გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ლიტერატურული კონკურსი

სურათი

დიანა ნაკაიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტია. მხატვრული შემოქმედებით გატაცებული გოგონა პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში გამართული ლიტერატურული ბანაკის მონაწილეა, ვინც საქართველოს ათი უმაღლესი სასწავლებლიდან შერჩეულ სტუდენტთა რიგში აღმოჩნდა.

ამბობს, რომ წერას სხვადასხვა მიმართულებით მიჰყავს... მიაჩნია, რომ საკუთარ თავს მორიგი სვლა უნდა აიძულო...

_ დიანა, პირველ რიგში გვესაუბრე შენს შესახებ...

_ არაერთხელ მითქვამს, რომ რთულია საკუთარ ყოფასა და ყოფნაზე საუბარი, მაგრამ საინტერესოა ყოველგვარი მცდელობა უკეთ გამოხატვის გზების საძიებლად. ამჯერად, სტუდენტური თვალით გაგეცნობით და გეტყვით, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურსელი გახლავართ. პანდემიიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი სემესტრი გავატარე და ის დრო, რომელსაც ახლა ვატარებ. შესაბამისად, ჯერ არ მომეცა შესაძლებლობა საკუთარი თავის გამოხატვის ყველა ფორმა მეცადა.

მიყვარს წერა და ხატვა... ძიების პროცესია ის, რაც თავს ცოცხლად მაგრძნობინებს. სწორედ ამ მიზეზით ვმონაწილეობდი უნივერისტეტში გამართულ საერთაშორისო წერის კონკურსზე, სადაც საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილი მოვიპოვე პირველკურსელთა კატეგორიაში. მინდა აღვნიშნო, უნივერისტეტის ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი, რომელმაც საშუალება მოგვცა მე და დანარჩენ კლუბის წევრებს, გვემოგზაურა ლიტერატურულ სამყაროში და ასევე, შევხვედროდით პოეტ ვახტანგ ჯავახაძეს.

_ რა ეტაპები გაიარე იმისთვის, რომ მონაწილეობა მიგეღო UNESCO-ს პროექტ ,,თბილისი - წიგნი მსოფლიოს დედაქალაქი“-ს ფარგლებში გამართულ ლიტერატურულ ბანაკში?

_ წერის პროცესმა, რომელსაც ხან საით მივყავარ და ხანაც საით, ,,თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქია“- ს ლიტერატურულ ბანაკში გადამისროლა. პირველი ეტაპი სამოტივაციო წერილი იყო. დიდხანს ვფიქრობდი, მეცადა თუ არა, მაგრამ ლიტერატურა რაღაცებს მეტად ამსუბუქებს, ჩემს სიტყვებს კი სიმსუბუქე აკლდა.  შემდეგ იყო გასაუბრების ეტაპი და საქართველოს მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლებიდან კონკურსის მეშვეობით შერჩეული 10 მონაწილე ბაკურიანის გზას დავადექით.

_ ვინ უძღვებოდა სალექციო კურსს და რა ფორმატით განხორციელდა პროექტი?

სალექციო კურსს მწერალი და ჟურნალისტი დათო გორგილაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი ნიკა აგლაძე, ჟურნალისტი და პროზაიკოსი რუსუდან რუხაძე და სცენარისტი ქეთი დევდარიანი უძღვებოდნენ.

ოფლაინ ფორმატმა ჩვენი წილი შიგნით არსებული ლიტერატურული სიყვარული ერთმანეთს უკეთ გააცნო და დაამეგობრა. რაც მთავარია, ბევრი ამბის წამოღება შევძელი.

_ პროექტში მონაწილეობის შემდეგ, ახალი იდეა ხომ არ დაგისახავს მიზნად?

_ ამბები, რომლებიც გაზიარების განცდას ბადებს, მუდამ ასაზრდოებს ადამიანს. მე მინდა იქ მოსმენილი ამბები და გამოცდილებები გავაზიარო, ამიტომაც, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მცირე ლიტერატურული შეხვედრას გავუწიო ორგანიზება  და სტუდენტებს პატარა საიდუმლოებების ამოხსნაში დავეხმარო.

_ არაერთი სატელევიზიო გადაცემა გვინახავს, სადაც მშობლები მუდმივად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათ შვილები ინტერნეტით მიღებულ ინფორმაციას ანიჭებენ უპირატესობას და ნაკლებად სურთ კლასგარეშე ლიტერატურასთან ურთიერთობა. რას ურჩევდით მომავალ თაობას?

_ მარკ ტვენი ამბობდა ერთგან, რომ არ უნდოდა სასკოლო განათლებას ხელი შეეშალა მისთვის განათლების მიღებაში. მუდამ არის ირგვლივ რაღაც, რაც აღმოსაჩენია... ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენი რამ გვაშორებს ამ ჭეშმარიტებასთან.  როგორც პრუსტი ამბობს, მას არავინ გამოგიგზავნით ფოსტით.   ამიტომაც, მუდამ უნდა ვიყოთ ძიების პროცესში.  რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ სიცოცხლეს ვირტუალურ სამყაროში ვერ იპოვი. რაც კი ცოცხალია, უფრო დიდხანს არის ჩვენთან და მით მეტად ააღელვებს ჩვენს სულს...

რჩევები იმდენადაა სასარგებლო, რამდენადაც უსარგებლო, მე კი არ ვიცი ეს როგორ შეიძლება ფორმირდებოდეს ადამიანში. ამიტომ უნივერსალურ ან სულაც უინტერესო რამეს ვიტყოდი, რომ მუდამ აიძულო საკუთარ თავს სვლა!

_ დიანა, რომელია შენი სამაგიდო წიგნი და რატომ?

წიგნები სამაგიდოდ მაშინ იქცევა, როცა საერთო წერტილებს ვპოულობთ მასში. ასეთი წიგნები ჯერჯერობით რამდენიმეა, რომელთაც ხშირად ვუბრუნდები და ვიხსენებ. ამჯერად, ალბათ ბევრისთვის უცნობ წიგნს, სადეყ ჰედაიეთის ,,ბრმა ბუ“-ს დავასახელებდი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული მონოლოგია ეგზისტენციალურ მარტოობაზე.

მთავარი მოქმედი პირი, საკლამეების მხატვარი, წერს იმისათვის, რომ საკუთარ ჩრდილს უკეთ გააცნოს თავი. ჰალუცინოგენური ამბების ხმა მუდამ იცვლება, ცვალებადობა კი ზღვარს აქრობს რეალურსა და არარეალურს შორის -  შენ იკარგები!

...და ყველაზე მთავარი, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ იწყება - შენ გსურს უკეთ გაიცნო საკუთარი თავი და დაიკარგო იმ უღრან ტყეებში, რომლისგანაც სრულიად მარტოს გიწევს თავის დაღწევა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა