ენააო...

_ დიახ, ასეა. ალბათ ქართველი კაცის ნაფიქრს ამბობდა ლადო: ,,საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,  ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“. იქამდე ხომ ცნობილ ჰიმნში, ,,ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ გაცხადდა ქართული ენის დანიშნულება... საოცარი ენა გვაქვს, მართლაც ღვთივკურთხეული, ენა - რომელზეც ყველაფრის გამოთქმა შეიძლება, რაც თუ კაცობრიული აზრი არსებობს, ბოლოს და ბოლოს ამ ენაზე ითარგმნა ძველი და ახალი აღქმის წიგნები, ამ ენაზე დაიწერა ,,ვეფხისტყაოსანი“, ,,ქართლის ცხოვრება“, საბას ,,სიტყვის კონა“ თუ სხვათა და სხვათა თხზულებანი. კარგად თქვა ჩვენს დროში მუხრან მაჭავარიანმა: ,,ქართული მარტო ენაა?!/,,ქართული ქართველთ რწმენაა!/ღმერთია!/ბედისწერაა!/ ზღვა როა!/ - იმოდენაა!“ და კიდევ: ,,ენა რომ არა, ისიც ასეთი,/ როგორც იტყვიან: ყალმით ნახატი!/ შენი თვით შოთა რასაც დაწერდა,-/ ერთი იმასაც ვნახავდი“. დიდებული ნათქვამია, მწერლის მთავარი იარაღი ენაა. თუ არა ქართული ენა, ვერც შოთა შექმნიდა თავის პოემას...

და ბოლოს, დიდი ილია გვაფრთხილებს: ,,ენა საღვთო რამ არის“, ამიტომაც მას ,,კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოს“, უნდა დავიცვათ ენა, მოვუაროთ და შევინახოთ, როგორც ,,წმინდა საუნჯე“.

_ მოძალებული ნეოლოგიზმებისა და ბარბარიზმების ფონზე, ქართული ენის სიწმინდის დაცვა დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა. სად არის გამოსავალი?

_ დღეს ჩვენ ინფორმაციულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ინტერნეტის საშუალებით წვდომა გვაქვს ყველაფერთან, რაც მსოფლიოში ხდება. ყველაფერი უნდა აისახოს ენაში. შესაბამისად, დაჩქარებულად შემოდის ჩვენს ენაში ახალი სიტყვები, ,,მკვიდრდება“ და საფრთხეს უქმნის ქართული ენის სიწმინდეს. ქართულში ბევრი ისეთი ლექსიკური ერთეულიც იკვლევს გზას, რომლის შესაბამისიც უკვე არსებობს და კარგადაც ასრულებს თავის ფუნქციას... ბევრი რომ არ გავაგრძელო ენა ჯერდება მოძალებული ბარბარიზმებით. სად არის საშველი? ჩნდება ბუნებრივი კითხვა. საშველი თითოეულ ქართველშია, ჩვენშია. თითოეულმა უნდა ,,ხმალამოღებული“ ვებრძოლოთ ბარბარიზმებს. გახსოვთ ალბათ, საქართველოში მოძრაობაც კი ჩამოყალიბდა ,,არა ბარბარიზმებს“. როდესაც თითოეულის საქმედ იქცევა ბარბარიზმების წინააღმდეგ ,,ხმის ამაღლება“, ბარბარიზმებზე უარის თქმა, ენასაც ეშველება და პრობლემაც გადაწყდება. ენაში უნდა შემოვიდეს უცხო სიტყვები, ნეოლოგიზმები, რაც აუცილებელია ენის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სხვაგვარად შეუძლებელია ენამ ასახოს სინამდვილე, მაგრამ ახალი უნდა შემოვიდეს აუცილებლობის შემთხვევაში და არა თვითდინებით... ქართული ენა ჩვენი სიამაყეა, მისი სიწმინდის დაცვა - უპირველესი მოვალეობა. როცა გავითავისებთ ჩვენს ვალს ჩვენი ენის წინაშე, საქმესაც ეშველება.

ერთსაც აღვნიშნავ, ყველა ეპოქას თავისი გამოწვევები ჰქონდა. ქართულ ენას ყველა ეპოქაში გარკვეულად უჭირდა. აკაკი წერეთელი აღნიშნავს ერთგან ,,დარბაისლური ქართული თათრულმა შექაქანებამ შეცვალაო“. ასეთია ჩვენი ბედი, ქართულს ხან ,,სპარსული შექაქანება“ ცვლის, ხან რუსული, ხანაც - ინგლისური... ყველა თაობა თავისებურად ზრუნავდა ქართული ენის სიწმინდეზე. შორს წასვლა არ გვინდა. მეცხრამეტე საუკუნის ამბები გავიხსენოთ: როგორი ბრძოლაა გაჩაღებული სალიტერატურო ქართულის სიწმინდეზე, როგორც იტყვიან, არაფერს არჩენენ ერთმანეთს. და ვინ ,,ებრძვის“ ვის? აკაკი - ვაჟას, აკაკი - იაკობ გოგებაშვილს, აკაკი -ივანე მაჩაბელს, დავით კლდიაშვილს... მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშიც გრძელდება ზრუნვა ქართულისადმი, გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილისა და კონსტანტინე გამსახურდიას როლი ქართული სალიტერატურო ენის გაჯანსაღებისათვის. როგორც აღვნიშნე, ენა მწერლის მთავარი იარაღია, შესაბამისად, საზრუნავიც. არც დღეს აკლია ენას მზრუნველი ხელი, ჩვენი თანადგომაც რომ იყოს... პრობლემაც მოგვარდება. ხალხის ერთიანობა დაუძლეველი ძალაა!

_ რა არის თქვენთვის ქართული ენა?

_ ეს რა კითხვა დამისვი, რა დღეში ჩამაგდე? მართლაცდა რაა ქართული ენა ჩემთვის, რიგითი ქართველისათვის? არ მიფიქრია, ასე სახელდახელოდ ვერ გიპასუხებ, მოვიფიქრებ და სხვა დროს ვისაუბროთ ამ თემაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა